ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ ინვესტიციების მოცულობა არ არის ამოვარდნილი იმ საერთო ტენდენციიდან, რაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება.
მისი თქმით, მართალია, ის ოდნავ შემცირებულია, თუმცა არის იმედი, რომ ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და მშენებლობის სექტორში მოცულობა სამომავლოდ გაიზრდება.
“მოდით ნუ ვიქნებით ძალიან კატეგორიულები. შარშან მესამე კვარტალში იყო ინვესტიციების ძალიან მაღალი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციები ოდენობა ოდნავ შემცირებულია, არ არის ამოვარდნილი იმ საერთო ტენდენციიდან, რომელიც ბოლო წლებშია საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება მაჩვენებელი, ვინაიდან ჩვენ ველოდებით ძალიან კონკრეტულ ინვესტიციებს კონკრეტული მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში და მშენებლობაში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება ინვესტორების წახალისების საკითხს, როგორც ხადურმა განმარტა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წახალისება არის ის, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, ინვესტორი პრაქტიკულად, ევროკავშირის ბაზარზე შედის. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც დიდ ბაზრებზე წვდომას კიდევ უფრო ზრდის.
“გარდა ამისა, საქართველოში ინვესტორების უფლებები არის დაცული, მათი ქონება დაცულია და არავინ ეხება მას. საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები აღარ არიან ბიზნესდამტერორებლები, არამედ არიან ბიზნესის პარტნიორები, მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი სტიმულია. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა კიდევ უფრო მორგებული იყოს იმ რეალობას, რომელშიც ვართ”, – განაცხადა ხადურმა.
2015 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის მე-2 კვარტალის მონაცემებს 38%-ით აღემატება. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მე-3 კვარტალში 489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 33%-ით ნაკლებია,