ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს. ამიტომ, ყველამ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, – ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელში პრემიერის ვიზიტის შემდგომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული, ფუნქციონალური პარლამენტი, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი, ყველა ის პარტია რომელმაც მიიღო მანდატი.
მისივე თქმით, ეს ძალიან მკაფიო გზავნილია არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის მხრიდან, ევროპარლამენტის მხრიდან.
„ევროკავშირში ჩვენი ვიზიტის შეფასებისას არ შეიძლება, არ აღინიშნოს ის შეფასებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საერთაშორისო სამონიტორო მისიის მიერ ასახული დასკვნები არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. ვიხილეთ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული, ფუნქციონალური პარლამენტი, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი, ყველა ის პარტია, რომელმაც მიიღო მანდატი. ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის მხრიდან, არამედ ევროპარლამენტის მხრიდან.
არ მოვაწერთ ხელს ისეთ შეთანხმებას, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.
ჩვენ, ყველამ ერთად ვიხილეთ მათი მკაფიო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, არჩევნებს აქვს მაღალი შეფასება, მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ყველა ჩვენი მეგობარი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ შევიდნენ პარლამენტში, პარლამენტი იყოს ფუნქციონალური, მრავალაპარტიული.
ყველა ის საკითხი, რომელზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი, იყოს განხილული პარლამენტის ფორმატში. თქვენ იხილეთ ის საჯარო განცხადებები, რომლებიც ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა. არაფერი დამალული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, შეხვედრები ინტენსიური იყო, ძალიან დატვირთული და შინაარსიანი. ჩვენს პარტნიორებს და ჩვენც გვსურს, პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმ ფონზე, როდესაც ასეთი სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. როგორ წარმოგიდგენიათ, დაუსრულებლად რომ მიმდინარეობდეს ეს პროცესი, მაშინ როდესაც ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური სიტუაცია არის შეცვლილი, ვხედავთ რუსეთის უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ საფრთხეებს, რომელიც მომდინარეობს ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ გაქვს გამოწვევები ისეთი მიმართულებით, როგორიც არის პანდემია. მთელი ევროპა ებრძვის პანდემიის ახალ მესამე ტალღას. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები არის კომპრომისზე დაფუძნებული და მოლაპარაკებებზე წინაპირობები, დათქმებით წასვლა ნიშნავს მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეყვანას. ხელისუფლების მხრიდან ნება გამოვლენილია და ეს არის უკვე დადებული მოლაპარაკების მაგიდაზე. იგივე ის ფაქტი, რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, ასევე მზაობა არის ხელისუფლების მხრიდან, მართლმსაჯულების რეფორმა განხორციელდეს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ყველაფერი ერთად ვერ მოხერხდება, ეს სწორედ ოპოზიციის ჩართულობით უნდა მოხდეს.
ჩვენ ვიხილეთ ჯეიმს აპატურაის ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-ს მხრიდან, რომ ბოიკოტი არ არის ნორმალური ცივილიზებული ევროპული დემოკრატიისთვის, ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს. ამიტომ, ყველამ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.