მას შემდეგ რაც ნიკანორ მელიას მხრიდან შეთავაზება მოვისმინეთ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენს კანდიდატს მხარი არ დაუჭირა და ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნაციონალური მოძრაობის შეთავაზების კომენტირებისას აღნიშნავს.
„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენად რეალისტურად მიაჩნიათ პარტიაში მელიას შეთავაზება მხარდაჭერასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუკი საკვანძო პოზიციას ოპოზიციონერი წევრები დაიკავებენ, ბერდია სიჭინავა პასუხობს:
გახარიას პარტიის კანდიდატებს საკრებულოებში მხარს დავუჭერთ, თუ სხვა პოზიციებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები დაიკავებენ: მელია
" მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია და ჩვენთვის მისაღებია, რომ იყოს, კი ბატონო, შემხვედრი წინადადებით შევხვდეთ მათ" - აცხადებს მელია.
„სანამ უშუალოდ მელიას შეთავაზებას განვიხილავთ, უნდა გავიხსენოთ რა მოხდა დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში და მანამდე რუსთავის საკრებულოში რა მოხდა. ორივე შემთხვევა ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება არის ერთი და ქმედებები, რომელსაც მათი წარმომადგენლები ავლენენ მუნიციპალიტეტის დონეზე, სხვადასხვაა.
ჩხოროწყუში კანდიდატები წარმოდგენილი ჰყავდა ორ პოლიტიკურ პარტიას. ერთი იყო ჩვენი პარტია „საქართველოსთვის“ და მეორე იყო „ქართული ოცნება“.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ 12 მანდატი აქვს, „ოცნებიდან“ წარდგენილმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა 13 ხმა მიიღო, პარტია „საქართველოსთვის“კანდიდატმა კი 12 ხმა მიიღო. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მუნიციპალურ დონეზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ერთგვარი კოლაბორაციაა და ერთია შეთავაზება, რომელსაც აჟღერებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მეორეა ქმედებები, რომელსაც ვხედავთ.
გაგახსენებთ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემთხვევას, სადაც ჩვენს პარტიას დასახელებული ჰყავდა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კანდიდატი არ ჰყავდა წარმოდგენილი და ამის მიუხედავად მათ ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს. შესაბამისად სერიოზული მსჯელობა ამ საკითხზე მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს.
ახლა რასაც ვხედავთ მხოლოდ ისაა, რომ მათი სიტყვა და ქმედებები გათიშულია და ცალსახაა, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს უკანონო ბერკეტებს, რაც აპრობირებული აქვს. ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვიდან დაწყებული წინასაარჩევნო პერიოდში, მანდატების ქურდობისა და ადამიანის ზეწოლით დამთავრებული“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ „ფორტუნასთან“ და დასძინა:
„გვჯერა თუ არა პარტიის შეთავაზების გულწრფელობის, ძნელი სათქმელია, მე უბრალოდ ფაქტებს მოგახსენებთ.
მას შემდეგ რაც ნიკანორ მელიას მხრიდან შეთავაზება მოვისმინეთ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენს კანდიდატს მხარი არ დაუჭირა“.
კითხვაზე, პარტიის თავმჯდომარე ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობს და გეგმავს თუ არა გიორგი გახარია უახლოეს მომავალში გააკეთოს განცხადება და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, ბერდია სიჭინავა პასუხობს:
„ბატონ გიორგი გახარიას ზოგადად არასდროს უჭირს ხოლმე კონკრეტული და მკაფიო პოზიციების დაფიქსირება ამა თუ იმ პოლიტიკურ თემასთან დაკავშირებით და თუ ჩათვლის საჭიროდ აღნიშნულ საკითხზეც გააკეთებს განცხადებას. თუმცა პოზიციას, რომელსაც მისი პარტიის წევრები ვაჟღერებთ, არის მისი პოზიციაც და მას თავად გიორგი გახარიაც იზიარებს.
ნიკანორ მელიას ამ კონკრეტული შემოთავაზებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ რეალურად ამ ადამიანებს სრულად მონოპოლიზება უნდათ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ძალაუფლების და თანამდებობების. ჩვენ კი ყოველთვის ბალანსის მომხრე ვართ.
ნიკანორ მელიას განცხადება, რომ ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციონერმა წევრებმა დაიკავონ და „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უმცირესობით არის წარმოდგენილი პასუხისმგებლობა არ აიღონ არსებულ პროცესზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყონ ჩართული, რა თქმა უნდა, არ არის სწორი.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ სისტემურ კოალიციას არ განიხილავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავუშვებთ რომელიმე პარტიის ხელში ძალაუფლების სრულ კონსოლიდაციას და მობილიზებას. ზოგადად, პოლიტიკური პარტიების პრობლემა ისაა, რომ აღიარებენ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მხარს უჭერს და სრულად უგულებელყოფილია მეორე მხარის პოზიციონირება. სწორედ ამის აღმოფხვრა გვინდა და ამის ბერკეტი მოგვცა ჩვენ მოსახლეობამ“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ „ფორტუნასთან“.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ თანახმაა, გაიზიაროს პარტია „საქართველოსთვის“ წინადადება და მხარი დაუჭირონ საკრებულოს თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს.