საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა წამყვანებმა – ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
ჟურნალისტები გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც მათ კონტრაქტები შეუწყდათ.
„ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა“ – ნინო ზაუტაშვილი
ნინო ზაუტაშვილი: „თუ საჭირო გახდა, წავალთ სტრასბურგშიც და მთვარეზეც, მაგრამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ, რადგან ჩვენ ვჭირდებით იმ ადამიანებს, ვინც საზმაუს მენეჯმენტს და ბორდს არ აინტერესებს“
როგორც ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საქმეს აუცილებლად მოიგებენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.
ნინო ზაუტაშვილი და მისი გუნდი გადაცემა „რეალური სივრციდან“, ასევე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ტელევიზიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ბოლო პერიოდში მუდმივად საუბრობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ნაკლოვანებებზე.
ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებით, ზაუტაშვილსა და ივანოვ-ჩიქოვანს 11 აპრილს კონტრაქტები შეუწყვიტეს, ოთხ თანამშრომელს კი საყვედური გამოუცხადეს.