ბენჟამინ ფერენცი, ნიურბერგის პროცესის პროკურორი, რომელიც ახლა 101 წლისაა და ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს.
დღესვე ხელი მოაწერა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერების, გორდონ ბრაუნის და ჯონ მეიჯორის პეტიციაზე, რომლებიც ნიურნბერგის პროცესების მაგალითზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას და პუტინის გასამართლებას ითხოვენ.
დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრებს გორდონ ბრაუნსა და ჯონ მეიჯორს ახალი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა სურთ, რომელიც უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ქმედებებს გამოიძიებს.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ლიდერები იმ 140 აკადემიკოსს, ადვოკატსა და პოლიტიკოსს შორის არიან, რომლებიც ხელს აწერენ პეტიციას მოთხოვნით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნაცისტების გასასამართლებლად შექმნილი ნიურნბერგის პროცესის მსგავსი სასამართლო სისტემის შექმნის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უკვე იძიებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებს, მაგრამ სასამართლოს უფლებამოსილება შეზღუდულია. ჰააგის ტრიბუნალს არ შეუძლია განახორციელოს სამართლებრივი დევნა გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვის გარეშე, სადაც რუსეთს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს.
„თუ გზავნილი არ გაიგზავნება ახლა, მაშინ ჩვენ წავაწყდებით აგრესიას სხვა ქვეყნებში, რომელიც შეიძლება ასევე დაუსჯელი დარჩეს“, – განუცხადა ბრაუნმა ბრიტანულ მედიას.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა დასძნა, რომ უკრაინაში ომის დროს მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს. ასევე ადგილი ჰქონდა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებს და „ბირთვულ შანტაჟს“.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ომის დამნაშავედ, გორდონმა უპასუხა: ”ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა და ეს ჩემი შეხედულებაა”.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ამ კვირაში, პირველად უწოდა პუტინს “ომის დამნაშავე”. კრემლმა დაგმო ბაიდენის აღნიშნული განცხადება და მას “მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკა” უწოდა. რუსეთს ომის დანაშაულებში ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში