“ნატო-ს სჭირდება საქართველო, საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტური პარლამენტი და აქვს დამოუკიდებელი სასამართლო.” – აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითად, შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და რომ ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ის.
აშშ-ს ყოფილი ელჩი ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს.
იან კელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც ცდილობს, ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იყოს:
“ნატო-ს სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო და ჰყავს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია ამ ორის წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც ამის მისაღწევად მუშაობს.” – წერს აინ კელი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს გამოეხმაურა და საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა – საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი – ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით და რწმუნებით აღნიშნა, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს ის.
NATO does need Georgia — a Georgia that has a pluralistic parliament, an independent judiciary, and a government that is accountable to both. All friends of Georgia should support those who are working to achieve it. https://t.co/l6IIk2J8ad
— Ian Kelly (@ikelly731) April 4, 2021
