სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება – გავრცელების საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამია დაიბარეს, ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დღესვე საგამოძიებო უწყებაში უნდა მივიდეს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, თუმცა, ტელეკომპანიის ცნობით, გამოცხადების თარიღად 2001 წლის პირველი იანვარია მითითებული.
სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩევლის დავით ჯანდიერის თქმით, მათ არ აქვთ ობიექტური გამოძიების იმედი.
“ეს არის ნეგატიური კამპანია, რომელიც მიმართულია ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. ამით არის გამოწვეული ჩანაწერების გამოქვეყნებაც და გამოძიებაში დაბარებაც. ბუნებრივია, გამოძიების ეფექტიანობაზე საუბარი ზედმეტია და ამის არავითარი იმედი არ გაგვაჩნია იმ პირობებში, როდესაც შსს უწყებაში უთითებს აბსოლუტურად წარმოუდგენელ თარიღს – 2001 წლის 1 იანვარს,” – აცხადებს დავით ჯანდიერი.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრის უკანონდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი დღის წინ დაიწყო.

