„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა ჩემი გაშვება სამსახურიდან მოსთხოვა, რადგან „ბიძინას ვაგინებდი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა, ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა და აღნიშნა, რომ რეალურად სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.
„ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე „ოფშორების კანონის“ გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).
თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.
„კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი, ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება… უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება"- ნიკო ნერგაძე
ჟურნალისტი და ბლოგერი ნიკო ნერგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში" მისთვის ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.
P.S. ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში“. – წერს სოსო ბერიკაშვილი.
აღნიშნულზე საპასუხოდ ისაუბრა თავად კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, რომლის თქმითაც, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.
როგორც მან BMG-ის განუცხადა, ის სოსო ბერიკაშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო.
„უნივერსიტეტის გამო, მასთან პირადი კონფლიქტი მქონდა. უნივერსიტეტში არაფერს აკეთებდა და ვაპირებდი გაშვებას. იმ დღეს კი დაიძაბა ჩვენ შორის ურთიერთობა და გადავწყვიტე, გამეშვა. სოსო ბერიკაშვილი ახლა ცეცხლზე ნავთს ასხამს პირადი გამორჩენის მიზნით, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდეს.
დამაზუსტებელ კითხვაზე, „პოლიტიკური მიზეზით არ გაგიშვიათ სამსახურიდან და არც სუს-ს მოუთხოვია, როგორც თავად სოსო ბერიკაშვილი აცხადებს“, შენგელიამ უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია, მცდარია.
„ტყუილია… მთელმა უნივერსიტეტმა იცის, რა პრობლემები მქონდა მასთან ურთიერთობაში. ბორდის სხდომა ისე არ ჩატარებულა, მისთვის საყვედური არ მეთქვას. ისე მოხდა, რომ უბრალოდ, ამ დღეებს დაემთხვა ეს ამბავი…
ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო… ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?! არა მხოლოდ ნინო ჟიჟილაშვილი, უნივერსიტეტში მთელი „ოპოზიციაა“, ყველა უნივერსიტეტში არიან“. – განაცხადა კახა შენგელიამ.