LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნევროზი

116
ნევროზი

ნევროზი მენტალური და ემოციური დარღვევაა, რომელიც ხასიათდება შფოთვითი, დეპრესიული და სხვა სახის შეგრძნებებით. იგი იმდენად სერიოზული დაავადებაა, რომ მის გამო შეიძლება ადამიანი საკუთარ თავში ჩაიკეტოს, გაუქრეს ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვის სურვილი, გაწყვიტოს კომუნიკაცია ახლობლებთან და მეგობრებთან.იგი ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრავმის ან ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობის ფონზე. მისი სიმპტომები მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირად  თავს იჩენს: პანიკა, შიში, სიცივის, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში; სუნთქვის გაძნელება; გულისცემის გახშირება; პულსაციის შეგრძნება; პირის სიმშრალე; გულისრევა; თავბრუსხვევა; შფოთვა; ფორიაქი; დაძაბულობის განცდა; ადვილად გაღიზიანება; ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა; ხანმოკლე მეხსიერების დარღვევა, უძილობა და ა.შ.

3 ტიპის ნევროზს გამოყოფენ, ესენია: ნევრასთენია, ისტერია, აკვიატებების ნევროზი
ნევრასთენიის დროს პაციენტს აქვს საკუთარი თავის მიმართ გადამეტებული მოთხოვნები, რომლის რეალიზაციასაც ვერ ახერხებს. იგი ვლინდება საერთო სისუსტით, ადვილად დაღლით, აპათიით, გაღიზიანებადობით, ხასიათის სწრაფი ცვალებადობით, შრომის უნარის დაქვეითებით, უძილობით.
ისტერიისას ხდება კონფლიქტი პიროვნების გარემოსადმი გადამეტებულ მოთხოვნებსა და სურვილების რეალიზაციას შორის. შეტევები ყოველთვის ვითარდება პაციენტისთვის საინტერესო დამსწრეთა თვალწინ და თვითდაზიანებას არ იწვევს.
აკვიატებების ნევროზის  საფუძველია პიროვნების გეგმებსა და მის რეალიზაციას შორის კონფლიქტი. ადამიანი განიხილავს უამრავ ვარიანტს, მაგრამ მერყეობს და უჭირს ერთი გადაწყვეტილების მიღება. ახასიათებს აკვიატებული აზრები, მიდრეკილია სხვადასხვა სახის ფობიებისკენ.

ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი სხვა მრავალი დაავადების დროსაც შეიძლება განვითარდეს, ამიტომ, ნევროზის დიაგნოზი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს დასმული. ნევროზის მკურნალობა მოითხოვს პაციენტისა და ექიმის მჭიდრო თანამშრომლობას. ნევროზი მნიშვნელოვნად აქვეითებს  პიროვნების  ცხოვრების  ხარისხს,  ადაპტაციას გარემოში, რეალიზებას ცხოვრებაში. სწორი დიაგნოსტირებისა და  ადეკვატური მკურნალობის პირობებში 80%-ზე მეტ შემთხვევაში მდგომარეობა  მართვადი და განკურნებადია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები