LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავდივარ სოფლიდან სოფელში, და ვხედავ, ქვემოდან იმზირებიან ნაღვლიანი თვალებით რაჭველები, სიმორცხვის უკიდეგანო შეგრძნებით…” – რას წერს ნინო ბაშარული

823
Capture

მომღერალი ნინო ბაშარული, რომელიც ცოტახნის წინ რაჭაში გადასახლდა, შოვის ტრაგედიას ეხმაურება და რაჭაში არსებულ ვითარებაზე წერს.

“დღეს, რაჭაა მთელი საქართველო!

დავდივარ სოფლიდან სოფელში, და ვხედავ, ქვემოდან იმზირებიან ნაღვლიანი თვალებით რაჭველები, სიმორცხვის უკიდეგანო შეგრძნებით…

და მეც ვეღარ ვუყურებ ლაჟვარდ თვალებში რაჭის ცას. მეთაკილება…

სხეულზე ერთი ორგანო რომ ამოგკვეთონ, როგორ უნდა გიხაროდეს რამე, ჩემო ქვეყანავ? მაგრამ, ყველაფერი აწ დასაფიქრებელია!

დღეს, ყველაზე ხმამაღლა, ბუნება გველაპარაკება!

ჩვენ კი ისევ ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება ვართ, აქედან ერთი, მუდამ პოლიტიკის ჭრილში მჭერმეტყველი…

– ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენ თვითონ არ ვუფრთხილდებით რაჭველები რაჭას, მთავრობას მივჩერებივართ – ამბობს რაჭველი სიმონიკა,- ბუნებასთან ადრე ახლოს ვიყავით. მისი ენა გვესმოდა, ვესაუბრებოდით და გვესაუბრებოდა. ახლა, მხოლოდ ვეჩხუბებით და ისიც აგე, როგორ გვპასუხობს – ამბობს ის და თან ცრემლებს ყლაპავს, – წაგვართვა შვილები, დები, ძმები…ჩემი ბაბუა ისეთი გონიერი კაცი იყო მდინარის ფერზე, ნაპრალების გაჩენაზე, ხეების გადაწოლაზე ხვდებოდა ყველაფერს. ბუნების მინიშნებებს აღარ ვაქცევთ ყურადღებას. ეროზია ცოცხალი არსებაა, ამან შექმნა რაჭა! ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ მასთან მეგობრობას. ჩვენ კი, მთავრობის იმედად ვართ სულელები! მათ იმედად რატომ უნდა იყოს ბრძენი კაცი!

ბევრი ვისაუბრეთ, მერე დავემშვიდობე და სანდომიანად ხელი დამიქნია, თავს გოუფრთხილდი ბოშოო…

ამ სიმონიკასი მჯერა მე! და კიდევ იმ მაშველების, ჩვენს მკვდრებს და ცოცხლებს რომ ეძებდნენ გულდამძიმებულნი!

არც ამ ტრაგედიით მოვაჭრე პოლიტიკოსების და მედიის, არც ფოტოების გადასაღებად ჩასულების და არც, პროფილზე შავჰალსტუხიანი, მწუხარე საზოგადოების მჯერა მე!

არავინაა უბრალო ხალხის მხარეზე უბრალო ხალხის გარდა!

ეს ისეთი ღრმად სევდიანი ამბავია, საზოგადოების დასანახად და შენი გმირობის გამოსამზეურებლად არ უნდა იქაჩებოდე. აქ და ახლა, უნდა გაჩუმდე და გაიყუსო. სამყაროს ყური უნდა დაუგდო…ისიც კი, ვინც ამ პოსტის წაკითხვისას, თავის გამოყოფას და წიწინს მოინდომებს, ის უფრო მეტად გაიყუსოს, ჯობია!

გუშინ, ღამე ციცინათელების ჯარი გამოჩნდა…არასოდეს მინახავს ამდენი ერთად, ბავშვობის მერე. კაცის ხელი ბუნებას რომ უხეშად შეეხება, იქ ყველაფერს ანადგურებს. მეგონა, ციცინათელები სამყაროს ჩრდილში მიიმალნენ, შორს ჩვენგან და ახლა, თითქოს დედების ხმაზე გამოენთნენ ერთბაშად… გამოძვრნენ ფუღუროებიდან, მილიონობით, რომ გარდაცვლილ სულებს გაუნათონ გზა სულთა საუფლოში. შეუმსბუქონ ადამიანებს ტკივილი.

როგორი უცნაური ამბავია, არა?

ვისაც და რასაც ბოლოს ვუღებთ ადამიანები, მაინც ჩვენ შემოგვნატრიან!”, – წერს ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში.

ნინო ბაშარული სოფელში გადასახლდა: „რაჭას კიდევ ერთი ოჯახი მივემატეთ.. ეს გადაწყვეტილება თბილისურმა გარემომ მიგვაღებინა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები