საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ New York Travel and Adventure Show-ზე პირველად მიიღო მონაწილეობა და გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედაც დასახელდა.
ორდღიანი ტურისტული გამოფენის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდნენ.
გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან და მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ათამდე კომპანია იყო წარდგენილი.
New York Travel and Adventure Show-ს წელს 25 000-მდე სტუმარი ჰყავდა, გამოფენას საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრო.