„პროექტი ცხრა კანონს მოიცავს და მუშაობის შედეგად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გასწია, უფრო დაუახლოვდა NATO-სა და ამერიკის სტანდარტს“, – აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა და თქვა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი მთლიანობაში თავდაცვის მიმართულებით ბევრ საკითხს აწესრიგებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, კოდექსის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ ევროპის სარდლობის იურისტი სპეციალისტები და ეს დოკუმენტი თანამედროვე საკითხებს პასუხობს.
„რაც შეეხება ეროვნული ახალწვეულების სამხედრო სამსახურს, პირობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი.
ასევე სიახლეა ის, რომ სტუდენტებისთვის ჩნდება შესაძლებლობა, ამორჩევით გაიარონ ახალწვეულების სამსახური ქვედანაყოფებში და მათი მსახურობის პერიოდი გადანაწილდება თვეების მიხედვით. ეს თავდაცვის სამინისტროს გეგმის ნაწილი იქნება.
ეს გაკეთდება შაბათ-კვირების ხარჯზე, თუ არასასესიო პერიოდში, ზაფხულის პერიოდში ეს შემდგომი დაგეგმვის ნაწილია. თუმცა სიახლეა, რომ ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენატის ან სერჟანტის წოდება, რაც თავდაცვის ძალების სარეზერვო კომპონენტს მნიშვნელოვნად გაზრდის“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია ტოტალური თავდაცვის პრინციპებზე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
„სწორედ აღნიშნული ჩანაწერი მოემსახურება მომავალში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ასევე სიახლეა ის, რომ კანონში გაიწერება მოხალისეების შესახებ საკითხი და მოხალისეებს შესაბამისი სტატუსი მიენიჭებათ, რაც ასევე ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტოტალური თავდაცვის პრინციპზე წინააღმდეგობის გაწევის გაძლიერებას.“ – აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის.