“ცეკვავენ ვარსკვლავების” მორიგი სეზონი სტარტს მალე კვლავ “იმედის” ეთერში აიღებს. საცეკვაო პროექტი, რომელმაც სამეჯლისო ცეკვებს საქართველოში დიდი პოპულარობა შესძინა, სავარაუდოდ, აპრილში დაუბრუნდება ეკრანებს.
რაც შეეხება დაბრუნებას, ამ მხრივ პროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა. “ცეკვების” პროდიუსერი კვლავ ნოე სულაბერიძე იქნება. ის უკვე ერთი თვეა, “იმედში” დაბრუნდა. შეგახსენებთ, სწორედ ნოე გახლდათ უცხოური შოუს ქართული ანალოგის პირველი რამდენიმე სეზონის პროდიუსერი.
ბოლოს მას “ჯი-დი-ეს”-ზე ღამის თოქშოუ მიჰყავდა დათო ქაცარავასთან ერთად. შოუ ჯერჯერობით ეთერშია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ არხზე თითქმის ყველა გასართობი გადაცემა დაიხურა, როგორც ჩანს, “18+”-ს იგივე ბედი ემუქრება.
ნოეს ჯერჯერობით არ უნდა ვრცლად “ცეკვებთან” დაკავშირებულ გეგმებზე საუბარი. “ფორტუნას” დაუდასტურა, რომ “ცეკვებზე” ისევ იმუშავებს.