LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ ნუ გაანადგურებთ ფიზიკურად ცოცხლად გადარჩენილ 20 წლის ახალგაზრდებს“ – ახვლედიანის ოჯახი აპირებს „ტვ პირველს“ უჩივლოს

421
vaxo axvlediani shaqara

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ტვ პირველის“ სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ ახვლედიანმა ჩვენება რადიკალურად შეცვალა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

„არხზე გავიდა ვახო ახვლედიანის მეორე ჩვენების ეს ნაწილი: „აშკარა იყო, რომ მათ ჩვენი ცემა არ უნდოდათ.“

რეალურ ჩვენებაში კი წერია საპირისპირო: „აშკარა იყო, რომ ჩვენს საცემად მორბოდნენ“.

„ჩვენების საპირისპირო კონტექსტში გაშუქების მიზანი, სავარაუდოდ, ტრაგედიით დამძიმებული შაქარაშვილების ოჯახის წევრების კიდევ უფრო გაღიზიანება იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საინფორმაციო სამსახური უკვე კვირაზე მეტია ავრცელებს დეზინფორმაციებს ვახოს შესახებ, თითქოს ის იყო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მათ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი. ასევე, არ არის სიმართლე, თითქოს ვახო ახვლედიანი პირველივე წამებიდან იყო აგარაკის კიბეებთან მომხდარი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი.

ვახო ახვლედიანი არასწორად არის მონიშნული წითლად არხის მიერ გაშიფრულ ვიდეომასალაში. ვახოს ეცვა შორტი, იმ კონკრეტულ ეპიზოდში მონიშნულ ახალგაზრდას კი შარვალი აცვია.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და არ არის გამორიცხული, მივმართოთ სასამართლოსაც.  სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება არაერთი გაყალბებული ფაქტი თუ ჩვენება, რაც 20 წლის დაზარალებული ბიჭის ფსიქიკას ანადგურებს და მის სტიგმატიზირებას ახდენს. ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ.

ექსპერტების შეფასებით, ის ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი – გიორგი ქათამაძე.

ვახო ახვლედიანს, გიორგი ქათამაძეს და კოკო ღიბრაძეს ამ საქმეში აქვთ დაზარალებულის სტატუსი. სამწუხაროა, რომ ხშირად ამ საქმეში აქცენტი არ არის ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე, ბრალდებულებზე და არის მსხვერპლზე.

მიმდინარეობს ამ დაზარალებული ახალგაზრდების მასობრივი ბულინგი. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, ფიზიკურად ცოცხლად გადარჩენილ 20 წლის ახალგაზრდებს ნუ გაანადგურებენ მორალურად დაუზუსტებელი, არაეთიკური ან განგებ გაყალბებული ინფორმაციით. იმედს ვიტოვებთ, საქმე უმოკლეს პერიოდში გაიხსნება. მანამდე კი გამძლეობას ვუსურვებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს!” – აცხადებს ახვლედიანის ოჯახი.

 

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ვახო ახვლედიანმა შეცვალა ჩვენება, რასაც გარდაცვლილის ოჯახის კრიტიკა მოჰყვა.

„შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა სჯობია, რისთვის იჯექი კურდღელივით ბუჩქებში“ – შაქარაშვილის და მოწმეს დაუპირისპირდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g