LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე შვილიშვილის მოლოდინში: „ვგოგოშკობდი და უცებ თავში მომხვდა ბებიობის ამბავი…“

3098
nino-ndiradze-exmay

ნინო ნადირაძემ მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში ქალიშვილის, ბაიას ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც პირველ შვილს ელოდება. როგორც ექიმი და ტელეწამყვანი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ამბობს, შვილიშვილს მოუთმენლად ელოდება და აშკარაა, რომ მის განებივრებასაც არ მოერიდება, რადგან ფიქრობს, რომ მშობლები შვილებს უპირობოდ უყვართ, ხოლო ბებია–ბაბუებმა მათ თავი უნდა შეაყვარონ.

როგორი შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ ბაია ფეხმძიმედ იყო?

ნინო ნადირაძე:

უზომოდ გამიხარდა. ბაიამ ორი საჩუქარი გამიკეთა. გავიგე, რომ რეზიდენტურაში უმაღლესი ქულები აიღო და მითხრა, რომ ბებია გავხდებოდი. იმ წუთში მოვიცელე, ცოტა ცუდ ხასიათზე დავდექი. ვიგრძენი, რომ ჩემი დაბერების პროცესი დამიდგა თვალწინ. უცებ მოვიღუშე, მაგრამ მალევე ავიკრიფე, გამიხარდა და მას მერე გახარებული დავდივარ. პირველი დარტყმა იყო – რომ გოგოშკობ და უცებ თავში რომ მოგხვდება ბებიობის ამბავი. თან, რაღაცნაირად არ ველოდი, ვფიქრობდი, რამდენიმე წელს მოიცდიდნენ, არც მის გათხოვებას ვჩქარობდი. მოკლედ, შორეულ მომავალში მინდოდა გადამეტყორცნა ეს ამბები, მაგრამ დამაწიეს (იცინის). ახლა ყველა ექოს, ვიდეოს ველოდები ხოლმე.

სქესი იცით?

ვიცი, მაგრამ ჯერ არ ვამბობ. დიდი პრობლემა მაქვს სახელის შერჩევის. ყოველდღიურად ვგუგლავ ნაირ–ნაირ სახელს და ჩემს გულთან ჯერ ვერც ერთი ვერ მივიდა.

თქვენ არჩევთ სახელს?

არა, მაგრამ შევაპარებ. ბაიას, მაგალითად, ბებიამ დაარქვა ეს სახელი. მე თავიდან ნინო დავარქვი. ყველას თავისი ვერსია ჰქონდა, მე ნინო მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა მუშტები მომიღერა, ბებიაშენმა, ჩემმა დედამთილმა ნინამ და შენ სისხლი გამიშრეთ და კიდევ ერთი ნინა არ დამანახოთო. დაარქვი ბავშვს ბაია, თორემ არ გამოგწერ სამშობიაროდანო და გადავარქვი ნინო, დავარქვი ბაია. ეგებ, რამე მსგავსი ჩავატარო… სახელის შერჩევა ნამდვილად მშობლების პრეროგატივაა და რასაც გადაწყვეტენ, იმას დაარქმევენ, მაგრამ ჩემს გულში ხომ შეიძლება ვეძებდე?

როგორ შეიცვალეთ ბაიას მიმართ, როგორ უვლით და ანებივრებთ?

საოპერაციოში რომ დგას, ვნერვიულობ. ახალი აღჭურვილობა ხომ იცით, როგორია? გმირულად მაინც დადის და ყველაფერს აკეთებს. მე რომ ორსულად ვიყავი, ვმორიგეობდი, ასე რომ, არაფერი მოუვა. ავად ხომ არ არის, ორსულადაა. ჩვეულებრივად ცხოვრობს. სულ ვუკონტროლებ, რომ არ გასუქდეს. სულ ვეუბნები, გახდები მახინჯი, გაგიჩნდება სტრიები, ამოვარდები ფორმიდან, დაგემართება ნევროზი, ასე რომ, ისე იყავი, რომ მხოლოდ მუცელი გქონდეს და სამშობიაროდან რომ გამოხვალ, ფორმაში მალე ჩადგე–მეთქი. ჯერჯერობით მიჯერებს.

ნამდვილად მშვენიერ ფორმაშია…

კი ბატონო. ყველანაირად საშინელ მომავალს ვუსახავ, თუ შეჭამს. უნდა მიირთვას მხოლოდ ბავშვისთვის სასარგებლო რაღაცები. ზოგჯერ იპარავს ხოლმე იმას, რაც არ შეიძლება, მაგრამ ცოტას. ყველანი სამსახურებში ვართ, როცა შინ ვარ და გემრიელობებს ვაკეთებ, ვურეკავ, მოდი–მეთქი, ბებია ცალკე ურეკავს და ასე… ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია.

განსაკუთრებულად არ ვანებივრებთ, მაგრამ ცოტა ვნერვიულობ. ორსულობა ქალისთვის არ არის ადვილი, მისთვის დიდი გამოცდაა ბავშვის გაჩენა, ჯანმრთელობისთვისაც მძიმეა. წამომივლის ხოლმე ეს განცდები, მერე ვცდილობ, რომ ავირიდო.

პატარა ვიყავი, ბაია რომ გავაჩინე, მაგრამ ახლა ჩემს თავს ვერ ვცნობ. ერთი სული მაქვს, ამ ბავშვს როდის ჩავეხუტები. მგონი, გავაფრინე. ცხოვრებაში არც სენტიმენტალური ვყოფილვარ და არც „შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე“. არ ვიცი, შვილიშვილი რას ნიშნავს, ახლა ვნახავ, სექტემბრიდან მეცოდინება. მინდა, ლამაზი რაღაცები ჩავაცვა და „ვეკაიფო“ (იღიმის).

მის აღზრდაში ძალიან ჩართული იქნებით?

ძალიან ფიზიკურად ვერ ჩავერთვები, სამსახურის გამო, მაგრამ გამიხარდება, თუკი აქტიურად ვიკონტაქტებთ. ყველა მეკითხება, ვიქნები თუ არა მკაცრი, არანაირი სიმკაცრე ჩემგან არ იქნება. ჩემი არც ერთი ბებიისგან, საკმაოდ ავი ქალი იყო ორივე, არ მახსოვს ან შენიშვნა, ან გადაბრუნებული სიტყვა. შენ შემოგევლეს მეტი მათგან არაფერი გამიგია. შენიშვნები არის მშობლების საქმე. მე უნდა ვიყო ტკბილი და მურაბა ბებია.

თქვენი მეუღლე როგორი ბაბუა იქნება?

მგონი, ჩემს ბებიობაზე ასჯერ უკეთესი. გუგას ახასიათებს სითბოს გამოვლენა. მე დიდად არ მახასიათებს ასეთი რამ. დაბადების დღის მილოცვაც კი არ შემიძლია სიყვარულის ცხრასართულიანი გამოხატვით. ვფიქრობ, გუგა უფრო მეტი სითბოს გამომხატველი იქნება.

მოკლედ, ოჯახში დიდი ზარ–ზეიმით ელოდებით ახალ სიცოცხლეს…

ველოდებით და კარგია, რომ ასეთი დიდი ცვლილება გველის. შევიძინე ძველებური სამშვენისი, გერმანული. დიდად არ მიყვარს ფიგურები, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა. მაგიდაა გაშლილი და მის ირგვლივ 4 ბავშვია შემომსხდარი. პროგრამა ჩავუშვი, რომ ორი გოგო და ორი ბიჭი შვილიშვილი უნდა მყავდეს და ბებიასთან უნდა შეიკრიბონ ხოლმე. ძალიან მინდა, რომ ერთი ნინა მყავდეს, ჩემი პირადი, ბიჭის შვილი. დავუგეგმე ყველას ყველაფერი და ვინმეს ვკითხე რამე? (იცინის).

თქვენს შვილს რა რჩევას მისცემთ აღზრდასთან დაკავშირებით?

ჩემი შვილების პრობლემები მე არასდროს მომიგვარებია, ყოველთვის თავად აგვარებდნენ ყველაფერს და ამას ვურჩევ ბაიასაც. არ შეიძლება, შვილს ყველა პრობლემა მოუგვარო. აშტერებ და ბრძოლის უუნაროს ხდის, ეს დაუშვებელია. მაქსიმალურად უნდა მისცე საშუალება ადამიანს, რომ ცხოვრებას თვითონ გაუმკლავდეს. ყოველთვის მიხვდები, როდის შეეშველო, ოღონდ ისე, რომ ვერ მიხვდეს, ირწმუნოს საკუთარი ძალები. ჩემი შვილებისთვის ყოველთვის უხილავი ბალიში ვიყავი, მაგრამ არასდროს მივაყენებდი შეურაცხყოფას, თქვენ რისი გამკეთებლები ხართ, მე თუ უკან არ დაგიდექით–მეთქი. რა თქმა უნდა, ამან შეასრულა საკუთარი ფუნქცია და ორივე საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანია. თუ გინდა, რომ ადამიანი გარყვნა და ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი გახადო, 24 საათი პრობლემები უნდა უგვარო.

ამასვე ფიქრობთ ფინანსური კუთხითაც?

არც ერთ ჩემს შვილს არ უგრძნია ფუფუნება. რაც სჭირდებოდათ ასაკის შესაბამისად, ის ჰქონდათ და არაფერი ზედმეტი, რაც სხვა ბავშვებისგან გამოარჩევდათ.

შვილიშვილთან ეს გაგიჭირდებათ, მგონი…

კი, ამას ვგრძნობ უკვე. დედა და მამა შვილებს უპირობოდ უყვართ და ბებია–ბაბუებმა თავი უნდა შეაყვარონ. რომ დაბერდები და დაჩაჩანაკდები, კიდევ ავი თუ იქნები, რა ჯანდაბად ენდომები ბავშვს, თუ ბალიშის ქვეშიდან კანფეტი და საჩუქარი არ გამოაძრე? ხომ ხედავ, როგორი პრაგმატული ქალი ვარ.

მიუხედავად ამ ძალიან კარგი ამბისა, კარანტინი როგორ გადაიტანეთ?

შინ არ ვმჯდარვარ და იცი, რომ მინდა, ერთი კვირა მაინც კარანტინში (იცინის)? დამეთანხმებით, ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერავინ მოგიყვებოდა წინასწარ. ასეთ სტრესს, ცარიელ ქალაქებს, ჩაკეტილობებს, იზოლაცია კი ყველა ძნელად გადააქვს ადამიანს, ბევრი ვერ უძლებს. ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედა ადამიანების ფსიქიკაზე. ჩემზეც იმოქმედა, მით უმეტეს, როცა კლინიკაში უყურებ ამას და ფორსმაჟორში მუშაობ. მგონია, რომ ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ. ქვეყანაში მცირერიცხოვანი, მაგრამ უმძიმესი დანაკარგი გვაქვს, რადგან თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვებთან შედარებით, მაინც იოლად გამოვძვერით და შინ ჯდომამაც ძალიან დიდხანს არ მოგვიწია.

მე ისედაც სახლი–სამსახურის იქით ფეხის გადგმა არ მიყვარს. ეს ჩემი ხასიათია. ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმში ვალდებული ხარ, სადღაც რომ დაგპატიჟებენ, წახვიდე. ჩემი მარტოსულობა კარანტინმა, როგორც იტყვიან, „გააპრავა“ (იცინის). გაამართლა კორექტულად ჟღერს და „გაპრავება“ ნამდვილად შესატყვისია ემოციურ დონეზე.

ეზო საშუალებას მაძლევდა, რომ თავი ჩაკეტილად არ მეგრძნო, ამიტომ ამ კუთხით შეზღუდვა არ მიგრძნია. სამაგიეროდ, გუგა იყო გამოკეტილი. მას ყველგან სიარული უყვარს…

როცა შენ ასეთი აღქმა გაქვს, სახლში ყოფნა გიყვარს, არ გესმის, რატომ ნერვიულობენ სხვენი სახლში ჯდომაზე. ვფიქრობდი, რა საჭიროა ამდენი კუნტრუში კაფეებში, გააკეთე საქმე და მიდი სახლში–მეთქი, ამიტომ ვაღიარებ, ამ წუხილს დიდად ვერ ვითავისებდი.

ჩვენიმოსახლეობა აპოლოდისმენტების ღირსია. მიუხედავად წუწუნისა, წინააღმდეგობისა და უარყოფითი პოსტებისა, სიტყვის იქით არ წასულა არავინ, თუკი მცირე ინციდენტებს არ ჩავთვლით და ის შედეგი, რაც ქვეყანას აქვს, დიდწილად მოსახლეობის თვითშეგნების დამსახურებაა. ექიმების სახელით ვუხდი მადლობას ყველას, რომ არ მოიქცნენ ისე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g