LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკა მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში… სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება“ – ნიკა მელიას ადვოკატი

131
გიორგი კონდახიშვილი, ნიკა მელია

„ნიკა მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში – არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივ საფუძვლებს, რა მუხლით და რა საქმით, სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

„ბავშვი შემეცოდა, სანდრო… ასე ამბობს, კი მაგრამ ხვალ უნდა დაეჭირათ და დღეს რატომ დაიჭირესო? ამდენი წლის ექიმი ვარ და ნიკასთვის გირაოს გადახდა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ სასტიკად ამიკრძალა“ – ანზორ მელია

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა:

„ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ეს ეპიზოდი ეხება სასამართლოს შეურაცხყოფას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე და ბრალდება თვეების შემდეგ წარედგინა. მთავარი მტკიცებულება იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა ხმის ვინაობას, რომლის საფუძველზეც ნიკას შეერაცხა აღნიშნული ბრალდება. თუმცა, საქმეში არის სასამართლოს თანამშრომლების – სხდომის მდივნის, მანდატურებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ საქმე არსებით განსახილველად გადასცა. საქმის განხილვა 3 აპრილს ჩაინიშნა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნიკას მიმართ მერამდენე ბრალია, სათვალავი გვაქვს არეული. ნიკა არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე, 2 დღეში არის ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა, სადაც ნიკა ფიგურირებს, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი. ნიკა მელია ჩვენი გადმოსახედიდან არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში. არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივ საფუძვლებს, რა მუხლით და რა საქმით, სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g