LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდია: ბაიდენმა ღიად დაისახა მიზნად რუსეთის დეპუტინიზაცია, ფაქტობრივად, დასავლეთიც ომის მონაწილეა, ომი გრძელდება და ძალიან მძიმე იქნება

161
გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია პოლონეთში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას აფასებს.

თქვენ იყავით 21-ე საუკუნის ქვეყანა, ახლა ხართ მე-19 საუკუნის ქვეყანა: ბაიდენის მთავარი გზავნილები რუსეთს

გია ნოდია ჯო ბაიდენის მთავარ გზავნილებს აანალიზებს და წერს, რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაიდენმა მიზნად ღიად დაისახა რუსეთის დეპუტინიზაცია.

პოლიტოლოგი წერს, რომ ბაიდენის დღევანდელ გამოსვლაში არ ყოფილა ახალი კონკრეტული წინადადებები უშუალოდ ომის წარმოებასთან დაკავშირებით და ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ილუზიები არ უნდა ჰქონდეს – ომი გრძელდება და ძალიან მძიმე იქნება:

“ბაიდენის დღევანდელ გამოსვლაში არ ყოფილა ახალი კონკრეტული წინადადებები უშუალოდ ომის წარმოებასთან დაკავშირებით. ვინც ამას ელოდა, გაწბილებულია. ილუზიები არ უნდა გვქონდეს: ომი გრძელდება და ძალიან მძიმე იქნება. ამ ემოციურ გამოსვლაში მთავარი იყო ზოგადი აქცენტები: ამ ომში ფსონი არის ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას; ამ ღირებულებათა დაცვის ხაზი დღეს უკრაინის თავისუფლებაზე გადის. უკრაინის მარცხი არის მთლიანად დასავლეთის მარცხი, ამიტომ მან ასეთი მარცხი არ უნდა დაუშვას.

კარგი იქნებოდა, რომ დასავლეთს უფრო პირდაპირი და უშუალო ნაბიჯები გადაედგა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. ამით ომი უფრო მალე მორჩებოდა და ნაკლები ხალხი დაიხოცებოდა.

მაგრამ რასაც დღეს ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი მარცხდება; მთავარი დამსახურება ამაში უკრაინელების არის, მაგრამ ისინი ამ შედეგს დასავლეთის დახმარების გარეშე ვერ მიაღწევდნენ. ფაქტობრივად, დასავლეთიც ომის მონაწილეა და ასე გაგრძელდება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაიდენმა ღიად დაისახა მიზნად რუსეთის დეპუტინიზაცია. ამით პუტინის ომის თავდაპირველი მიზანი შეტრიალდა: ომის შედეგი უკრაინის „დენაციფიკაცია“ კი არ უნდა იყოს (ანუ უკრაინის ხელისუფლების შეცვლა პრორუსული ძალით), არამედ პირიქით, რუსეთის ხელისუფლების იმგვარი შეცვლა, რომ ის აღარ იყოს სახიფათო თავისი მეზობლებისთვის და მსოფლიოსთვის.

ცხადია, ამერიკას ამის პირდაპირი ბერკეტი ვერ ექნება და ადვილია ბაიდენის კრიტიკა, რომ მისი განცხადება ცარიელი სიტყვებია. ცხადია, ამერიკა ვერ შევა მოსკოვში და ვერ ჩამოაგდებს პუტინს, როგორც შევიდა ბაღდადში და ჩამოაგდო სადამ ჰუსეინი (თანაც ეს ბოლო პრეცედენტი საბოლოოდ მაინცდამაინც წარმატებული არ გამოდგა). მაგრამ ბაიდენის სიტყვები არის სიგნალი რუს ხალხს და რუსულ ელიტებს: სანამ პუტინისგან და პუტინიზმისგან არ გათავისუფლდებით, ცივილიზებული სამყაროსგან გარიყული დარჩებით. თუ დასავლეთი შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროგრამის გარშემო, ეს მთლად ცარიელი სიტყვები აღარ არის”, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g