ნინო ქათამაძე 21 აგვისტოს, თავის დაბადების დღეს ბათუმში კონცერტით აღნიშნავს.
როგორც მომღერალი აცხადებს, მას ყოველთვის აკლდა სცენიდან ურთიერთობა, იმ ქალაქში, სადაც სიყვარული ისწავლა:
“ზღვა, ადამიანისთვის რომელიც დაიბადა მასთან ახლოს, ჩემთვის არის როგორც მეგობარი, იმიტომ რომ ინახავს შენს საიდუმლოს. ყოველდღე სხვადასხვანაირია. გელაპარაკება მუსიკის ენით. ყოველთვის მაკლია სცენიდან ურთიერთობა ქალაქში, სადაც მე ვისწავლე სიყვარული, სადაც მე თვითონ ავირჩიე პირველი მეგობარი და ამიტომ, ასე მოვიგონე, კეთილად მოვიგონე, ჩემ დაბადების დღეზე კონცერტი, რადგან ყოველთვის ბევრი სტუმარი მყავს, არასოდეს არ ვიმალები, ყოველთვის ყველას ზარს ვპასუხობ. მიყვარს ეს დღე, რადგან მე მომეცა საშუალება, სამყაროსთვის მეთქვა, რომ გამარჯობა, როგორ მიყვარხართ.”
21 აგვისტოს მისი ახალი ალბომის პრეზენტაციაც გაიმართება. ალბომის სახელწოდებაა “ყვითელი”. როგორც ქათამაძე განმარტავს, “ყვითელი არის სიგიჟის და თავისუფლების ფერი”:
“ამ ფერმა გამათავისუფლა იმ სტერეოტიპებისგან, რომელსაც გინდა არ გინდა მიყავხარ, რაღაც, ასე ვთქვათ, სასცენო ბიზნესის კულტურამდე, რომელსაც მე შინაგანად ვებრძვი.”
ნინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” 21 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთოს კორტებზე გიმასპინძლებენ. ისინი მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარდგებიან.
საღამოს განმავლობაში მოისმენთ ორკესტრთან ერთად შესრულებულ ახალ კომპოზიციებს, კონცერტში ასევე მონაწილეობს ანსამბლი “შვიდკაცა”.
კონცერტიდან შემოსული თანხა, ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება.

