“ნუ შევაყრით მოქალაქეებს თვალში ნაცარს და ნუ დავარწმუნებთ, რომ თითქოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ეს მოსახლეობის მოტყუებაა! ეს არის არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ პარტიების ინტერესში.” – აცხადებს უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე და ამბობს, რომ უმიზეზოდ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამო, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ცუდ პრეცედენტს გააჩენს.
მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციას მოუწოდა, მოლაპარაკებებთან მიმართებაში დამოკიდებულება შეცვალოს და აღნიშნა, რომ ეს არ არის ვინმესთვის კომფორტის შექმნის საკითხი და ეს საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებას სჭირდება.
უმრავლესობის დეპუტატი აქვე აცხადებს, რომ ოპოზიციას დიდი სურვილი აქვს, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი რეალურ კრიზისში გარდაქმნას.
“ოპოზიციისადმი ჩემი შეთავაზება იქნებოდა, შეიცვალონ დამოკიდებულებები იმისათვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანი აღმოჩნდეს. ეს ყველაზე მეტად ქვეყნის შემდგომ განვითარებას სჭირდება. რაც შეეხება მოლაპარაკებების ფორმატს, ნებისმიერი ფორმატი, მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვას უნდა მიესადაგოს. ამ თვალსაზრისით, ფორმებზეც საფიქრალი გვექნება, მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად.” – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები იმ მიმართულებით, რასაც მოლაპარაკებების პროცესში სადისკუსიო საკითხები ჰქვია.