თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო!, – ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საიას სარჩელთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს „ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია.
„ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე (30 უბანი) შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ყველა ელექტრონულ უბანზე ასე უნდა მოხდეს, სადაც ბიულეტენი ლანდავდა“, – წერს ლომჯარია „ფეისბუქზ“.
მისივე თქმით, ახლა სააპელაციო სასამართლოებთანაც უნდა იყოს შესაბამისი მოთხოვნა.
„ახლა ყველანი უნდა მივიდეთ სააპელაციო სასამართლოებთან და მოვითხოვოთ ყველა ელქტრონული უბნის გახსნა და ბიულეტენების შემოწმება და იმ უბნების გაბათილება, სადაც საჩივრები გვაქვს დაწერილი!“, – წერს ლომჯარია.