9 ნოემბერს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და მუსიკის შექმნის სპეციფიკაზე ისაუბრა.
– ნიკოლოზ, მართალია, საკმაოდ ადრე, 10 წლის ასაკში მოიპოვეთ პოპულარობა, მაგრამ თავად როდის აღმოაჩინეთ საკუთარ თავში მუსიკის ნიჭი და სიყვარული?
– ნამდვილად არ მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა, დედა ხშირად იხსენებდა, რომ სამზარეულოდან სისტემატურად იკარგებოდა დანები, ჩანგლები, კოვზები და როცა მიზეზის მოძიება მოინდომა, აღმოაჩინა რომ მე ვყრიდი აივნიდან, მერე კი, დაცემის ხმას ვაყურადებდი, რადგან ძალიან მაინტერესებდა ჟღერადობა, რომელსაც რკინის ასფალტთან შეხება გამოსცემდა. 3 წლისამ ბაღის ბავშვებს მოვუყარე თავი, ინსტრუმენტები გავუნაწილე, თვითონ კი, ცენტრში დავდექი და დირიჟორობა დავიწყე. ძალიან მრცხვენია ამ ისტორიის გახსენება, რადგან როგორც ამბობენ, მასწავლებელთან “ჩავუშვი” ისინი, ვინც რიტმში დაკვრას ვერ ახერხებდა. როგორც ჩანს, სწორედ იმ პერიოდში გამიტაცა მუსიკამ, პირველი ინსტრუმენტი კი, რომელიც ავაჟღერე – აკორდეონი იყო ჩვენი გუდაუთის სახლიდან. სწორედ გუდაუთაში ვიყავით აფხაზეთის ომის დაწყებისას, წამებში მოგვიწია აბარგება და გაქცევა, მხოლოდ მატარებელში გავაცნობიერე, რომ აკორდეონი სახლში დაგვრჩა და ძალიან გული დამწყდა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ისტორია ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მოვყევი, რამდენიმე თვის შემდეგ კი, სრულიად შემთხვევით დავიბრუნე ჩემი აკორდეონი, რომელიც აფხაზებმა გამომიგზავნეს.
– რამდენად იყენებთ დღევანდელ კომპოზიციებში ბავშვობის ჟღერადობას?
– პერიოდულად ვიყენებ. მაგალითად, ბალეტი “ვერცხლისფერი მზე” სწორედ სამკუთხედებით იწყება და ერთგვარად ასახავს ჩემს ბავშვობას, რაც საკმაოდ გვიან გავაცნობიერე.
– სად პოულობთ შთაგონებას არაჩვეულებრივი კომპოზიციების შესაქმნელად?
– ჩემი შემოქმედება მულტიჟანრულია, ამიტომ ინსპირაციის წყაროც განსხვავებული და მრავალფეროვანია. სიმღერის არანჟირების, გაორკესტრების ან ახალი ვერსიის ჩაწერისას შთაგონებას ავტორების შემოქმედებაში ან იმ მომღერალში ვპოულობ, ვისთვისაც ვმუშაობ, საავტორო ანუ სიმფონიური მუსიკის შექმნისას კი, რომელთა პრემიერა ჩემდა საბედნიეროდ ლა სკლას, ბერლინისა და ჰამბურგის ფილარმონიის სცენაზე შედგა, ინსპირაციას შთაბეჭდილებებსა და ძლიერ განცდებში ვეძებ. მაგალითად, ნაწარმოებზე მუშაობისას, რომელიც ჰოლოკოსტს მივუძღვენი, გავაცნობიერე, რომ 70 წლის წინ მომხდარი ტრაგედია, დღესაც ხშირად მეორდება, რადგან ყველა რეჟიმს თავისი მსხვერპლი ჰყავს.
– თქვენი აზრით, რამდენად აკეთილშობილებს მუსიკა ადამიანს?
– გია ყანჩელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ მილიონობით მელომანს შორის, ვინც სიამოვნებით უსმენს მსოფლიო მუსიკის შედევრებს, თავისუფლად შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მეორე დღეს მკვლელობას ჩაიდენს, რადგან საოცარი სილამაზის მიუხედავად, მუსიკამ მაინც ვერ შეძლო პლანეტის გადარჩენა და ბოროტებისგან დახსნა.
– რომელი პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ძალიან მნიშვნელოვან, ერთგვარ საეტაპო ნამუშევრად ვთვლი “ევრიდიკეს”, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში ერთწლიანი სწავლის ბოლოს დავდგი. აღსანიშნავია, რომ “ევრიდიკეს” პრემიერა 1600 წელს შედგა ფლორენციაში, მედიჩების ქორწილში და ერთ-ერთი პირველი ოპერად იქცა, რომლის პარტიტურა დღემდე შემონახულია. 1990-იან წლებში არავინ ფიქრობდა მის დადგმაზე, რადგან სამუზეუმო ექსპონატად ითვლებოდა, მე კი, მუსიკა გავაორკესტრე და სადებიუტო ნამუშევრად ვაქციე. სხვათა შორის, პრემიერამ, რომელსაც ქართველებთან ერთად ავსტრიული მუსიკალური ელიტაც დაესწრო, მოულოდნელი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამასთანავე, სწორედ მაშინ მივიღე ვენაში სწავლის გაგრძელების შეთავაზება. არანაკლებ სერიოზულ ნამუშევრად მიმაჩნია დავით დოიაშვილის სპექტაკლის “ჯინსების თაობისთვის” დაწერილი მუსიკა, რომელიც თეატრისთვის შექმნილ ჩემს პირველ საავტორო მუსიკად იქცა. ძალიან ვამაყობ მაკა ასათიანის თეატრალიზირებული ჩვენებითაც, რომელიც პანკისის ხეობაში მოვაწყვეთ. მუსიკა გარემოს გათვალისწინებით დავწერე, ამიტომ ზუსტად მოერგო მეტად რთულ პირობებში მოწყობილ დეფილეს და იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ პრაქტიკულად ყველ უცხოურმა ტელეკომპანიამ გააშუქა. 2002 წელს კი, გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას მოვკიდე ხელი და ნატო მეტონიძესთან ერთად გავაკეთე არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იქცა ერთგვარ ისტორიულ, გარდამტეხ ეტაპად.
– როგორ შეიქმნა კომპოზიცია, რომელიც იტალიელ ხალხს მიუძღვენით?
– პანდემიის დროს ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იტალიაში განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა, განსაკუთრებით ემოციური იყო რომის პაპის გასეირნება აბსოლუტურად ცარიელი ვატიკანის ქუჩებში. მაშინ გამიჩნდა იტალიელების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის სურვილი, მით უფრო, რომ უამრავი მეგობარი მყავს იტალიაში. ინტენსიურად ვურთიერთობდი ბრწყინვალე აკორდეონისტთან მარიო სტეფანო პიეტრო დარკისთან, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა კოვიდის მძიმე შედეგებზე საუბრისას. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ ერთობლივი კომპოზიციის შექმნა, რომელმაც არაჩვეულებრივად ასახა ის მძიმე რეალობა, რომელსაც ალბათ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.
– პირადად თქვენ რა პრობლემები შეგიქმნათ პანდემიამ?
– მეტწილად ნეგატიური ემოცია და განცდაა ჩემთვის ინსპირაციის მთავარი წყარო, თუმცა პანდემიის დროს ყველაფერი პირიქით მოხდა და პრაქტიკულად სრულად დავკარგე მუშაობის უნარი. სხვათა შორის, სწორედ პანდემიის წინ გამოვიდა ჩემი და ლიზა ბათიაშვილის ერთობლივი ალბომი City Lights, მართალია, მსოფლიო ტურნეც იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიამ გეგმების შეცვლა და პროექტის გადადება გვაიძულა.
– რომელ ინსტრუმენტზე ისურვებდით დაკვრას?
– ძალიან მინდა გიტარაზე დაკვრის სწავლა, თუმცა ჯერ ვერ მოვახერხე.
– რა თვისებას აფასებთ კოლეგებში ყველაზე მეტად?
– სამწუხაროდ, ხელმძღვანელისთვის აუცილებელი არცერთი თვისება არ მაქვს, ამიტომ დღემდე არ ვიცი, როგორ ვახერხებ 200 ადამიანისგან შემდგარი ინსტიტუციის მართვას. საბედნიეროდ, მთელი ჩვენი სისტემა ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს ეფუძნება და არავინ არ სარგებლობს ჩემი ლმობიერებით, რაც ნამდვილად არ შეეფერება კოლექტიური ორგანიზაციის ხელმძღვანელს. გამომდინარე აქედან, კოლეგებში შინაგანი პასუხისმგებლობის გრძნობას და ჩემი თვისებების მიმართ ტოლერანტობას ვაფასებ. სხვათა შორის, ჩვენი მეგობრობა ერთგვარ ეტალონადაც კი იქცა, რასაც უცხოელი კოლეგებიც ხშირად აღნიშნავენ.
– განსაკუთრებული რიტუალი თუ გაქვთ, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ მიმართავთ?
– აუცილებლად პირჯვარს ვიწერ და ღმერთს ვევედრები, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– სამწუხაროდ, ვერასდროს ვახერხებ სწრაფად გადაწყვეტას.
ბლიცკითხვები:
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?
– ორკესტრთან მუშაობისას ყველაზე ხშირად სიტყვას “სტოპ!” ვიყენებ.
– ფრაზა, რომლითაც საკუთარ თავს ამხნევებთ?
– “არ დაიდარდო!”
– განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
ალბათ, კარგი სერიალის ყურება.
– ვის მიიჩნევთ საუკეთესო მრჩევლად?
– ძალიან ძვირფასი იყო გია ყანჩელის ყველა რჩევა.
– გიტაცებთ თუ არა კულინარია?
– პანდემიის პერიოდში იძულებული გავხდი მესწავლა რამდენიმე კერძის მომზადება.
– რამდენად კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ?
– სიმართლე ვთქვა, სულ ვაკრიტიკებ საკუთარ თავს.
– რა პროფესიას აირჩევდით მუსიკოსი რომ არ ყოფილიყავით?
– ალბათ დამლაგებელი ან კომპანიის ხელმძღვანელი ვიქნებოდი, რომელიც დალაგებასა და დასუფთავებაზე იზრუნებდა.
– საყვარელი ქუჩა თბილისში?
– აღმაშენებლის გამზირი.
– რას დახატავდით გადაცემაში წარმატების ფორმულა?
– მზეს.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებაა უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– ვფიქრობ, მთავარი სწორი აღზრდა და დისციპლინა, ტოლერანტული აზროვნება და საკუთარი თავისთვის უხერხული შეკითხვების დასმის გამბედაობა, რისკი და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარია.