LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა

103

სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.

როგორც ”ფორტუნას” ”ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან” აცნობეს, ახალი ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წლის 19 აპრილს განთავსდა.

ფასიანი ქაღალდების ვადიანობა შეადგენს 5 წელს (დაფარვის თარიღი 2021 წლის 26 აპრილი), შემოსავლიანობა 7,00%-ს, ხოლო გადასახდელი წლიური საპროცენტო განაკვეთი ე.წ. “კუპონი“ – 6,75 %-ს.

ევროობლიგაციების განთავსებას წინ უსწრებდა “როუდ შოუები“ დიდ საფინანსო ცენტრებში, რომელიც კორპორაციის მენეჯმენტმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამართა.

კორპორაციაში აცხადებენ, რომ ევროობლიგაციების რეფინანსირება საშუალებას მისცემს სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” გააძლიეროს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია და ასევე ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურებისა და მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტების განავითარება.