LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბაშარული საცხოვრებლად რაჭაში გადავიდა – „აღარ მინდოდა თბილისში ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე…“

788
ნინო ბაშარული

მომღერალი ნინო ბაშარული დედაქალაქიდან საცხოვრებლად რაჭაში გადავიდა. როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, ამ გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრება უფრო ბედნიერი გახადა. გარდა ამისა, მან ცოტა ხნის წინ თუშეთში შემოქმედებითი საღამო გამართა.

საცხოვრებლად რაჭაში გადახვედით. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

სოფელში დაბრუნებაზე ფიქრი კორონავირუსის პერიოდში დავიწყეთ. ამ დროს უამრავი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს. რთულ პერიოდში იქ იპოვეს ნავსაყუდელი. მეც ვფიქრობ, რომ სოფელია ის ნავსაყუდელი, რომელიც ისევ დაგვაკავშირებს ერთმანეთისგან სოციალური ქსელის გამო გარიყულ და დაქსაქსულ ადამიანებს. რაც მეტი დრო გადის, ბუნებასთან სიახლოვის სურვილი იმატებს. მიწასთან სიახლოვე კი ჩვენ წინაპრებთან გვაახლოებს, კოსმოგონურ ცოდნებს გვიბრუნებს და იმ ფანჯარას გვაღებინებს, საიდანაც მთელ სამყაროს ხედავ, აქ თვალსაწიერი გეზრდება.

თუმცა არ არის მარტივი, მოსწყდე ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას.

მე მჯერა სამყაროში არსებული მინიშნებების და ზუსტად ამ მინიშნებების ჯაჭვს და შინაგან მოთხოვნილებას გამოვყევი სოფელში. აღარ მინდოდა თბილისში ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. არ მემეტებოდა დასატოვებლად ჩემი ქალაქი. თუმცა, რაჭაში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ თბილისში აღარ დავბრუნდები. რა თქმა უნდა, ჩავალ ხოლმე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თბილისის სიყვარულს რაჭიდან უკეთ შევძლებ. თბილისში ბევრი რამ არ მომწონს. პირველ რიგში, არაგულწრფელი ურთიერთობები. სოციალურმა ქსელებმა ადამიანების ქცევები შეცვალეს. ტექნოლოგიებში ჩავიკარგეთ და დედამიწის გულის ფეთქვას მოვწყდით. ადამიანმა კომფორტის ზონაში ყოფნის სურვილის გამო დაკარგა თავისი შინაარსი. ვიფიქრე, რომ თბილისიდან წამოსვლით, ანუ კომფორტის ზონის დათმობით, გავძლიერდებოდი და მეტს შევძლებდი საკუთარი თავისა და ქვეყნისთვის.

რა ბედი ეწევა შემოქმედებით აქტივობებს?

ქალაქიდან სოფელში გადმოსვლა საკმაოდ რთულია. უძველესი, მორყეული სახლის განახლება ბევრად შრომატევადია, ვიდრე ახლის აშენება, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ მამაპაპისეული სახლისთვის შეგვევლო ხელი. ეს იმხელა სტიმულია და იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ შემოქმედებითი მუზითაც მავსებს. ეს გარემო იმდენად ნაყოფიერია, რომ მჯერა ეს ჩემს შემოქმედებაზეც დადებითად აისახება. ბუხარში ცეცხლის ტკაცუნი, შეშის ჩეხის ხმა, ძაღლის ყეფა თუ მამლის ყივილი ისეთი ბგერათა ჰარმონიაა, რომელიც შემოქმედ ადამიანს აუცილებლად მისცემს სიმღერის დაწერის საშუალებას. როდესაც შენში ხელოვნება ბობოქრობს, ვერსად გაჩერდები და მით უმეტეს, ასეთ განსაკუთრებულ გარემოში.

“დავდივარ სოფლიდან სოფელში, და ვხედავ, ქვემოდან იმზირებიან ნაღვლიანი თვალებით რაჭველები, სიმორცხვის უკიდეგანო შეგრძნებით…” – რას წერს ნინო ბაშარული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები