LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თარხნიშვილი: “მწერლობის ძირითადი ნაწილი კრიტიკის გარეშეა დარჩენილი”

254

სოციალურ ქსელში მის ჩანაწერებს ხშირად აზიარებენ, ის წერს აქტუალურ თემებზე, ხანდახან პირად ურთიერთობებზეც, არის სამი წიგნის ავტორი. მისი წიგნი „ნინოს NOTES” წელს ლიტერატურულ პრემია „საბაზე“წარდგენილია საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში. ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე „ფორტუნას“ სტუმარი, მწერალი ნინო თარხნიშვილია.

„საბაზე“ უკვე მესამე წელია ნომინირებულია ჩემი წიგნი. რეალისტური მოლოდინი მაქვს. არ ველი არაფერს. ვფიქრობ, რომ უფრო ძლიერი კონკურენტები მყავს და სამართლიანი იქნება, რომელიმე მათგანმა მიიღოს ეს პრიზი“,- განაცხადა ნინო თარხნიშვილმა.

მწერალი ამბობს, რომ საკუთარი ნაწარმოების კრიტიკას ადეკვატურად ხვდება. ნინო თარხნიშვილის თქმით, საქართველოში სერიოზული კრიტიკა იშვიათია და მწერლობის ძირითადი ნაწილი კრიტიკის გარეშეა დარჩენილი. მისი აზრით, ეს ფაქტი ცუდია როგორც ავტორებისთვის, ასევე მკითხველისთვის. მწერალი მიიჩნევს, რომ კრიტიკა ავტორისთვის არის ერთგვარი სტიმული, რაღაც შეცვალოს ან არ შეცვალოს. ნინო თარხნიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ  ზოგჯერ კრიტიკის ფორმები ცდება საზღვარებს და პირად შეურაცხყოფაში გადადის.

„თანამედროვე მწერლებმა უნდა წერონ თანამედროვე ამბებზე და საზოგადოებაც მათთან ერთად უნდა ვითარდებოდეს. თუ საზოგადოება არ არის ამისთვის მზად, მაშინ ამის დრო მოვიდა და აუცილებელიც არის…ნამდვილი მწერლობაა, გამოხვიდე საკუთარი თავიდან და შეძვრე სხვის ტყავში, მოირგო სხვისი ამბები და მკითხველს უამბო. ნინო-მწერალი და ნინო-სახლში ერთმანეთისგან ძალიან განხვავდება, ხშირად უთქვამთ, რომ არ ვგავარ ჩემს ნაწერებს.  ვცდილობ არ ვწერო საკუთარ თავზე, როდესაც სხვა ამბებზე ვწერ, მაშინ შეიძლება საკუთარ თავს მწერალი ვუწოდო… ყველაფერზე შემიძლია ვწერო მოკლე დროში, თუმცა შვილზე წერა ყოველთვის ყველაზე რთულია,“ – აცხადებს მწერალი.

ნინო თარხნიშვილმა იმ წიგნზეც ისაუბრა, რომელმაც ბოლო პერიოდში მასზე  შთაბეჭდილება მოახდინა. “ეს არის არუნდატი როის “წვრილმანების ღმერთი”,  ასეთ წიგნებს აღარ წერენ არც საქართველოში, არც მსოფლიოში. ავტორი ინდოელია და სულ ვამბობ, რომ წიგნიც ინდური სამკაულივით  მოჩუქურთმებული ენით არის დაწერილი. ეს ავტორი არის სიტყვის ოსტატი და 21 საუკუნეში ასეთი წიგნები აღარ იწერება”.

 

„ფორტუნა“ ნინო თარხნიშვილის ერთ-ერთ მინიატურას გთავაზობთ.

„ვზივარ ხოლმე და გიყურებ, როგორ ზიხარ, ჩემნაირად წამოხრილი, ფეხებმოკეცილი, თავდახრილი და იყურები შენს აიპადში, ყურსასმენები გიკეთია და მგონია, რომ მაგ მოკეცილ ფეხებზე გკიდივარ. ვაკვირდები შენი თვალების მოძრაობას, თითების გადაადგილებას აიპადზე, ტუჩების მიმიკას და მგონია, რომ ჩემი არ ხარ. ვზივარ ხოლმე საღამოობით და ვცდილობ მოგეკრა. მოგეკრა მაგ ტანზე, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება დიდი გოგოს ტანს, მაისური სულ უფრო და უფრო რომ ეტმასნება, შენ კი იდაყვით მიცილებ, შენდაუნებურად, იმიტომ, რომ თამაშში გართულს, ხელს გიშლი. ვზივარ ხოლმე შენს გვერდით, შენს სქელ და გრძელ ნაწნავს ვუყურებ, დილით, სკოლაში წასვლის წინ რომ ჩაგიწანი და ახლა რომ ნახევრად ჩამოშლილა და ვხვდები, სულ უფრო მალე მოვა დრო, როცა ჩემი ჩაწნილი ნაწნავი აღარაფერში დაგჭირდება. ვზივარ ხოლმე ჩუმად და შენ სუნს ვიმწყვდევ ფილტვებში – პარფიუმის სურნელში გარეულ ოდნავ მომჟავო, ჯერ კიდევ ბავშვის, მაგრამ აღარც მთლად პატარა ბავშვის სუნს. ვზივარ და გიყურებ, როგორ არ მგავხარ. და არც მინდა, მგავდე. მე არ მომწონდა შენხელას ჩემი თავი… და ღამე, ძილის წინ, როცა ნაჩქარევად გადაიცვამ ხოლმე საღამურს მაგ გამოთლილ ტანზე, ხიჭვივით გამოზნექილი მკერდი რომ არავინ დაგინახოს, ვერაფრით ვხვდები, სად ქრება დრო… მაგრამ საწოლში შეწოლილი, საბანს რომ გადაშლი და გამომძახებ, ორი წუთით მოდი, ვითომ ძალიან ცივა და ჩავიფუთნოთო, მაშინ ვიცი, დარწმუნებით ვიცი, რომ დედა გიყვარს. შენი სულელი, სენტიმენტალური დედა“.

ჩანაწერი:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g