ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია – ასეთ შედარებას აკეთებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს პოლიტპატიმრად თვლის და მისი გათავისუფლების მომხრეა.
„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს პიროვნება არის პოლიტიკური პატიმარი, ის უნდა გათავისუფლდეს, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს. მით უმეტეს ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ახლა, ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია. მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა გაახაროს მტერი, უნდა ჭამოს და მიიღოს ის ნივთიერებები და წამლები, რასაც აძლევენ. ვიმეორებ, მხარს ვუჭერთ მის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს, უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, მარტო შუქით, ან მარტო ჩრდილით, არამედ გლობალურად და საკუთარ შეცდომებსაც უნდა შევხედოთ. ქვეყანას უამრავი რამ სტკივა, ქვეყანას ამ პოლიტიკოსებმა უამრავი ჭრილობა, იარა, ვნება მიაყენეს. მერე ჩვენი მოქმედებით ნუ დავაყრით ამ იარებს მარილს და კიდევ ნუ გავამწვავებთ. ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა იმაზე, სად ვიმკურნალოთ, რა ვჭამოთ, როგორი სისხლის ანალიზი გვაქვს, ხელისუფლებაში როგორ მოვიდეთ, არჩევნები როგორ გავაყალბოთ, მერე მოწინააღმდეგე როგორ დავთრგუნოთ, ბიუჯეტი სახლში როგორ წავიღოთ, ნათესავები როგორ დავნიშნოთ თანამდებობებზე, ბიზნესი როგორ გადავუნაწილოთ ოჯახის წევრებს, ცოტა თუ ბევრად ყველა ხელისუფლება ამით იყო დაავადებული, მაგრამ ივანიშვილმა ეს კულმინაციაზე აიყვანა, ჩვენ ეს სასახლე ბოროტების უნდა ჩამოვანგრიოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.