ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასი ძირითადად იზრდება და ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას მარტის თვის შემდეგ. კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 10,40 დოლარით/ბარელზე ანუ 27,8%-ით და დღეისათვის შეადგენს 47,86 დოლარს/ბარელზე.
„ნავთობის ფასის მატება განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: 1. საიმედო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლის იანვრის თვიდან დაიწყება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოება; 2. აშშ-ის გენერალური სერვისების ადმინისტრაციის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპის თანხმობა ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება. კერძოდ, ბენზინის ფასი ნოემბრის თვის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით 67,5$-ით/ტონაზე ანუ 19,8%-ით 407,50 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით 82,5$-ით/ტონაზე ანუ 27%-ით 388,25 დოლარამდე/ტონაზე.
აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, ნოემბრის თვის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 3,2327 ერთეულს და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,3193 ერთეულს.
რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ნოემბრის თვიდან დაწყებული საწვავის ფასი გაზრდილია ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 7-13 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,10-2,29 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,28-2,39 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი – 2,45-2,49 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი – 2,27-2,39 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი – 2,17-2,33 ლარი/ლიტრაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ეტაპზე საწვავის ფასის მხოლოდ ამ დოზით ზრდა მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების მიერ არსებობდა დაბალფასიანი საწვავის გარკვეული მარაგები, რაც გარკვეულწილად აბალანსებდა საბითუმო ბაზარს. თუმცა, საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასი იზრდება, რასაც ემატება ლარის კურსის გაუფასურება, რაც იწვევს საწვავის ფასის მატებას როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე“, – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.