7 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დამფუძნებელი ზაზა გოგოტიშვილი სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა და პირველი პროექტები ბათუმში განახორციელა. დღეს კომპანია 3 ათასამდე თანამშრომელს აერთიანებს, მისი მოქმედების არეალი კი, მთელ საქართველოზე ვრცელდება.
– ბატონო ზაზა, 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში უამრავი სირთულისა და ბარიერის დაძლევა მოგიხდათ, თუმცა მაინც შეძელით წარმატების მიღწევა. საინტერესოა, როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა?
– ნამდვილად ვერ დავიკვეხნი განსაკუთრებული ისტორიით. უბრალოდ პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები შევიკრიბეთ და საკუთარი საქმის დაწყება გადავწყვიტეთ. მართლაც უამრავი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ მიხარია, რომ 31 წლის შემდეგაც ერთად ვართ.
– სამწუხაროდ, ქვეყანაში პროფესიონალების სერიოზული დეფიციტია, თქვენს კომპანიაში კი პირიქით, არაჩვეულებრივი სპეციალისტები შეიკრიბნენ. როგორ მოახერხეთ ასეთი ძლიერი გუნდის შეკვრა?
– გუნდის სიძლიერეს საქმის ერთგულება და მოტივაცია განაპირობებს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ კომპანიის განვითარება მხოლოდ ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.
– პანდემიამ ყველა სფეროში შეაფერხა მუშაობა. თქვენ რამდენად გაზარალათ გრიპის ვირუსმა და სავალდებულო შეზღუდვებმა?
– 30 წლის განმავლობაში იმდენი სირთულე გამოვიარეთ, რომ ყველა მოულოდნელობას შევეჩვიეთ და არც განსაკუთრებულ პირობებში გვიჭირს მუშაობა.
– მრავალრიცხოვანი პროექტებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე წარმატებულად?
– ალბათ პირველი, რომელიც ერთგვარი მოტივაცია აღმოჩნდა შემდგომი განვითარებისთვის.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– რა თქმა უნდა, ახალ პროექტებს ვეძებთ, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია განვითარება და მიღწეულის შენარჩუნება.
– გაქვთ თუ არა სამსახურში ადგილი, სადაც ისვენებთ და ახალ იდეებზე ფიქრობთ?
– სამწუხაროდ, სამსახურში არასდროს ვისვენებ. განტვირთვის ერთადერთი ადგილი სახლი და ოჯახური გარემოა, თუმცა მათთან ურთიერთობისთვისაც ნაკლებად მრჩება დრო.
– გაქვთ თუ არა აქსესუარი ან თილისმა, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?
– თილისმა ნამდვილად არ მაქვს, საათი და მობილური ტელეფონი კი, სწორედ ის აქსესუარებია, რომელთა გარეშე არასდროს გამოვდივარ სახლიდან.
– თქვენი აზრით, რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ხელმძღვანელს და მას დაქვემდებარებულ თანამშრომლებს?
– ვფიქრობ, მთავარი კოლეგიალურობაა. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ყოველთვის ერთად ვიღებთ.
– რას აქცევთ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?
– მთავარი პარტნიორის ან დამკვეთის პროფესიონალიზმი, საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებულებაა.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყეტილებას?
– ზოგადად დინჯი და გააზრებული გადაწყვეტილება უფრო ამართლებს, თუმცა ყოველთვის არ გვაქვს დიდხანს ფიქრის ფუფუნება.
– ვის მიიჩნევთ თქვენს საუკეთესო მრჩევლად?
– კოლეგებს და პარტნიორებს, რომელთაც ბოლომდე ვენდობი.
– ხართ თუ არა გურმანი და გაქვთ თუ არა კერძი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ამზადებთ?
– ახალგაზრდობაში სოსისი მიყვარდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე კილომეტრი სოსისი მოვხარშე თავის დროზე, ახლა კი, ნაკლებად ვამზადებ კერძებს.
– ხართ თუ არა კოლექციონერი?
– ძალიან მიყვარს წიგნები და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა მაქვს.
– რას მიიჩნევთ საუკეთესო საჩუქრად?
– ძალიან მახარებს, როცა მეგობრების შვილები საკუთარ ნახატებს მჩუქნიან.
– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
– ვფიქრობ, ნებისმიერი საქმის წარმატებას პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს.