ნიუ-იორკში მდებარე ცნობილი როკფელერის ცენტრის საახალწლო გაფორმებას უჩვეულო დეკორაცია დაემატა: შენობის გვერდით, სადაც აუქციონის სახლი Christie’s-ის ოფისია განთავსებული, უიშვიათესი Bugatti Type 57S Atalante გამოფინეს. როგორც პორტალი Motor Biscuit აზუსტებს, რარიტეტის სავარაუდო ღირებულება შესაძლოა 10 მილიონ დოლარს აღწევდეს. ამასთან, ვინტაჟური კუპე არა მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებს, არამედ სარეკლამო ფუნქციასაც.

ასეთ უჩვეულო ადგილას გამოფენილი ავტომობილი 1937 წელს არის გამოშვებული. სულ მხოლოდ 17 ეგზემპლარი Bugatti Atalante იქნა აწყობილი და ზუსტად არავინ იცის, რამდენმა მათგანმა მოაღწია დღევანდელ დღემდე. ავტომობილი მოთავსებულია განათებულ მინის კაფსულაში, რაც ერთდროულად მუზეუმის ეფექტს ქმნის და რეტროავტომობილს შესაძლო დაზიანებებისგან იცავს.
ექსპოზიცია შექმნილია გამოფენა Retromobile-ის ორგანიზატორების მიერ. თავად გამოფენა ნიუ-იორკში მხოლოდ ერთ წელიწადში, 2026 წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართება, თუმცა ღონისძიების რეკლამირება და ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ორგანიზატორები ელიან ასობით რარიტეტულ ავტომობილს, დაახლოებით 70 ათას ვიზიტორს და მასშტაბურ აუქციონებს.
საავტომობილო კლასიკისადმი მიძღვნილი გამოფენა თავდაპირველად პარიზში დაარსდა და 2026 წელს, 50 წლის შემდეგ პირველად აშშ-ში გაიმართება. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გამოფენის ორგანიზატორები მსგავსი უნიკალური ავტომობილების დემონსტრირებას ნიუ-იორკის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში გეგმავენ.
გასულ ზაფხულს ერთ-ერთმა არსებული Bugatti Atalante-მა მთელი ჩრდილოეთ ამერიკა მოიარა. მაშინ მისი სავარაუდო ღირებულება გაცილებით მაღალ თანხას – დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეადგენდა.
