ნიდერლანდებში ველოსიპედისტებისთვის გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდება. ქვეყანაში ახალი მობილური აპლიკაცია Da’s zo gefietst („ერთი წამი და უკვე გზაში ხარ“) ამოქმედდა, რომლის დახმარებით ველოსიპედით მოძრავ ადამიანებს შუქნიშანთან ნაკლებად მოუწევთ ლოდინი.
სისტემა საკმაოდ მარტივად მუშაობს: როდესაც ველოსიპედისტი ე.წ. „ჭკვიან შუქნიშანს“ უახლოვდება, აპლიკაცია ავტომატურად აგზავნის სიგნალს. ამის შემდეგ შუქნიშანი ინფორმაციას იღებს და მწვანე სიგნალს ბევრად უფრო სწრაფად რთავს.
ასეთი ჭკვიანი შუქნიშნები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება. ისინი სატრანსპორტო ნაკადს რეალურ დროში აანალიზებენ და პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს ანიჭებენ. ახლა ამ სისტემას ველოსიპედისტებიც დაემატნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე „ველოსიპედურ“ ქვეყნად მიიჩნევა, ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ბევრი მოქალაქე 2-3 კილომეტრიან მანძილზეც კი ავტომობილს ამჯობინებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ასეთი დისტანციების ველოსიპედით დაფარვა სრულიად რეალისტურია და ეს როგორც გარემოს, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობასა და საგზაო მოძრაობას წაადგება.
ახალი აპლიკაციის მიზანი სწორედ ველოსიპედის გამოყენების პოპულარიზაციაა. პროექტის ფარგლებში მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე ტალღით“ არ ისარგებლებენ, ყოველი ველოსიპედით შესრულებული მგზავრობისთვის ქულებსაც დააგროვებენ.
დაგროვებული ქულების გადაცვლა სხვადასხვა ჯილდოსა და ბონუსზე იქნება შესაძლებელი, რაც დამატებით სტიმულს შექმნის იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ავტომობილის ნაცვლად უფრო ხშირად ველოსიპედი აირჩიონ.
ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ საცობების შემცირებას უწყობს ხელს, არამედ ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდასაც მნიშვნელოვნად ეხმარება.