LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლას მიესალმება

175

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლას მიესალმება და გადაწყვეტილებას “ბიზნესის სასარგებლოდ მიღებულს” უწოდებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმთან გამართულ შეხევდრაზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი კოტრიკაძემ განაცხადა მთავრობის ინიციატივა უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.

“ცალსახად უნდა ითქვას, რომ ესაა ბიზნესის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული მოდელის შემოღება კომპანიებს საშუალებას მისცემს გამოათავისუფლონ უფრო მეტი სახსრები, გააკეთონ რეინვესტიცია, რაც გაზრდის ინვესტიციებს ქვეყანაში. უცხოურ კომპანიებს გაუჩნდებათ ინტერესი კაპიტალი დააბანდონ საქართველოში და დაასაქმონ ადამიანები“, – განაცხადა კოტრიკაძემ.

კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა კი მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადის ახალი წესი მიმზიდველს გახდის ინვესტიციებს ქართულ კომპანიებში.

„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მისასალმებელია, რადგან ბიზნესს ექნება საშუალება, დაზოგოს ის თანხები, რომელსაც წინა პერიოდში იხდიდა მოგების გადასახადის სახით. ეს გაზრდის კომპანიებში ლიკვიდურობას, განვითარებისთვის მისცემს დამატებით თანხებს. ინვესტორებისთვის კი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან მოგების გადასახადის ახალი წესი მიმზიდველს გახდის ინვესტიციებს ქართულ კომპანიებში“, – აღნიშნა ვასილ ხორავამ.

ფინანსთა მინისტრმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნო, რომელიც ეხება მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g