LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ჯავახიშვილი მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობის ინტენსივობით უკმაყოფილოა

82

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობის ინტენსივობით უკმაყოფილოა. როგორც მან დღეს მეტროსადგურის მშენებლობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის, თუმცა მშენებლობაზე დასაქმებული კადრები საკმარისი არ არის.

”უკვე გარანტირებულია, რომ მშენებლობა დაგეგმილ ვადაში, მომავალი წლის მაისში დასრულდება, თუმცა ერთი შეხედვით პატარა პრეტენზიები ჩანს – ვფიქრობ, შესაძლებელია უფრო ინტენსიურად იმუშაონ. ეს პროექტი უფრო დიდია, ვიდრე აქ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. მართალია, გრაფიკი შედგენილია, მაგრამ საზოგადოებას რაც უფრო მალე მივცემთ შესაძლებლობას, ისარგებლოს ამ უმნიშვნელოვანესი არტერიის გაგრძელებით, მით უკეთესი. ალბათ, ეს არის გარკვეული ეკონომია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ადგილას მშენებლობა გაცილებით ინტენსიური უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მუნიციპალური განვითარების ფონდს და ზედამხედველობის სამსახურს გაესაუბრება.

თბილისის 23-ე მეტროსადგურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. სამშენებლო სამუშაოები დღეს ნოდარ ჯავახიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ოსალივანმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტის ღირებულება 83 მილიონი ლარია. მეტროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g