LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ხატიაშვილი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში

414
Capture

ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივა შეაფასა, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის იდეას ეხება.

რა პერსპექტივა აქვს ალიევის განცხადებას და რამდენად რეალიზებადია იდეა სამშვიდობი პლატფორმის შექმნაზე – ამის შესახებ ნიკოლოზ ხატიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

ხატიაშვილის თვალსაზრისით აზერბაიჯანის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ აღნიშნავს მზაობას და სურვილს, რომ ეს პროცესი გააქტიურდეს.

რა პერსპექტივა აქვს აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სადისკუსიო ფორმატს და რით განსხვავდება ალიევის ინიციატივა, გამსახურდიას „კავკასიური სახლის“ შექმნის იდეისგან

მისი შეფასებით, ინიციატივა მისასალმებელია და ეს ხელს შეუწყობს პროცესის ინკლუზიურობას და ეფექტიანობას. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში.

„რეალიზებადია ეს ინიციატივა, პირველ რიგში გეოგრაფიული სიახლოვე უწყობს ხელს, ასევე ორივე მხარეს საკმაოდ პოზიტიური ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს ორივე ქვეყანასთან აქვს კარგი ურთიერთობები და შეუძლია თავისუფლად, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღოს თბილისში, ასევე, ჩემი აზრით, შესაძლებელია და კარგი იქნება თუ ცალკე, მეორე ფორმატიც გაიხსნება საპარლამენტო დონეზე, სადაც პარლამენტარები, პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. ეს უფრო დიდ არეალს მოიცავს და უფრო მეტი შედეგის და მეტი ინკლუზიურობის შესაძლებლობას მისცემს ორივე მხარეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ინიციატივის შექმნა? – მკვლევარი პასუხობს:

„საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც ენდობა ორივე მხარე, ხოლო რუსეთის ნდობის მაჩვენებელი მინიმუმზეა და საქართველოს რა თქმა უნდა ენდობიან. ასევე საქართველოს აქვს კარგი ურთიერთობა დასავლეთთან და ყველა ეს კრიტერიუმი იძლევა შესაძლებლობას, რომ მოირგოს მედიატორის როლი და პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. გარდა ამისა, ნაკლები ყურადღება ექცევა სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხს საერთაშორისო არენაზე და ამ საკითხის გააქტიურება უფრო დროული იყო ახლა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა რეგიონის უსაფრთხოების გარემო შეაფასა.

„სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე ომი და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობები წარმოადგენს დიდ უსაფრთხოების გამოწვევას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. არსებულ გეოპოლიტიკურ ქარიშხალში, საქართველოს გააჩნია სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ხოლო სომხეთთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სამივე ქვეყანასთან ჩამოყალიბებული კავშირები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს მოცემულობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს რეგიონული მშვიდობის ხელშემწყობი ქვეყანა, სადაც თბილისი გახდება ერთგვარი მოლაპარაკებების არენა სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიაციისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა: ილჰამ ალიევი

magti 5g