LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნარკოსცენა იცვლება, დგება საჭიროება ინოვაციური მიდგომები დაინერგოს“ – პირველად პენიტენციურ დაწესებულებებში ზიანის შემცირების პროგრამების ინტეგრაცია განხორციელდა

311
ზიანის შემცირების ქსელი ღონისძიება (2)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა“, „წიგნის სახლში ბახტრიონზე“, პროექტის – „ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში“, შემაჯამებელ ღონისძიება გამართა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელსა“ და პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სამედიცინო დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის დანერგვასა და განვითარებას ითვალისწინებდა.

  • პროექტის მიზნობრიობა 

პროექტის ფარგლებში „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა“, საინფორმაციო შეხვედრა გათავისუფლების მოლოდინში მყოფი მსჯავრდებულებისთვის N5; N10; N12; N15; N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაატარა.

აღნიშნული ღონისძიებებით გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა და პრობაციას დაქვემდებარებულ პირთა ინფორმირებულობა ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის კუთხით.

 

 

ამასთან, როგორც „ზიანის შემცირების ქსელში“ აცხადებენ, პროექტის მიზნის მისაღწევად ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, შემუშავდა საინფორმაციო მასალები, შეთავაზებული იყო დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისები 5 ინფექციაზე (C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, სიფილისი)

სამიზნე ჯგუფებისთვის, მათ შორის პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის, შეთავაზებული იყო რეფერირების სისტემა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მომსახურების ცენტრებში, ასევე, ქალებისთვის საჭირო სპეციფიკურ სერვისებსა და პროფესიულ კურსებში.

  • მიღებული შედეგი 

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა:

  1. ნარკოტიკების მოხმარების და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა/თავიდან აცილება;
  2. მკურნალობა-რეაბილიტაცია;
  3. ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან ასოცირებული სხვა დაავადებისა და ზედოზირების გავრცელების შემცირება/თავიდან აცილება;
  4. ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება.
  • პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:

„ზიანის შემცირების ქსელის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა (თბილისის, რუსთავის და ქსნის დაწესებულებებში, მათ შორის, ქალთა დაწესებულებებში)

პრობაციონერებისთვის ჩატარდა 4 საინფორმაციო შეხვედრა, შემუშავდა საინფორმაციო მასალები, განხორციელდა ზიანის შემცირების სერვისების შეთავაზება პრობაციონერთათვის და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებისთვის.

 

 

განხორციელდა ეფექტური რეფერირების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა, პენიტენციურ სამსახურებსა და ზიანის შემცირების სერვის ცენტრებს შორის, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ქალების გათავისუფლების შემდგომ და ასევე, პრობაციონერი ქალების პროფესიულ კურსში ჩართვა.

  • ზიანის შემცირების სერვისები მოიცავს:

  1.  სწავლება ზედოზირების საკითხებზე – ნალოქსონის დისტრიბუცია
  2.  დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისები 5 ინფექციაზე (C და B ჰეპატიტი, აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, სიფილისი)
  3. რეფერირება „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ სერვის ცენტრებში ქვეყნის 11 ქალაქში

ღონისძიების მიზანსა და განხორციელებულ პროექტზე „ფორტუნამ“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელ დირექტორს, კახა კვაშილავას მოუსმინა:

„ამ დროისთვის არსებული ზიანის შემცირების პროგრამები, რაც ქვეყანაში ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა, სრული მასშტაბით ქვეყნის დაფარვას ვერ ახერხებს, რადგან ჯამში 14 ამბულატორიაა, რაც სრული მოცვისთვის საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება, თუმცა მოცვის მაჩვენებელი მაღალია.

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს და პროექტს, რომლის ირგვლივაც დღეს აქ შევიკრიბეთ – პენიტენციურ დაწესებულებებში ეს პროგრამები საერთოდ არ მუშაობს და ამდენად, ჩვენი ინტერვენცია ამ შემთხვევაში გახლდათ ზიანის შემცირების პროგრამების შესახებ, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდადებულებისა და პრობაციას დაქვემდებარებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

ინფორმაციის მიწოდებაში იგულისხმება მაგალითად, რა არის ზიანის შემცირება, რას ვემსახურებით ჩვენ, რადგან ნარკოტიკების ავად მოხმარების შემდეგ არის ბევრი რისკები და ამ რისკების შესამცირებლად არსებობს ზიანის შემცირების პროგრამები. ეს ყველაფერი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა მზარდია, ასევე მზარდია, ზიანი პრობლემურ/ინტრავენურ მომხმარებლებში, რაც ნიშნავს, რომ ინფექციების გავრცელების პრევალენტობა, ძალიან მაღალია. იქნება ეს აივ/ინფექცია; ცე ჰეპატიტი, ბე ჰეპატიტი თუ სიფილისი.

სწორედ ამ მზარდმა დინამიკამ თავის დროზე გადაგვაწყვეტინა, რომ ამ პროგრამის განხორციელება აუცილებელი და ბუნებრივია, რადგან პრობლემის სიმწვავე დღის წესრიგში ისევ დგას. ბუნებრივია, ნარკოსცენაც იცვლება და ძალიან ხშირად დგება საჭიროება, რომ ზიანის შემცირების პროგრამები გაფართოვდეს და ახალი ინოვაციური მიდგომები დაინერგოს“, – გვითხრა კახა კვაშილავამ.

მისი თქმით, საქართველოში ზიანის შემცირება უფასო ტესტირების სახით მუშაობს, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციონერებში შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით არანაირი სერვისი არ არსებობს.

კვაშილავას მოსაზრებით, შეთავაზების ფარგლებში, ბუნებრივია, ქვეყანაზე მორგებულად, სრულიად შესაძლებელია ამ პროგრამების პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგვა.

რაც შეეხება დასმულ კითხვას, განხორციელებული ეფექტური რეფერირების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რას გულისხმობდა აღნიშნული, კვაშილავამ განმარტა:

„როდესაც ბენეფიციარები ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, რეფერირება ასეთ დროს გულისხმობს იმას, რომ პენიტენციურიდან და პრობაციიდან მოხდეს მომხმარებლების ზიანის შემცირების სერვის ცენტრებში გადამისამართება, რომლებიც მხარდაჭერას საჭიროებენ.

 

 

იქნება ეს უფასო ტესტირებები, მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის დახმარება და ა.შ. ქალებთან მიმართებით ჩვენი ინტერესი კვლავ მაღალია, მაგრამ ამ პროექტის ფარგლებში ქალი პრობაციონერების გამოხმაურება ნაკლები იყო, თუმცა შევძელით ის, რომ ქალებს შევასწავლეთ ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა; ქარგვის, ხატების მოპირკეთების, ტყავზე მუშაობის ტექნიკა და ა.შ. შესაბამისად, ამ მიმართულებით მათი ცოდნა გაიზარდა.

„ჩვენ ვარსებობთ, იმედია, მოვა დრო, როცა ჩვენს ხმას გაიგებენ“ – ნარკომომხმარებელ ქალთა ნამუშევრების გამოფენა და „უხილავი“ პოპულაცია ხილული პრობლემის წინაშე

ღონისძიების ორგანიზატორი „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ გახლდათ და როგორც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ ისაუბრა, დღეს, საქართველოში, ნარკომომხმარებელი ქალები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და სტიგმატიზებული ჯგუფია.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, 5 თვიანი პილოტი განხორციელდა, გაგრძელება არ ვიცით, თუმცა მთელი ამ მუშაობის პროცესში, უწყების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო, როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ისე ტექნიკურად, რადგან მოგეხსენებათ, პენიტენციურ დაწესებულებებში ღონისძიების ჩატარება მარტივი არ არის.“ – განუცხადა „ფორტუნას“ კახა კვაშილავამ.

მარინა ასათიანი – „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მედიაკოორდინატორი:

„დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრებთ იმ პროექტზე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, მათ შორის ქალებსა და პრობაციონერებში ზიანის შემცირებას პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზრდას ემსახურებოდა.

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ ამ ადამიანებს უშუალოდ აწვდის ინფორმაციას, რაც ნიშნავს, რომ სამომავლო პერსპექტივაში, განსაკუთრებით ქალებს ეს პროგრამებზე ხელმისაწვდომობას გაუადვილებს, როგორც ინფორმაციულ დონეზე, ისე ცხოვრებისეული ინტეგრირების პროცესში.“

ნანა ქორიძე – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

„ეს იყო იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულებს საშუალება მიეცათ დაინტერესების შემთხვევაში, დაეფიქსირებინათ თავიანთი ინტერესი ზედოზირების საკითხებთან დაკავშირებით.

პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა შედგა, იყო მაღალი ჩართულობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები, ჩვენს სისტემაში აქტიურად დაინერგება.“

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პროექტში ჩართული ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

magti 5g