„პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ გიყუროთ. მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს მიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ლისის ტბის ასახვევთან ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე იხილება. სხდომაზე მოწმის სახით იკითხება, სამართალდამცველი ბიჭიკო წოწორია.
მელიას ამ საქმეში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ედავებიან.
როგორც ნიკა მელიამ სხდომაზე აღნიშნა, მას სამართალდამცველებისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
„აქ მოვედი ორი მოტივაციით, 5 თვეა მინიატიურულ საკანში ვარ და ვიფიქრე, აქ ხალხს, ვინც მომენატრა, ვნახავ და – მეორე ვიფიქრე, სახეზე მაინც მეცოდინება ის პოლიციელები, რომლებიც მზად არიან, მორიგ ჯერზე, საარაკო ტყუილები დააფრქვიონ ამ დარბაზში. არ მინდოდა ეს ორი ეგზოტიკურო ადამიანი გამომრჩენოდა. ეს ორი ცრუ ადამიანი არის ეგზოტიკა.
ვიტყვი, რა მოხდა იმ დღეს – წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა, რომელიც „დამოკლეს მახვილივით“ დაგვკიდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მაშინ საჯაროდ ვთქვი, რომ არ ვაპირებ მისვლას კომისიაზე. ამის მერე იფიქრეს, რომ ვაი თუ მელია ისევ გამოიკეტა ოფისში და დაგვჭირდება სპეცოპერაციის ჩატარებაო. ამ მოულოდნელი მძიმე ეფექტის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს, რაღა ხვალინდელ განაჩენს დაველოდოთ, მოდი, ლისზე მოვიტაცოთო. იქ, 50 პოლიციელი იყო, მაგრამ აქ მხოლოდ ორი პოლიციელი მოვა. ეს არის მიზეზი ყველაფრის და თქვენ ამაში დარწმუნდებით… თუ გგონიათ, რომ იმის ხასიათზე ვიყავი, რომ წინა დღით მედევნა პოლიციელებისთვის და მეგინებინა, ასე არ არის. ე.ი. ვერაზე მივაყენე შეურაცხყოფა პოლიციას და 50 ადამიანი დამედევნა. აქ 2 ადამიანი მოვა და გეტყვით, რომ მელიამ შეურაცხყოფა მომაყენაო, რომ ტელევიზიაში მიმავალმა შევაგინე.
პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ გიყუროთ. მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად. დიდი, ახმახი პოლიციელები რომ შემივლენ აქ, გთხოვთ, ამის მერე 5 წუთით განცხადება გამაკეთებინოთ, რადგანაც არათანაბარ გარემოში ვარ. გალია, გალია, გალია და წყალიც არ შემომატანინეს.
მაინტერესებს, ამ საქმეზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ადმინისტრაციულია. მაინტერესებს, ძალა ზნეობის სახით თუ აღმოგაჩნდებათ, თორემ თქვენ ვერ გამათავისუფლებთ მე“, – მიმართა მოსამართლეს ნიკა მელიამ.
