3 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ პოლიტიკოსი ნინო წილოსანი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს 7 რჩეული კომპოზიცია გაუზიარა. როგორც გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, მისი „ფლეილისტი“ ყოველთვის განსხვავებული ჟანრის ნამუშევრებს აერთიანებს. აღმოჩნდა, რომ თავად ქალბატონ ნინოსაც არაჩვეულებრივი მუსიკალური მონაცემები აქვს და სიმღერა ძალიან უყვარს.
– ქალბატონო ნინო, მოგესალმებით, მადლობა, რომ გამოყავით დრო და ჩვენთან ხართ დღევანდელ საღამოს, მიუხედავად თქვენი დატვირთული რეჟიმისა.
– მოგესალმებით, მიხარია, რომ ამ დღეს თქვენთან ერთად გავატარებ და შემოგთავაზებთ ჩემთვის საყვარელ სიმღერებს. იმედია, გაგილამაზებთ საღამოს.
– აქამდე მიგიღიათ მონაწილეობა ასეთი ტიპის გადაცემაში?
– რა თქმა უნდა, არაფორმალურ გადაცემებში ვიღებ მონაწილეობას, თუმცა მუსიკალური განხრით არ მიმიღია და ჩემთვისაც ერთგვარი გამოწვევაა და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს მუსიკალურ გემოვნებას.
– რის მიხედვით შეარჩიეთ მუსიკალური შვიდეული?
– ზოგადად ჩემი „ფლეილისტი“ ძალიან უცნაური და განსხვავებულია, რადგან როცა რაღაც სიმღერა მომეწონება, „შაზამით“ ვინიშნავ და შემდეგ ავტომატურად ჯდება ჩემს „ფლეილისტში“. ჩემი მეგობრები ყოველთვის აპროტესტებენ იმას, რომ ჩემს „ფლეილისტში“ თავმოყრილი სიმღერების ჟანრი, თემატიკა და რიტმი ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ ეს სიმღერები პირდაპირ ასახავს ყველა იმ პერიოდს და ეტაპს, რაც გავლილი მაქვს, ეს ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანია.
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შვიდეულს ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერით ვიწყებთ. ეს ბილი ჯოელის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი არ არის, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ემოციური ბმა მაქვს ამ კომპოზიციასთან, რადგან სიმღერებში ძირითადად მაინც სიტყვებს, შინაარს ვაქცევ ყურადღებას, თავისთავად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მელოდიას. ეს სიმღერა რაღაცნაირი დატვირთვის მატარებელია, როდესაც ვუსმენ, მგონია, რომ ძალიან გამოცდილი, დიდი ცხოვრების მქონე ადამიანი რჩევას აძლევს ახალგაზრდებს და ძალიან ამხნევებს მათ. მოკლედ, ეს სიმღერა რაღაცნაირად იმედიანი და ბევრის მანიშნებელია.
– როგორ გრძნობთ თავს ჩვენს სტუდიაში, როგორი გარემოა თქვენთვის?
– არაჩვეულებრივი შეგრძნება მაქვს, განსაკუთრებით როდესაც ვიცი, რომ უამრავი თქვენი მსმენელი ახლა ტკბება იმ სიმღერებით, რომელიც მე შევარჩიე. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული სიმღერები.
ალბათ, ეს სიმღერა და ზოგადად „Queen“-ის პერიოდი ყველასთვის რევოლუციაა. „Bohemian Rhapsody“ ჩემთვის ძალიან რევოლუციური სიმღერაა. მინდა, ამავე სახელწოდების ფილმზეც გავამახვილო ყურადღება. ამ ფილმმა ახალგაზრდა თაობისთვის ძალიან ბევრი „Queen“-ის სიმღერა გააცოცხლა. რა თქმა უნდა, „Queen“ ლეგენდაა, ის არასდროს დაიკარგება და ყოველთვის აქტუალური იქნება, თუმცა ამ ფილმის შემდეგ, ახალმა თაობამ სრულიად სხვანაირად დაინახა ეს ჯგუფი და ძალიან ტრენდული გახდა.
აუცილებლად მინდოდა, მადონა რჩეულ სიმღერებს შორის ყოფილიყო. ვფიქრობ, მადონამაც შექმნა თავისი ეტაპი, არაჩვეულებრივი მომღერალია. მადონა არის მომღერალი, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად იხარჯება სცენაზე, მღერის, ცეკვავს, აქვს დრაივი და არის საოცრად ენერგიული. ეს სიმღერა ცოტა განსხვავებულია მისი დინამიკისგან და ზოგადად მისი ტიპაჟისგან.
– რომელია სიმღერა, რომელიც აბსოლუტურად წარმოაჩენს ნინო წილოსანს?
– ასეთია სიმღერა, რომელიც პირველი ადგილისთვის შემოვინახე.
– რამდენიმე ადამიანისგან გავიგე, რომ ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემები გაქვთ…
– არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ. ბავშვობაში ფორტეპიანოზე დავდიოდი, თუმცა ეს ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულად არასასიამოვნო ეტაპი იყო, რადგან არ მინდოდა ფორტეპიანოზე სიარული. როდესაც ოჯახში სტუმრები მოდიოდნენ, მე უნდა დამეკრა ფორტეპიანოზე და ეს ძალიან მძაბავდა, მგონი, ამის გამო არ მინდოდა სიარული. სრულებით სხვა გამოცდილება იყო სიმღერა. ბავშვობიდან ვმღერი და მღერიან ჩემებიც, დედაჩემი, დეიდები, დეიდაშვილები. გარდა იმისა, რომ სიმღერა მეგობრულ გარემოში ერთ-ერთი კარგი გასართობია, არაჩვეულებრივი ანტიდეპრესანტიცაა, რადგან ადამიანი როდესაც მღერის, აუცილებლად უმჯობესდება მისი განწყობა.
– არაჩვეულებრივი მუსიკალური მონაცემები აქვს თქვენს ბევრ კოლეგას. მაინტერესებს, ერთად თუ გიმღერიათ?
– თუ გვაქვს თავისუფალი დრო და არის ისეთი გარემო, სადაც სიმღერა შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მეც ავყვები ხოლმე, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათთან შედარებით მე ნაკლები მონაცემები მაქვს, თუმცა როდესაც გემღერება, არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ როგორ მღერის.
– რომელ თქვენს კოლეგას გამოარჩევდით, თავისი განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით?
– ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ მამუკა მდინარაძეს და ბექა ოდიშარიას ვიტყვი.
ოღონდ ეს უნდა იყოს „MTV“-ს 1994 წლის ლაივის ვერსია. რაღაცნაირად რეტრო „ფლეილისტი“ გამოგვივიდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ესეც ჩემს გემოვნებას გამოხატავს. დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანის უსაყვარლესი სიმღერაა და არაჩვეულებრივ ემოციებს აღძრავს მათში ამ კომპოზიციის მოსმენა.
ეს სიმღერა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემს ჩამონათვალში. ფანტასტიკური შესრულებაა, კომპოზიტორზე აღარც ვსაუბრობ. გია ყანჩელის ყველა მელოდია შედევრია. ძალიან გამიჭირდა ერთის არჩევა, თუმცა ეთერისთვის ყველაზე შესაფერისი, ალბათ, ეს სიმღერა იქნება.
– თავად თუ ესწრებით სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებს და რომელი მუსიკალური მიმართულებაა თქვენთვის უფრო მეტად საინტერესო?
– ბოლო პერიოდში, პანდემიიდან გამომდინარე, ალბათ, ყველას შეგვეზღუდა ამის შესაძლებლობა და სიამოვნება. ადრე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლამდე, უფრო მეტად ვტკბებოდი ასეთი აქტივობებით. ქართული, თბილისური მუსიკები განსაკუთრებულად სასიამოვნოა ჩემთვის. კლასიკას შედარებით ნაკლებად ვუსმენ, უფრო მეტად თანამედროვე მელოდიების მოსმენა მიყვარს.
– აუცილებლად უნდა გკითხოთ ქალთა ორგანიზაციაზეც, რომელიც ბოლო პერიოდში წარუდგინეთ საზოგადოებას.
– ძალიან მიხარია, რომ ამ თემასაც შევეხეთ. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თემაა, მეტსაც გეტყვით, როდესაც „ფლეილისტს“ ვარჩევდი, შევეცადე, ჩამონათვალი გენდერულად დაბალანსებული ყოფილიყო. ზოგადად, ქალების გაძლიერება ჩემთვის ძალიან ორგანული თემაა. ალბათ, ყველა ქალი დამეთანხმება, რომ კარიერული წინსვლისას განსაკუთრებულ წინაღობებს გადიან. განსაკუთრებული ვალდებულებები აქვთ ქალებს ოჯახშიც. მთელი ჩემი საქმიანობის და პოლიტიკური მოღვაწეობის მიზანი ქალების გაძლიერებაა. პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს ვხელმძღვანელობ, ახლა კი მოგვეცა საშუალება, პარტიის შიგნით გაგვეკეთებინა ორგანიზაცია, რომელიც ერთის მხრივ, გააძლიერებს ქალებს ჩვენი პარტიის შიგნით და მათ კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფს და მეორეს მხრივ, ჩვენ უფრო ინტენსიურად გავეცნობით და მოვიძიებთ ქალი ამომრჩევლების საჭიროებებს. ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი აქცენტი ქალების გაძლიერება იქნება. ყველაზე მძიმე თემა და გამოწვევა, რომლის წინაშეც ქალები დგანან, ეს არის ძალადობა, რომელიც პერიოდულობით განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენს ხოლმე თავს და ამ მხრივ საკვანძოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოვახდინოთ. აუცილებლად გამოვიყენებ რადიოეთერს, დავგმობ ქალთა მიმართ ძალადობას და საზოგადოების თითოეული წევრის როლს გამოვყოფ ამ ძალადობის აღმოფხვრაში.
ამ სიმღერას ძალიან საინტერესო რიტმი აქვს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ემი ვაინჰაუსი ერთ-ერთი ღირებული შემსრულებელია. სამწუხაროდ მან ადრეულ ასაკში დაასრულა სიცოცხლე და ის ნამდვილად დიდი დანაკლისია ამ სფეროსთვის.
ამ სიმღერის დასახელებაც და შინაარსიც კარგად გამოხატავს ჩემს სურვილს და ჩემს პიროვნებას, რაც ძლიერ და წარმატებულ ქალს გულისხმობს.