LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო დარასელი: ზუსტად იმ დონეზეა ქართული ჟურნალისტიკა, რა დონეზეც არის ქვეყანა

32

გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი ნინო დარასელი იყო. საუბარი მისი საქმიანობის გარშემო წარიმართა.

– დავიწყოთ ყველაფერი თავიდან… შენ ხარ ცნობილი ზაზა დარასელის შვილი, იქონია თუ არა ზეგავლენა ოჯახმა შენს სატელევიზიო კარიერაში?
– პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ პატარა ასაკში მომავალი პროფესიის არჩევანი შეცდომაა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ცდები. მე პირადად, სულ ვიცოდი, რომ უნდა მემუშავა ტელევიზიაში და ჩავაბარე გერმანისტიკაზე, რასაც დღემდე ვერ ვხსნი. ალბათ ყველაფერი იმის ბრალია, რომ ბუნებით ძალიან მშიშარა ვარ და იმ წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. სწორედ ამ შიშმა განაპირობა ის, რომ სხვა ფაკულტეტი ავირჩიე.

– ნინო, როგორ ფიქრობ, შენს ბავშვობაში რომ ყოფილიყო მთელი ეს თანამედროვე ტექნიკა – სმარტფონები, პლანშეტები, რას იზამდი?
– (იცინის) შუქი არ გვქონდა და რაღაც მაინც ვქენი და ეს ყველაფერი რომ ყოფილიყო წარმომიდგენია…

– როდესაც მუშაობა დაიწყე ტელევიზიაში, ბევრმა ჩათვალა, რომ მამის დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი. რა დრო გახდა საჭირო, რომ ეს აზრი გაფანტულიყო?
– არ ვიცი, ბოლომდე გაიფანტა თუ არა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ისტორია კონკიას ისტორიას ჰგავდა და ყველაფერი მოულოდნელად და თავბრუდამხვევად მოხდა. ბუნებრივია, როდესაც ტელევიზიაში მივედი გარკვეული ფორა მქონდა და იქ მომუშავეები უკვე გულით დამხვდნენ, მაგრამ ეს ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ბევრად უფრო დიდი ლუპის ქვეშ ვიყავი, ყველას აინტერესებდა, რას გააკეთებდა „ზაზას გოგო“. ზოგადად ეს ფრაზა – „ზაზას გოგო“ არ მომწონდა, რადგან მეგონა, რომ ყველაფერი ჩემით გავაკეთე და გავაკეთებდი მომავალში, მაგრამ ზაზა შუაში ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში. დრო რომ გავიდა, მეამაყება კიდეც ეს წოდება, უბრალოდ ბევრი რაღაც გავაკეთე იმის მერე, რათა მარტო „ზაზას გოგო“ არ ვყოფილიყავი და ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა.

დღეს ვის მიმართ გაქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა?
– ჩემი შვილების, იმიჯისა და ასაკის მიმართ. ბევრ რამეს სხვაგვარად ვუყურებ და სხვაგვარად ვფიქრობ. მითუმეტეს, ვცხოვრობთ „ფეისბუქის“ ეპოქაში, როდესაც ხალხის კრიტიკის ქვეშ მოხვედრა ყველაზე მარტივია და სიმართლე რომ გითხრათ, რასაც სხვებზე ვკითხულობ, ნეგატიურს, საკუთარ თავზე ვერ გადავიტანდი.  ამიტომ მირჩევია, ჩემთვის ვიყო.

მაგალითად, როდესაც არსებობდა „ანაბეჭდი“ და დღემდე ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი, ვწერდით მარტო მათზე, ვინც მოგვწონდა, სხვა შემთხვევაში საერთოდ არ ვახსენებდით ადამიანს. მაგრამ დღეს განიხილება ყველა, პოზიტიურიც და ნეგატიურიც და სწორედ ეგ მაშინებს მეც.

რატომ დაიხურა ეს ჟურნალი?
– მე არ ვარ კარგი მენეჯერი, მე შემიძლია ნიჭის აღმოჩენა, კარგი თემის მოპოვება, მაგრამ არა შემდეგ ამ ყველაფრის მარკეტინგულად გაშლა და გავრცელება. ალბათ ამისი ბრალია ყველაფერი.
თუმცა, იყო ერთი უპრეცედენტო  ნომერი… ცარიელი ფურცლები.
– კი. ზოგადად, ამ ჟურნალის წარმატება ძალიან ბევრი ადამიანსი დამსახურება იყო. ამიტომ, ვამაყობ, რომ შევქმენით ჟურნალი, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ბევრ ადამიანზე. როდესაც ბოლო ნომერზე  ვმუშაობდი, იქ დავწერე ჩემს სვეტში, რომ გუნდი იშლებოდა, მაგრამ ჩვენი ანაბეჭდები ბევრგან რჩებოდა და ეს ასეც მოხდა, ბევრი ადამიანი, ვინც დღეს საკმაოდ წარმატებული, სწორედ ჩვენი აღმოჩენილია.

ამბობდნენ, რომ ჟურნალს შენი ოჯახი აფინანსებდა…
– დიახ, დედა მომეხმარა გარკვეული პერიოდი. ალბათ, უფრო ჭკვიანურად რომ გადანაწილებულიყო ფინანსები, ცოტა უფრო დიდხანს იარსებებდა. აგვისტოს ომის შემდეგ ბევრ მსხვილ კომპანიას გაუჭირდა, მათ შორის ჩვენც. ახლა ძალიან ვნანობ, რომ გამეგრძელებინა და ცოტა გამეჭირვებინა, დღეს ალბათ ისევ იქნებოდა. მაგრამ, არ არის გვიანი. ცოტა სხვაგვარად ვცდილობ დაბრუნებას, საიტის სახით, ვნახოთ, რა იქნება. ძალიან მიყვარს ქაღალდი, მაგრამ ყველანაირი ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტიდან ხდება და მეც საიტს გავაკეთებ.

დღეს რა ეტაპზეა ჟურნალ-გაზეთები?
– რადგან გამოდის, ალბათ მოთხოვნადია. მე არ ვარ გაზეთების მკითხველი, გავურბივარ ნეგატივს და სწორედ ამიტომ, უბრალოდ იმდენად ბევრი უარყოფითი მოდის, რომ არ მინდა. რაც შეეხება ჟურნალებს, თავად ვმუშაობ რამდენიმე ჟურნალში, ეს არის – „12“, „solo ვოაჟერი“, რომლისთვისაც ვაკეთებ დიზაინს, ასევე საბავშვო „steps”, „ნარგიზი“ და „საქპატენტი“.

დღეს რა ეტაპზე ქართული ჟურნალისტიკა?
– ზუსტად იმ დონეზეა ქართული ჟურნალისტიკა, რა დონეზეც არის ქვეყანა. ყოველთვის ასე იყო, რაც ხდება გარშემო, ის ხდება ჟურნალისტიკაშიც, ეს ყველაზე კარგი ამსახველია.

დედაშენი იყო პოლიტიკაში წასული, როგორ უყურებ ამ საკითხს?
– ჩემი რჩევაა, თუ მოწოდებით არ ხართ პოლიტიკოსი და საკუთარი თავი სხვაგან ვერსად წარმოგიდგენიათ, ისევ თქვენივე ოჯახის სიმშვიდისა და ბედნეირებისთვის, არასოდეს მოინდომოთ პოლიტიკოსობა.  ამ არეულ ქვეყანაში, როცა არავინ იცის, როდის რა მოხდება, არ არის ისეთი ადამიანის ადგილი, როგორიც დედაჩემია. ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი ოჯახისთვის.

ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის რთული პერიოდი, როდესაც „ცენტრ პოინტის“ გარშემო სკანდალი აგორდა და მაშინ არცერთი ჩემი ოჯახის წევრი არ იყო სოციალურ ქსელში, ამიტომ ადამიანების ბრაზი სულ ჩემზე მოდიოდა და ეს ძალიან ცუდი იყო. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ ამჟამად მშენელობა გრძელდება და ყველას საჩივარი დაკმაყოფილდება.

როგორი კულინარი ხარ?
– ვერ ვიტყვი, რომ სულ სამზარეულოში ვტრიალებ, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს როდესაც მცალია, ყველაფრის გაკეთებაც მიყვარს და შემიძლია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ დიასახლისობა ძალიან დიდი შრომაა, მაგრამ ჩემს თავს ჯერ სამზარეულოში ვერ ვხედავ.

– როგორი დედამთილი ხარ?
– უკვე ორი წელია არაჩვეულებრივი, ულამაზესი გოგონას დედამთილი ვარ, თუმცა, ალბათ უფრო მეგობარი ვარ, ვიდრე დედამთილი. ერთად დავდივართ კაფეში, საყიდლებზე, რჩევებსაც ვეკითხები, მოკედ, კარგად ვეწყობით და ყველას ვურჩევ, რომ ახალგაზრდებთან ჰქონდეს ურთიერთობა.

რას ურჩევდი ქართველ ქალებს?
ქალებსაც და კაცებსაც ვურჩევდი, რომ ეცადონ დაინახონ პოზიტივი და იცხოვრონ დღევანდელი დღით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი წამი და წუთი დააფასეთ.

წარმატებებს გისურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები