LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდია: ხელისუფლებამ მორალური ლეგიტიმურობის ის ნარჩენებიც დაკარგა, რაც ჰქონდა

198
nodiiaaaaa

პოლიტოლოგი გია ნოდია პარლემენტის შენობის წინ გუშინ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას აფასებს. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ მორალური ლეგიტიმურობის ის ნარჩენებიც დაკარგა, რაც ჰქონდა. როგორც გია ნოდია აღნიშნავს, კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯები უნდა გადადგას.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა ვითარების განსამუხტად საკმარისი არ არის.

“ხელისუფლებამ ორჯერ გამოისვა ყელში დანა: ჯერ გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასმით, მერე იმით, თუ როგორ დაშალა საპროტესტო აქცია.

დიახ, ხელისუფლებას აქციის დაშლის საფუძველი ჰქონდა. დიახ, ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში შეჭრისკენ იყო სრულიად უპასუხისმგებლო და მას გამართლება არა აქვს. დიახ, პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი.

2007 წლის 7 ნოემბერსაც და, მითუმეტეს, 2011 წლის 26 მაისსაც იმდროინდელ ხელისუფლებას აქციების დაშლის ლეგალური საფუძველი ჰქონდა. მაგრამ ამის გაკეთება მას სერიოზულ პოლიტიკურ ფასად დაუჯდა. ამ ხელისუფლების სპიკერებმა და მომხრეებმა ის დაშლები წინა ხელისუფლებას უპატიებელ დანაშაულად ჩაუთვალეს. ახლა თვითონ უარესი გააკეთეს.

ამ შემთხევაში, თვითონ დაშლის პროცესი იყო, ერთი მხრივ, არაპროფესიონალიზმის, მეორეს მხრივ კი, გაუმართლებელი სისასტიკის მაგალითი. რეზინის ტყვიების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმით, რომ ის ნამდვილ ტყვიებს ჯობია. მაგრამ ეს გამართლება შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დანაშაულის აღკვეთის იმწამიერი აუცილებლობა არსებობს. როდესაც პარლამენტის შენობაში შეჭრის საფრთხე აღარ არის და მაინც რეზინის ტყვიებით დასდევ ხალხს ქუჩებსა და სკვერებში, ეს შეუძლებელია რამით გაამართლო.

ხელისუფლებამ მორალური ლეგიტიმურობის ის ნარჩენებიც დაკარგა, რაც ჰქონდა. მაგრამ ეს სიხარულის საფუძველი არ უნდა იყოს – ეს ქვეყნისთვის, სახელმწიფოებისთვის უდიდესი საფრთხეა. ქვეყანას ლეგიტიმური ძალაუფლება სჭირდება. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება, თუმცა ეს ძალიან ძნელია.

ოპოზიციის მხრიდან ეს უნდა ნიშნავდეს სადღაც შევარდნის და რაღაცის დაკავების ცთუნებაზე უარის თქმას. ცთუნება არსებობს, თითქოს რევოლუციური მომენტია, მაგრამ კარგი ამას არაფერი მოყვება.

მეორეს მხრივ, მშვიდობიანი მასობრივი პროტესტი გამართლებულიცაა და აუცილებელიც. ოღონდ სრულიად არაპროდუქტიული იქნება, რომ მათ რომელიმე ერთი პარტია მოექცეს სათავეში (თუნდაც ამ წუთში „კოალიცია“ ერქვას). ვიცი, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ წამყვანმა პარტიებმა სიმწიფე უნდა აჩვენონ იმით, რომ ქმედებების რაღაც გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იქნება მისაღები – მათ შორის იმ არაპარტიული აქტივისტებითვისაც, ვისი ინიციატივითაც გუშინდელი აქცია საერთოდ შედგა.

კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯები უნდა გადადგას. 2007 წელს პრეზიდენტი გადადგა – ახლა ეს შეუძლებელია, რადგან არაფორმალური ლიდერი ვერ გადადგება. კობახიძის და გახარიას გადადგომა აუცილებელია, მაგრამ უკვე არასაკმარისი.

რაკი სრულად პროპორციული არჩევნების წესი არის ის, რაც საზოგადოებას ასე თუ ისე აერთიანებს, ხელისუფლება ამას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს.

არ ვიცი, ესეც საკმარისი იქნება თუ არა, რომ საქმეს ეშველოს, მაგრამ აუცილებელი კია”- წერს გია ნოდია

თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებდნენ. საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხალხის პროტესტით დესტრუქციულმა ძალამ ისარგებლა და ეს პროტესტი პოლიტიკურად გამოიყენა. მამუკა ბახტაძის თქმით, მათ იძალადეს პოლიციელებზე.

ბახტაძე: ხელისუფლება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას დაიცავს

"პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული"

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g