26 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულა” კომპანიის ”შუხმან ვაინს ჯორჯია” გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი სტუმრობდა.
გერმანული ენის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ, ნუცამ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – ჯიპა დაამთავრა საჯარო მოხელეს კვალიფიკაციით. პროფესიონალური განვითარება ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში გააგრძელა, მოგვიანებით კი, კომპანიის ”შუხმან ვაინს ჯორჯიას” გენერალური დირექტორის პოსტიც ჩაიბარა.
– ნუცა, რამდენადაც ვიცი, გაიხსნა ”შუხმან ვაინს ბარი”, რითი გამოირჩევა თქვენი რესტორანი სხვა კვების ობიექტებისგან?
– ”შუხმან ვაინსის” მთავარი მიზანი ღვინის მირთმევის კულტურასთან ერთად ქართული გასტრონომიის წინა პლანზე წამოწევაც იყო, რადგან ვთვლით, რომ ღვინო ბევრად უფრო საინტერესოა, როცა მას შესაბამისი კერძიც ახლავს თან. ქართული სამზარეულო კი, ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ მრავალფეროვანი ქართული ღვინო აბსოლუტურად შეესაბემებოდეს მდიდარ ქართულ სამზარეულოს. სწორად ეს სურვილი ამოძრავებდა ჩვენს კომპანიას და ძველ თბილისში, ქარვასლაში შექმნა ახალი პროექტი ”შუხმან ვაინს ბარი” , სადაც ქართული თანამედროვე სამზარეულო, რომელზეც უკვე ერთი წელია აქტიურად ვმუშაობთ უცხოელ შეფ-მზარეულებთან, ჰარმონიულად შეერწყა ძველ თბილისურ გარემოს. ასე რომ, ნებისმიერს შეუძლია მიბრძანდეს ჩვენს რესტორანში, ისტორიულ ატმოსფეროში დააგემოვნოს ქართული სამზარეულო და მიირთვას კარგი ღვინო. ”შუხმან ვაინს ბარი”, ძირითადად ტურისტულ სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა განსხვავდება სხვა ქვეყნებში არსებული სერვისებისგან, რადგან ჩვენ ყველა იმ ტრადიციის გაერთიანება შევძელით, რაც საქართველოს მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება და ყველა სტუმრისთვის საინტერესოა.
– რამდენადაც ვიცი, ნოემბრის თვეში თქვენი რესტორნის მენიუში გარკვეული ცვლილებები იგეგმება.
– გეთანხმებით. იმისთვის, რომ ბიზნესი კონკურენტული იყოს, ის მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. ამიტომ, ვცდილობთ განვაახლოთ სერვისი, შევცვალოთ მენიუ და ახალი კერძები შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს.
– ყურადღება მინდა გავამახვილო მიშლენის ვარსკვლავზე. როგორც ვიცი, ნოემბერში უცხოელი ექსპერტებიც ჩამოვლენ.
– როგორც ავღნიშნე, ჩვენი მიზანი ქართული გასტრონომიის წინა პლანზე წამოწევა იყო და სწორედ ამიტომ შეიქმნა რესტორანი. გარდა ამისა, გვსურს, რომ ქართული სამზარეულო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იყოს წარმოდგენილი, ეს კი ტრადიციების გათვალისწინებით მუდმივად ახლის შექმნას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით მოვიწვიეთ უცხოელი ექსპერტები.
– მოდით, გავიხსენოთ ”შუხმან ვანს ჯორჯიას” ისტორია. როგორ შეიქმნა კომპანია?
– კომპანია 2009 წელს დაარსდა და მართალია არ აქვს დიდი ისტორია, მაინც მოახერხა წარმატების მოპოვება, რადგან ჩვენი კომპანია ორ ტრადიციული სექტორის – მეღვინეობას და ტურიზმს აერთიანებს, ეს სფეროები კი, ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესოა. კომპანიას საფუძველი გერმანელმა მეცენატმა დაუდო, რომელმაც საკუთარი თავისთვის კახეთი აღმოაჩინა და ამ რეგიონის ღვინის უნიკალურობა და მთელ მსოფლიოში გავრცელების პოტენციალი დაინახა. კახეთის გულში, სოფელ კისისხევში მოეწყო შატოს ტიპის კომპლექსი, სადაც თანამედროვე ელემენტები ქართულ ტრადიციებთან გაერთიანდა. კომპლექსი ძალიან მიმზიდველ ადგილად იქცა რეგიონში, რომელსაც წელიწადში სულ მცირე 20 000 ადამიანი სტუმრობს. ჩვენი ღვინო კი, 20-მდე ქვეყანაში გადის.
– რა სირთულეები ჰქონდა კომპანიას ამ წლების განმავლობაში, როგორია კონკურენცია ღვინის წარმოების სფეროში?
– მთავარი, რაც კონკურენტებისგან განგვასხვევებს და განსაკუთრებით მიმზიდველს და საინტერესოს გვხდის, ჩვენი ძირითადი მიმართულება – მეღვინეობა და მისი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ქვევრია, რომლითაც ქართული მეღვინეობა იწონებს თავს და კონკურენტულს გვაქცევს არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვევრების მეურნეობა ასზე მეტ ქვევრს ითვლის, ჩვენი წარმოებული ღვინო კი, საშუალებას გვაძლევს თავი მოვიწონოთ მსოფლიოში და მოვიპოვოთ პრესტიჟული ჯილდოები. წელს ჩვენი კომპანია ერთ-ერთი იყო იმ 100 კომპანიას შორის რომელიც წამყვანი მეღვინეობის ჯილდოთი აღინიშნა. საქართველოში მხოლოდ ჩვენი კომპანიაა ამ ჯილდოს მფლობელი. წარმატება ევროპული სტანდარტებით დამზადებულმა ღვინომ ე.წ. ”მწვანემ” მოგვიტანა, რომელიც იშვიათი კახური ჯიშია და საკმაოდ ლიმიტირებული პარტიით გამოვიდა.
– ქალბატონი ბიზნესში – არის თუ არა ქალი პრივილიგირებული მამაკაცთა წრეში?
– ეს ალბათ უფრო ქართული ტრადიციაა, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა. უცხოეთში კი, უფრო თანასწორობის პოლიტიკა მოქმედებს. როგორც ვიცით გენდერული თანასწორობის და ემანსიპაციის პრინციპები სწორედ დასავლეთიდან მოდის, ამიტომ ქალბატონებს ამ კუთხით ნაკლები უპირატესობა ენიჭებათ.
– რატომ ბიზნესი და რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
– ბავშვობაში პედიატრობა მინდოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ოჯახურ ტრადიციას გავყევი და მეღვინეობა ავირჩიე, რადგან მამაც, ბაბუაც და თითქმის ყველა ჩემი წინაპარი მეღვინე იყო.
– რა როლი ითამაშა ასოცირების ხელშეკრულებამ ქართული ღვინის საზღვარგარეთ გატანის საქმეში და რომელ ქვეყნებში ვრცელდება ქართული ღვინო ყველაზე მეტად?
– მნიშვნელოვანი გარდატეხები და გამოწვევები მოხდა ქართულ ბიზნესში ბოლო დროს და ასოცირების ხელშეკრულება ერთ-ერთია მათ შორის. თუმცა, ქართული ღვინო მანამდეც საკმაოდ განვითარებული იყო და მოძებნილი ჰქონდა გასაღების ბაზრები. ყველა მეღვინე, მათ შორის ჩვენი კომპანიაც ძალიან აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რაც ქართული ღვინის ევროპისა და აზიის ბაზრებზე გატანას უწყობს ხელს. ასოცირების ხელშეკრულებამ ბევრად გაამარტივა ეს პროცესი. ქართული ღვინო უკვე მოხვდა მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზრებზე, რაც ძალიან შეუწყობს ხელს ჩვენს უკეთ გაცნობას.
– რომელ ქვეყნებში ხორციელდება ყველაზე მსხვილი ექსპორტი?
– ჯერჯერობით პოსტსაბჭოტა ქვეყნების ბაზრები დომინირებს, რადგან ამ ქვეყნებში ყველაზე კარგად გვიცნობენ. თუმცა, საკმაოდ სერიოზული კამპანიაა წამოწყებული ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და იმედი მაქვს, მალე მთელი მსოფლიო გაგვიცნობს და მოთხოვნაც გაიზრდება.
– თქვენი აზრით, რამდენად სამართლია წელს ყურძნის ფასი?
– შარშან რთველის ბუმი იყო და მოთხოვნიდან გამომდინარე ფასიც მაღალი დაფიქსირდა. ამგვარი შედეგი რუსეთის ბაზრის გახსნამ განაპირობა, რაც ერთის მხრივ კარგია, რადგან დიდი თანხა შემოვიდა ქართულ ეკონომიკაში და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში, მეორეს მხრივ კი, გაიზარდა ქართული ღვინის თვითღირებულება, რამაც ხელი შეუშალა მის კონკურენტუნარიანობას მსოფლიოს ღვინოებს შორის, რადგან ქართული ღვინო გაძვირდა. წელს ფასი ყურძენზე ვთვლი რომ სამართლიანი და ლოგიკური იყო – ის ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც მოთხოვნა, ანუ რადგან მოთხოვნა დაბალი იყო, ამიტომ ფასიც შედარებით ნაკლები დაფიქსირდა.
– იმოქმედა თუ არა ვალუტის კურსის ცვლილებამ თქვენს ბიზნესზე?
– ნაკლებად, რადგან ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვართ. ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია სავალუტო რყევები, მაგრამ პროდუქციის ექსპორტით დაკავებულ ბიზნესს ნაკლებად ეხება მსგავსი პრობლემები.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ ქართული მეღვინეობის სტანდარტები, გავხადოთ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული მთელ მსოფლიოში.
– თქვენი აზრით რა პერსპექტივები აქვს ტურიზმის სფეროს საქართველოში და რა წვლილი შეიტანა თქვენმა კომპანიან ამ სფეროს განვითარებაში?
– რამდენიმე დღის წინ კისისხევში კიდევ ერთი სასტუმრო გავხსენით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ტურიზმი საქართველოში იზრდება, ”შუხმან ვაინს ჯორჯია” კი, სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ტურისტებს მუდმივად ახალ სერვისებს სთავაზობს და ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შექმნას მათი დასვენებისთვის. მომავალი სეზონისთვის ღვინის სპა ცენტრის გაკეთებასაც ვგეგმავთ. გარდა ამისა, გამოვუშვით ყურძნის წიპწის ზეთი, რომელიც ძალიან საინტერესო პროდუქტია როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინაში. მალე მის ექსპორტსაც დავიწყებთ და კიდევ ერთი პროდუქტი გავა მსოფლიო ბაზარზე ქართული ბრენდით.
– რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს ეტიკეტის ცოდნა საქმიანი ქალბატონისთვის?
– რასაკვირველია, ეტიკეტის ცოდნა ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის საჭიროა, რადგან ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია და ეტიკეტი აქვს. რამდენადაც ვიცი, ევროპასა და ამერიაკში სპეციალური ტრეინინგ-კურსები არის, საქართველოში კი, მსგავსი კურსები არ არსებობს. უხერხული მდგომარეობაში ერთხელ თვითონაც აღმოვჩნდი, როცა ერთ-ერთ შეხვედრაზე მობილური ტელეფონი მაგიდაზე დავდე, მართალია გამიმართლა და იმ მომენტში არავინ დარეკა, მაგრამ ტელეფონის არსებობა უკვე გახდა გარკვეული დისკომფორტის მიზეზი.
– როგორია ნუცა აბრამიშვილი საქმეში. როგორი ხელმძღვანელი ბრძანდებით და რა კრიტერიუმებით აფასებთ თანამშრომლებს?
– როგორი ხელმძღვანელი ვარ, არ ვიცი. ალბათ მეგობრული და ამავე დროს ძალიან მომთხოვნიც. უპირატესობას გუნდური პრინციპით მუშაობას ვანიჭებ, რადგან ვთვლი, რომ თუ მიზანი საერთოა, მაშინ მუშაობაც ერთობლივი უნდა იყოს.
– თქვენი აზრით რა სტილს უნდა ინარჩუნებდეს ქალი ბიზნესში?
– ალბათ კლასიკურ სტილს და მაქსიმალურად სადას ყველანაირი მოდური ტენდენციების გარეშე.
– რას ანიჭებთ უპირატესობას, სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებას თუ ნელა და გააზრებულად?
– სიტუაციას გააჩნია, ხშირად ორივე საჭიროა.
ბლიც-კითხვები
– კომპანიის ”შუხმან ვაინს ჯორჯიას” სლოგანი?
– ”დაათვრე შენი გონება!”
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?
– შეუძლებელი არაფერია.
– რომელ ღვინოს ირჩევთ თვითონ?
– ქვევრის საფერავს.
– როგორია თქვენი დილა?
– ძალიან ქაოტური.
– გადატვირტული დღის შემდეგ რა გირჩევნიათ – აუზი და ფიტნეს-კლუბი თუ ბარი და კოქტეილი მეგობრებთან ერთად?
– რა თქმა უნდა ორივე.
– რას დახატავდით ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ?
– ღვინის ბოთლს.
– თქვენი აზრით რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?
– სამწუხაროდ არ არსებობს წარმატების ზუსტი ფორმულა. მთავარია ნებისმიერმა იცოდეს რა უნდა ცხოვრებაში, ზუსტად წარმოიდგინოს და გააცნობიეროს საკუთარი სურვილი, საკუთარი თავი ამ როლში და აუცილებლად ყველაფერს მიაღწევს. გარდა ამისა, არასდროს არ უნდა გავჩერდეთ მიღწეულზე და მუდმივად ვიფიქროთ წინსვლაზე.
აუდიო ჩანაწერი: