LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე ალბანურ ფესტივალზე გამარჯვების შესახებ: „ვფიქრობ, ახლა „ევროვიზიისთვისაც“ მზად ვარ!..“

1401
page

ნუცა ბუზალაძემ ალბანურ კონკურსში საერთაშორისო კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. მომღერალი მზადაა, საქართველო ყველაზე დიდ მუსიკალურ ფორუმზე, „ევროვიზიაზე“ წარადგინოს და აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ კუთხით…

ნუცა ბუზალაძე: „ეს გამარჯვება მხოლოდ მე არ მეკუთვნის!..“

ვიდეო: კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება – ნუცა ბუზალაძემ Kenga Magjike 2021 მოიგო

ნუცა ბუზალაძე:

ეს ფესტივალი ალბანეთში მრავალი წელია, არსებობს, მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, საერთაშორისო გახდა და სხვა ქვეყნების კონკურსანტებსაც შეუძლიათ მონაწილეობა. არის ორი კატეგორია, ერთში მხოლოდ ალბანელი იმარჯვებს, მეორეში კი – სხვა ქვეყნის კონკურსანტი. სულ ორი კატეგორია აქვთ გამოყოფილი გამარჯვებულებისთვის. საერთაშორისო კატეგორიაში მონაწილეობდნენ კონკურსანტები იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, ბელგიიდან, ხორვატიიდან და ა.შ. კონკურსი არ ტარდება მხოლოდ ევროპული ქვეყნებისთვის. ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია მონაწილეობა. ორივე კატეგორიის გამარჯვებულისთვის ერთი და იგივე პრიზია, პირველი ადგილი.

მთელი ცხოვრება კონკურსებში მონაწილეობ…

გამიხარდა, რომ ალბანური ფესტივალის ფარგლებში, მომღერლებს საკუთარი სიმღერების წარდგენა შეეძლოთ. მიშო სულუხიამ ეს სიმღერა ხუთი წლის წინ დამიწერა. ვერც ერთ სიტუაციას ვერ მოვარგე, უფრო სწორად, ვინახავდი, არ მინდოდა, რომ ასე ვთქვათ, „გამეფუჭებინა“. ველოდებოდი სწორ მომენტს მის გამოსაყენებლად და ეს დროც დადგა.

მახსოვს, მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა, რომლითაც „ახალი ტალღა“ მოიგე, 13 წლის ასაკში დაგიწერა…

ეს სიმღერაც შენახული მქონდა და ვფიქრობ, ძალიან ამართლებს ეს მიდგომა. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში რაც ხდება, გამართლებასთან ერთად, დიდი შრომის შედეგია. ცუდს ყოველთვის კარგი მოჰყვება.

ალბანურ ფესტივალზე, როგორც ვიცი, ამ სფეროს პროფესიონალები მუშაობდნენ.

ვფიქრობ, გადაღების სტილიდან დაწყებული, სტაფიდან დასრულებული, ყველა მომენტი პროფესიონალიზმს უკავშირდება. მაგალითად, მათი სცენის დირექტორს მაიკლ ჯეკსონსა თუ ჯეი ლოსთან აქვს ნამუშევარი. ამ ფესტივალზე სწორედ ასეთი გამოცდილების ხალხი მუშაობდა. მათი გაცნობა და მათთან თანამშრომლობა უდიდესი გამოცდილებაა, გამარჯვებას რომ თავი დავანებოთ.

თავად რას გეუბნებოდნენ?

პირველ დღეს რომ ჩავედი და ვიმღერე, ისეთი აურა შეიქმნა, რომ ყველა ფიქრობდა, გამარჯვებული ვიქნებოდი. ძალიან დადებითად განეწყვნენ ჩემ მიმართ. ძალიან დაფასებულად ვგრძნობდი თავს ყოველდღე. ზოგადად, ნიჭიერ ადამიანებს აფასებენ, მაგრამ ამასთან ერთად, ადამიანობასაც. ფესტივალებსა და კონკურსებზე, სიმღერისა და ნიჭის გარდა, ადამიანურ თვისებებსაც ძალიან აფასებენ. უნდა იყო კომუნიკაბელური, თბილი და კარგი ადამიანი. ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს.

იქაური მაყურებელი გცნობდა?

მე, ძირითადად, დავდიოდი რესტორნებში, ტელევიზიასა და სასტუმროში. იქ ყველა მცნობდა. ამ ფესტივალმა, გამარჯვების გარდა, საჭირო ადამიანები გამაცნო, რომლებიც დამეხმარებიან იმაში, რომ ჩემი რეპერტუარი უფრო მრავალფეროვანი გახდეს, მქონდეს ისეთი სიმღერები, როგორიც აქვთ საერთაშორისო მომღერლებს. ყველაფერი მაინც კონტაქტებს უკავშირდება. გავიცანი კარგი კომპოზიტორები და რეჟისორები, ახლო მომავალში ალბათ, რაღაცებზე შევთანხმდებით.

მინდა გკითხო შენს კოსმიურ ჩაცმულობაზე. ვინ დაგეხმარა იმიჯის შექმნაში?

მაკიაჟს ყოველთვის თავად ვიკეთებ, რადგან ვერავის ვანდობ. ფესტივალის კრეატიულმა დირექტორმა გამაგზავნა საუკეთესო სტილისტთან, ვინც ამ ღონისძიებაზე მუშაობდა. კაბები პირველ ჯერზეც და ფინალზეც ლაშა ჯოხაძემ შექმნა. ნახევარფინალიდან ფინალამდე ორი დღე იყო დარჩენილი. ერთმა დიზაინერმა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ვარსკვლავებთან მუშაობს, შემომთავაზა, ფინალისთვის ახალ ლუქს მე შეგიქმნიო. ფიქრობდა, ლაკის კაბა შეეკერა ჩემთვის, მაგრამ ვერ მოვასწარით.

ზოგადად, ჩაცმას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. თუ არ მაცვია კომფორტულად და არ მომწონს ჩემი ჩაცმულობა, შეიძლება, კარგად ვერ ვიმღერო, არ ვიქნები თავდაჯერებული, თუკი ისეთი ვარცხნილობა არ მექნება, როგორიც ჩაფიქრებული მაქვს.

ისე, შენზე ამბობენ, ძალიან ჯიუტიაო…

ასეა (იცინის). რქებით არ ვაწვები ყველაფერს, სხვის მოსაზრებას ვუსმენ, მაგრამ აზრის შეცვლა ჩემთვის მარტივი არ არის. თუკი გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ ადამიანი მართალია, ვუჯერებ. თუ ჰაერზე ლაპარაკობს, ყოველთვის ჩემი გამაქვს (იცინის).

ვიხილე „ევროვიზიის“ ჯგუფი, სადაც შენს ამ კონკურსზე გამგზავრებას ითხოვენ საქართველოს სახელით.

მხოლოდ ამ ჯგუფში არა, ბევრი მწერს ამის შესახებ, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ემიგრანტებიც და გარდა ამისა, ალბანურ ფესტივალზეც უამრავი ადამიანი მეკითხებოდა, რატომ არ ვიყავი „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით. „ევროვიზიაზე“ სან მარინოს კონკურსანტის მედიამენეჯერი იყო ალბანეთში ასევე ჩემი მენეჯერი. როგორც კი დასრულდა „ევროვიზია“, რამდენიმე ადამიანი ამ ჯგუფიდან ჩამოვიდა ალბანეთში, ფესტივალზე. მეკითხებოდნენ, აქ რატომ ხარ და იქ რატომ არაო. ამ კითხვას მონაწილეებიც მისვამდნენ…

მეც დავწერე პოსტი ამ თემაზე. ადრე არ ვიყავი მზად, სიმართლე რომ ვთქვა, „ევროვიზიაზე“ გამოსასვლელად, რადგან ღირსეულად წარსადგენად სხვანაირი გამოცდილება გჭირდება. ახლა ვარ მზად, სურვილიც მაქვს დიდი, თუმცა შესარჩევ ტურს აქვს დიდი მნიშვნელობა. სიმღერა უნდა შეირჩეს ისე, რომ გაამართლოს. მინდა, რამდენიმე სიმღერა დავაწერინო სხვადასხვა კომპოზიტორს, ჩავწერო, გავამზადო და ხალხს მივანდო არჩევანის გაკეთება. რამდენიმე ქვეყანაში მიცნობს ხალხი, მაყურებელი. რომ დამინახავენ, რა თქმა უნდა, ესემესებსაც გამოაგზავნიან, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს – როცა მხოლოდ ერთ ქვეყანაში არ გიცნობენ, რადგან ეს „ევროვიზიაზე“ ძალიან მნიშვნელოვანია.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g