გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი ნინო თოლორდავა იყო. საუბარი მისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების გარშემო წარიმართა.
– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– საკმაოდ დატვირთული. 8-ს რომ აკლია 15 წუთი რეკავს მაღვიძარა, რათა ბავშვს სკოლაში არ დააგვიანდეს, ასე რომ მაინც ადრე მიწევს ადგომა. ვრთავ საინფორმაციოებს და ვუყურებ ყველა არხზე. ვსვამ ყავას მეუღლესთან ერთად და მივდივარ თათბირზე 1 საათზე, მანამდე მივდივარ აუზზე. სამსახურში იგეგმება დღე, მთავარი გამოშვება, სტუმრები, თოქ-შოუ და თითოეული ჩვენგანი ჩვენს სამუშაო ადგილს ვუბრუნდებით.
– რაც შეეხება პროფესიას, რატომ ჟურნალისტიკა?
– არასოდეს მიოცნებია მოდელობაზე და სხვა პროფესიებზე. ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობა, თუმცა, ისე მოხდა, რომ დავამთავრე ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა ჟურნალისტიკის განხრით. უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიაზე ჩავაბარე, მეორე კურსიდან წავედი მოსკოვში და იქ ინგლისური ფილოლოგიის კუთხით გავაგრძელე სწავლა. თბილისში დაბრუნებულმა კი სრულიად სხვა სფეროში დავიწყე მუშაობა, ეს იყო კერძო კომპანია მარკეტინგის მიმართულებით. ტელევიზიაში „ჯეოსელიდან“ მოგვიანებით მოვხვდი და შესაბამისად წლების შემდეგ, მაგრამ მაინც ახდა ჩემი ოცნება. თუმცა თავიდანვე ჟურნალისტად არ გადავსულვარ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, მარკეტინგის დირექტორის ვაკანსია იყო და რეზიუმე სწორედ ამ ვაკანსიაზე გავაგზავნე, დამიკავშირდნენ და მეორე დღეს ლევან ყუბანეიშვილთან დამიბარეს და უკვე იქ გადაწყდა ყველაფერი, რომ არა მარკეტინგში, არამედ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი უნდა გავმხდარიყავი. არაერთხელ მითქვამს ლევანისთვის მადლობა.
– როგორი იყო პირველი ეთერი?
– ორი თვე ვემზადებოდი მეტყველების სპეციალისტთან, სანამ ეთერში დავჯდებოდი. ბევრი ადამიანი მედგა გვერდში, ძალიან ვნერვიულობდი. პირველი ეთერი 12 საათზე მომიწია, ძალიან განვიცდიდი. სამწუხაროდ ის ეთერი საოცრად ცუდი იყო, პირველი არხის კურიოზებში მოხვდა და დღემდე არასასიამოვნოდ მახსენდება. ამაში თავისი წვლილი პროდიუსერმაც შეიტანა, რომელმაც ახალი ამბების დაგეგმილი ნუმერაცია შეცვალა.
– რამდენი წელი იმუშავე „პირველ არხზე“?
– ოთხი.
– და გადახვედი „მაესტროზე“…
– კი, მაგრამ როდესაც „პირველი არხიდან“ წამოვედი, თვენახევრიანი პაუზა მქონდა, „მაესტროზე“ შემდეგ გადავედი. „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ შიდა დაპირისპირების გამო წამოვედი, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და არც ღირს. აქ იყო პირადი შეუთავსებლობა და ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. თუმცა, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, დღემდე ძალიან მიყვარს იქაურობა. ბევრი ჩემი ახლო მეგობარიც მუშაობს.
– როგორი გარემო დაგხვდა „მაესტროზე“?
– თავისუფალი სივრცეა „მაესტროზე“, რაც აუცილებელია ჟურნალისტისთვის. 2012 წლიდან იქ ვარ, თავიდან გამიჭირდა, რადგან თავს ცოტა უცხოდ ვგრძნობდი, მაგრამ ეს დისკომფორტი მალე გაქრა. დღეს უკვე ვეღარ წარმომიდგენია სხვაგან მუშაობა. მეგობრული გარემოა, ვცდილობთ ობიექტურები ვიყოთ და ვცდილობთ, დაუბალანსენელი ინფორმაცია არ გავაჟღეროთ.
– როგორი ხარ ოჯახში?
– შიდა დიასახლისის კუთხით ვერ შევაფასებ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ბევრ მინუსს ვუპოვი ჩემს თავს. მზარეული კარგი ვარ და უმაღლეს შეფასებას დავიწერდი, რადგან ყველა აღიარებს ჩემს გარშემო, რომ კარგი ხელი მაქვს. სიყვარულით ვამზადებ და იმიტომ გამოდის გემრიელი. რომ გითხრა, რომ სიყვარულით ვალაგებ, მოგატყუებ.
– რომელია ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ?
– ეს არის ჩემი ოჯახი და მეგობრების გარემო.
– რამდენად ხშირად გიწყობს სიურპრიზებს მეუღლე?
– უყვარს კი და ხშირად მახარებს ხოლმე საჩუქრებით, რომლებსაც არ ველი.
– რამდენი წელია, რაც ერთად ხართ?
– 17 წელია.
– რომელი ადგილი გახსენდება ამ 17 წლის განმავლობაში, სადაც თავი ყველაზე კარგად გიგრძვნიათ?
– ბვერია ასეთი ადგილია, საქართველოშიც, მის საზღვრებს გარეთაც, ყველგან კარგია, სადაც ერთად ვართ.
– არის თუ არა ეჭვიანი?
– არა. მე უფრო ეჭვიანი ვარ
– ძალიან ბევრგან წამიკითხავს, თითქოს პლასტიკური ოპერაციები გაქვს გაკეთებული.
– მეც გამიგია მსგავსი ჭორი, არასოდეს არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ ტუჩის კორექცია. ხანდახან ვერ ვაჯერებ ხოლმე, რომ ცხვირი არ მაქვს გაკეთებული.
– წარმატებებს გისურვებ.