პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, ხვალ განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ, პროტესტი გამარჯვებამდე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.
ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალ, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ.
„ხვალ და ზეგ განსაკუთრებით, არის უმნიშვნელოვანესი დღეები. ხვალ, 21:00 საათზე ჩვენ ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვიკრიბებით, რომ გავაპროტესტოთ, ვიდრე რეჟიმი არ ჩამოიშლება და არ გახდება იძულებული, მივიღოთ თავისუფალი არჩევნები. ეს არის თავისუფალ ხალხსა და ავტორიტარიზმის მომხრე ხალხს შორის დაპირისპირება, ეს არის სიმართლე. ეს არის რიგით მე-11 მოწვევის პარლამენტი, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის პარლამენტი, ეს იმ მე-11 არმიის მემკვიდრეა, რომელმაც ერთხელ შეძლო, რომ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაეთელა, მაგრამ მან მეორეჯერ ვერ უნდა შეძლოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მთელი განვითარებული მსოფლიო მხარს გვიჭერს. არავინ არ აპირებს ბრძოლაზე უარის თქმას.
პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ მართლები, პატივი და პრივილეგიაა, ვიყოთ ამ ბრძოლის ავანგარდში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გიორგობაა, რომელსაც ტრადიციულად აღვნიშნავთ, უამრავი ადამიანი იყო დღეს გმირთა მოედანზე პროტესტში მონაწილეობის მისაღებად, ხვალ კი, განუზომლად მეტნი უნდა ვიყოთ. ხვალ, 21:00 საათზე და ველოდებით მთელ საქართველოს. პროტესტი გამარჯვებამდე – ეს არის ხედვაც, სტრატეგიაც, გეგმაც, რომელიც არ შენელდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.