ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. სხდომაზე ჩვენება “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მისცა.
ჩვენების მიცემის დასრულების შემდეგ კი ხაზარაძესა და პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.
კერძოდ, პროკურორმა ხაზარაძეს კითხვა დაუსვა, “ლელოს” ლიდერმა კი პროკურორის მიმიკებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის “ძველბიჭურად” ესაუბრება:
“ნუ მაწვები, ასე ვერ შემაშინებ, თვალებს ნუ მიქაჩავ-მეთქი…
ამ კაცს ეს მიმიკები შეაცვლევინე. ეს რა მანერაა, პროკურორი რომ ასე გელაპარაკება, პროკურორი რომ ასე ძველბიჭურად მელაპარაკება, ამიხსენით”, – მიმართა ხაზარაძემ მოსამართლეს.
ხაზარაძის ამ განცხადებას კი პროკურორმა “ქუჩური გამოსვლა” უწოდა:
“ეს იყო ქუჩური გამოსვლა, რაც ახლა გააკეთა. ჩემს არც ერთ შეკითხვაში არ ყოფილა არც ისეთი ინტონაციები და არც ისეთი ტონი. ჩემი ინტონაცია გამომდინარეობს მისი ყვირილიდან. ვცდილობ, მისი ყვირილი გადავფარო. რაც ახლა იკადრა – ვფიქრობ, სასამართლო წესი დაარღვია, რადგან ბრალდების მხარეს ასეთი ფორმით მოგვმართა და გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომა.” – აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.