8 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“, სპიკერი, ტრენერი, კონსულტანტი ალექსანდრე ჯეჯელავა სტუმრობდა, რომელმაც მდიდარი გამოცდილების ფონზე საკუთარი წარმატების ფორმულა გაუზიარა მსმენელს.
მონაცემები:
• კომაროვის სკოლის ოქროს მედალოსანი, მათემატიკის და ფიზიკის ოლიმპიადების გამარჯვებული
• თსუ გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრი კომპიუტერული მეცნიერებების განხრით
• ESM ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ზოგადი მენეჯმენტის განხრით
• საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი და ტრანსფორმაციული ქოუჩი
• სხვადასხვა დროს ასწავლიდა თავისუფალ უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, გრენობლის ბიზნეს-სკოლაში, ჯიპაში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში.
• მისმა დაფუძნებულმა ტრენინგ-ცენტრმა, მართვის აკადემიამ, სხვადასხვა მიმართულებით გადაამზადა 7,000-ზე მეტი ქართველი მენეჯერი.
• გახლდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
• ტექნოლოგიების, სტრატეგიული განვითარების და საკონსულტაციო მიმართულებით საქართველოში და უცხოეთში ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული.
– ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაჯამებთ 2020 წელს, რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ
– ყველაფერი შეფერხდა და პირველ რიგში ის გიჟური ტემპი შენელდა, რომლითაც თანამედროვე საზოგადოება ცხოვრობს. ხშირად ადამიანს ავიწყდება რისთვის ცხოვრობს, მუდმივ მოძრაობაშია, უამრავ საქმეს აკეთებს, უამრავ ადამიანთან ურთიერთობს და მხოლოდ გარე ფაქტორების ზეწოლით თუ ჩერდება, არადა, პერიოდულად ყველას სჭირდება გაჩერება და უკვე გავლილის შეფასება. პანდემიამ სწორედ ეს არანორმალური ტემპი შეანელა, რაც ერთის მხრივ, საზიანო აღმოჩნდა, რადგან უამრავი საინტერესო გეგმა და პროექტი ჩაიშალა, მაგრამ მეორეს მხრივ, აუცილებელი იყო, რათა ადამიანებს სული მოეთქვათ, საკუთარი თავი და გარემო შეეფასებინათ. გარდა ამისა, პანდემიამ ყველაფრი ახლებურად დაგვანახა – ტექნოლოგიური შესაძლებლობების, სწავლების მეთოდების, ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობის ჩათვლით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ პანდემიამ დააბრუნა ყველაფერი თავის ადგილას და ადამიანებს ძირითადი ღირებულებების გადაფასების საშუალება მისცა. დღეს ადამიანები საკუთარ ოჯახებზე, შვილებსა და მშობლებზე უფრო მეტს ფიქრობენ და ზრუნავენ, ვიდრე კარიერაზე. მართალია, თავიდან ყველას გაგვიჭირდა შეზღუდვების მიღება, მაგრამ როცა ახლობლების, საყვარელი ადამიანების გარემოში სითბო, სიყვარული და კომფორტი ვიგრძენით, მერე ყველას მოგვეწონა იზოლაცია. ტექნოლოგიურ სფეროს თუ განვიხილავთ ამ შემთხვევაშიც იყო ცვლილებები, ნამდვილი ინოვაციები სწორედ ძველი წყობის არევის შედეგად იბადება, რისი მოწმეც 2020-ში გავხდით.
– ტექნოლოგიური თვალსაზრისით რამდენად მზად იყო ამგვარი არეულობისთვის ქართული ბიზნესი, საგანმანათლებლო სისტემა და ზოგადად საზოგადოება?
– მთავარი შინაგანი მზადყოფნაა, უნარი იყო მოქნილი და სწრაფად მოერგო ნებისმიერ სიტუაციას. ტექნიკური ცოდნის მიღება ნაკლები პრობლემაა, რადგან ყოველთვის ისწავლი იმას, რაც არ იცი. ყველაზე რთული მიუღებლობაა, როცა ადამიანი ჯიუტად არ ეპუება არსებულ სიტუაციას. მაგალითად, საშინელი პანიკა გამოიწვია დისტანციურმა სწავლებამ, გამუდმებით ჩიოდნენ პედაგოგები და მშობლები, არადა ბევრად უკეთესი იქნებოდა ყველას ერთად ეზრუნა პროცესის გამარტივებაზე. ბევრი ფიქრობდა, რომ პანდემია სწრაფად დასრულდებოდა და ისევ ძველ რეჟიმს დაუბრუნდებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მოუწია არსებული რეალობის მიღება, მას მორგება და ქცევის ახალი წესების შემუშავება. ადრე ონლაინ-შეხვედრის მოწყობა არასერიოზულად ითვლებოდა, თუმცა ახლა, ზოგი 10-15 ამგვარ შეხვედრას მართავს დღეში.
– თქვენი აზრით, რა სჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტად და რას ნერგავთ სასარგებლო არხით FlowMaster?
– ქართველებს ძალიან უყვართ და უნდათ სწავლა, რაც ნათლად გამოვლინდა პანდემიის დროს, როცა ყველაფერი შეიზღუდა. სხვების მსგავსად ჩვენც მივმართეთ უფასო ლექციების კურსს, რათა უფრო მეტ ადამიანს გასჩენოდა მოტივაცია და შესაძლებლობა შეეხედა გარემოსთვის ახლებურად. მოგვიანებით კურსი YouTube-ს ერთგვარ არხად – Flowmaster. online-ედ ვაქციეთ, სამომავლოდ კიდევ ვგეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რადგან გვინდა, რომ ზრდასრულთა განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
– ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ წარმატებული ადამიანი საშუალოდ 6 პროფესიას იცვლის ცხოვრების მანძილზე
– აბსოლუტურად გეთანხმებით. 21-ე საუკუნეში ადამიანებს ნებისმიერ სიტუაციაში და ასაკში შეუძლიათ პროფესიის შეცვლა და ასეც იქცევიან. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები ისინი არიან, ვინც ამ სფეროთი 40-45 წლის ასაკში ინტერესდებიან. მართალია, არსებობს სტერეოტიპი, თითქოს საკუთარი საქმე მაქსიმუმ 20 წლისამ უნდა დაიწყო, მაგრამ სინამდვილეში ამ ასაკში მხოლოდ ცხოვრებას იწყებ, გამოცდილებას იძენ და მერე ფიქრობ თუ რაში შეიძლება ამ გამოცდილების გამოყენება.
– საინტერესო ფრაზა: „თუ არ წახვალ წინ დარჩები თამაშგარე“ გაჟღერდა თქვენს ერთ-ერთ ვიდეოში მუდმივ განვითარებაზე. საინტერესოა, თავად როგორ გამოიმუშავეთ მუდმივად ზრდისა და განვითარების უნარი?
– ჩემი აზრით, საუკეთესო მასწავლებელი იმ ადამიანების მაგალითია, ვის გარემოშიც იზრდები. სწორედ ასეთი მაგალითები მახსოვს ადრეული ბავშვობიდან, რაზეც მაშინ ძალიან მეცინებოდა, ახლა კი, ვხვდები რამდენად დასაფასებელია, როცა ადამიანს 80 წლის ასაკშიც აქვს სწავლის სურვილი და უნარი.
– როგორ უმკლავდებით წინაღობებს?
– დღეს მხოლოდ მოტივაციის მნიშვვნელოვნებაზე საუბრობენ, არადა სირთულეების დასაძლევად დისციპლინა და მუდმივი შრომაც ისეთივე აუცილებელია, როგორც მოტივაცია.
– ოდესმე გიფიქრიათ, რომ რაღაც არ გამოგივათ?
– ძალიან ბევრჯერ. აინშტაინს აქვს ნათქვამი: „მე სხვაზე ჭკვიანი კი არ ვარ, უბრალოდ სხვაზე დიდხანს ვცდილობო“. ვფიქრობ, სწორედ მუდმივი ცდაა წარმატების მთავარი გასაღები, რადგან კარგიც და ცუდიც, ქებაც და კრიტიკაც, მარცხიც და გამარჯვებაც აუცილებლად დასრულდება, მცდელობას, შესაძლებლობების მოსინჯვას კი, არასდროს არ უნდა დავანებოთ თავი.
– უზარმაზარი გამოცდილების და პროექტის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად რით ამაყობთ. როგორ ხვდებით, რომ ერთ სფეროში ამოწურეთ შესაძლებლობები და დროა დაიწყოთ ახალი?
– ნამდვილად არ ვიცი, რატომ ვარ ასე მოწყობილი, მაგრამ ხუთ წელიწადში ერთხელ მიჩნდება ყველაფრის შეცვლის და ახლის დაწყების სურვილი. მართალია, ბევრს გაუმართლებლად მიაჩნია, როცა გავლენიან პოზიციას, თუნდაც TBC Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილეობას ან საკუთარი ხელით შექმნილ ტრეინინგ-ცენტს ვთმობ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. სიმართლე ვთქვა, კომფორტის ზონას არასდროს ვიწყობ, ამიტომ არც მისი დატოვება მიჭირს.
– რას გეგმავთ 2021 წელს?
– ძალიან გვინდა, რომ 2021 წლის ბოლოს ჩვენს YouTube-არხს რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავდეს. დღეს მხოლოდ 2 ათასით შეგვიძლია ვიამაყოთ, თუმცა იმედი მაქვს წლის ბოლოს მათი რიცხვი გაიზრდება და ავტორებიც შემოგვემატებიან, რადგან დღეს მხოლოდ სამნი ვმუშაობთ. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო იდეები მაქვს განათლების პოპულარიზაციის სფეროში. სამწუხაროდ, დღეს ტრეინინგები ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ ყველას არ აქვს მისთვის სასურველი კურსის გავლის, ლექციების მოსმენის საშუალება, მე კი, მინდა, რომ მსგავსი ტრენინგები ყველათვის ხელმისაწვდომი იყოს და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს სრულფასოვანი განათლება ქართულ ენაზე.
– როდის ჩქეფს თქვენთვის ცხოვრება?
– არსებობს მოდელი, რომლის თანახმად მაშინ ჩქეფს ცხოვრება, როცა ძალიან რთული პრობლემები გაქვს გადასაწყვეტი და მოკლე პერიოდში გიწევს ახლის შესწავლა.
– ძალიან მნიშვნელოვანია ახლის მოკლე დროში შესწავლის უნარი. საინტერესოა ამ თემაზეც ხომ არ გაქვთ ტრენინგები?
– მართლაც აუცილებელი უნარია, მაგრამ ამ თემაზე ჯერ არ მიმსჯელია საჯაროდ. თუმცა ძალიან საინტერესო დოკუმენტი – „21-ე საუკუნის უნარები“ შექმნა გერომ, რომლის თანახმად წარმატებული ადამიანისთვის უნარების 12 ჯგუფი არსებობს, ერთ-ერთი მთავარი მათ შორის კი – მედია-წიგნიერებაა, რომელიც მედია სიცრცეში ადამიანის სწორად ნავიგაციას გულისხმობს.
– რა თვისებას ანიჭებთ უპირატესობას თანამშრომლების შერჩევისას?
– ადამიანს საქმის მთელი გულით კეთების უნარი აქვს, რომელსაც ვერაფრით ჩაანაცვლებ. სწორედ ასეთ გულანთებულ ადამიანებს ვეძებ, თუმცა პოვნაა ძალიან რთული. ამასთანავე, ადამიანმა მოსვლაც დროული უნდა იცოდეს და წასვლაც, მუდმივად ერთ ადგილას გაჩერება, როგორი კომფორტულიც არ უნდა იყოს, მაინც არ ვარგა.
– რას თვლით მთავარ გამოწვევად?
– ბევრ რამეს. ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს, რადგან რამდენიმე სფეროზე ერთდრულად ვხარჯავ ენერგიას, რასაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ყოველთვის უამრავი იდეა მაქვს, ერთის კეთებას ვიწყებ და უკვე მეორეზე ვფიქრობ. ამასთნავე, მაქსიმალურად ვცდილობ ჩემმა საქმიანობამ ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში არ შემიშალოს ხელი.
– რამდენად გეხმარებათ იუმორის გრძნობა საქმეში?
– მეხმარება, რათა ზედმეტად სერიოზულად არ შევხედო საკუთარ თავს და საკუთარ საქმეს. ამასთანავე, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათ კი, პირველ რიგში სწორედ ჩემი პოზიტიური განწყობა ახსენდებათ.
– რას ნიშნავს თქვენთვის სტუდენტებთან ურთიერთობა და რით ინტერესდებიან ახალგაზრდები ყველაზე მეტად?
– დარწმუნებული ვარ, რომ 21-ე საუკუნის ახალგაზრდები ყველაზე მაგარი ქართველები არიან, როგორც ფიზიოლოგიით, ისე ინტელექტით, ემოციებით და შესაძლებლობებით. მთავარია, ხელი არ შევუშალოთ, წინ არ გადავუდგეთ და ყველაფერს თვითონ მიაღწევენ, მომავლის იდეალურ სამყაროსაც თავისუფლად შექმნიან.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– სამწუხაროდ, ზოგჯერ ზედმეტად სწრაფადაც მჩვევია გადაწყვეტილების მიღება.
ბლიცკითხვები:
– მართვის აკადემიის სლოგანი?
– „განათლება ყველასთვის!“
– ხართ თუ არა კოლექციონერი?
– ძალიან მიყვარს კარგი ადამიანების და ანეგდოტების შეგროვება.
– წიგნის კითხვის რა წესს მიიჩნევთ მართებულად?
– პირადად მე ცოტ-ცოტას და ხშირ-ხშირად ვკითხულობ.
– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– დედას და სინდისს.
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ დღის განმავლობაში?
– „მაგარია!“
– შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანეთ ჟურნალისტისგან?
– ძალიან მაღიზიანებს შეკითხვები, რომლებიც პასუხსაც გულისხმობენ.
– რას ნიშნავთ თქვენთვის ზრუნვა?
– საკუთარი თავის და სურვილების უკანა პლანზე გადატანა.
– საჩუქარი, რომლის მიღება ყოველთვის გახარებთ?
– ვფიქრობ, კარგი ადამიანის მოკითხვაზე ძვირფასი საჩუქარი არ არსებობს.
– გატაცება, რომელიც აქამდე არავისთვის გაგიმხელით?
– გიტარაზე ვუკრავ და ვმღერი.
– რაზე ფიქრობთ ახლა?
– მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ამ ფორმატით დიდი ხანია არ ვყოფილვარ ეთერში.
– წიგნის დაწერას ხომ არ გეგმავთ?
– ცოტა ხნის წინ ვაპირებდი, თუმცა გადავიფიქრე.
– რა მთავარი თვისებებია საჭირო წარმატების მისაღევად?
– მთავარი – კარგი გარემოა. ნათქვამია, „თუ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ხარ, სასწრაფოდ გაიქეცი, რადგან იქ ვერაფერს ისწავლიო“, ანუ განვითარებისთვის ადამიანს მასზე ჭკვიანი და განათლებული ადამიანების გარემო სჭირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია დისციპლინაც, რადგან მოტივაცია წარმავალია, თუმცა უმთავრესი მაინც გრანდიოზული იდეაა, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს. კიდევ ერთი გამოთქმა მახსენდება: „როცა იბადები ორიგინალად, ნუ მოკვდები ბანალურ ასლად!“ ვფიქრობ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და საკუთარი გზა ამ ცხოვრებაში.
გადაცემის აუდიოჩანაწერი