მმართველი გუნდის მიერ ხელახლა ინიციირებულ და დღეს უკვე პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ნინო გაჩეჩილაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ კანონის მიღება ყველა იმ ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც 1989 წლის 9 აპრილს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა.
„მეგობრებო! ალბათ ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ ხვდებოდეს, საიდან მოდის ამ ეგრედწოდებული „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების იდეა, ან თუ გინდ ბრძანება. ამ კანონის მიღების იდეა მოდის რუსეთიდან, რადგან რუსეთს არ სურს ჩვენი ევროპასთან შეერთება და ცდილობს, მაქსიმალურად დაგვაშოროს მას.
მე ვფიქრობ, რომ რუსული კანონის მიღება ყველა იმ ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც 9 აპრილს დაიღუპა, ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაიღუპა, ვინც 2008 წლის ომში დაიღუპა და ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც წლების მანძილზე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად.
მე ღრმად მწამს, რომ არც ერთ პროგრესულად მოაზროვნე ქართველს არ სურს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება და ყველა ჩვენგანს სურს ნათელი, ევროპული მომავალი. ამიტომ ყველამ ერთად ვუთხრათ კი-ევროპას და არა რუსულ კანონს! კი ევროპას, არა რუსულ კანონს, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს ნინო გაჩეჩილაძე.