LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე: „მე არც პოლიტიკაში ვარ ჩართული, არც ის ვიცი, ვინ ვის მხარესაა და ვისთან ვიმღერე, ის რა პოზიციაზეა, არც ეს ვიცი…“

33
ნუცა-ბუზალაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ევროვიზია! ოცნებები ხდება! გპირდებით მთელს გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო“ – ნუცა ბუზალაძე 

დიდი წარმატებების შემდეგ, როდესაც შენ თავთან მარტო დარჩი, რაზე იფიქრე? 

ზოგადად, როცა რაღაცით ძალიან კმაყოფილი ხარ, შემდეგ გაუმჯობესებაზე აღარ ფიქრობ. ერთი-ორი დღე ვტკბები ხოლმე, შემდეგ აღარ. მთავარია, რას აკეთებ ახლა და რას გააკეთებ. რომ გადავწყვიტე კასტინგში მონაწილეობა, ეს ამბავი მხოლოდ ჩემმა ორმა მეგობარმა და დეიდაშვილმა იცოდნენ. როცა ჰოლივუდის ბილეთი მომცეს, დედაჩემს მაშინ ვუთხარი.

როგორი იყო ამერიკაში შენი პირველი დღეები?

ძალიან სასიამოვნო და დატვირთული, მე ზოგადად ვგიჟდები, როცა დატვირთული ვარ, ქაოსი მიყვარს. უამრავ სხვადასხვანაირ ადამიანს შევხვდი, ვისწავლე, როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ წარმატებას მიაღწიო. მოზომილად უნდა გააკეთო ყველაფერი, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს. ამერიკამ დიდი გამოცილება მომცა, უფრო მეტად მასწავლა შრომა და შრომის ფასი.

შენ ისევ ის ხარ, არ შეცვლილხარ…

ზოგადად, რაც გეძლევა, უცბად შეიძლება წაგერთვას, იმ ასაკიდან გამოვედი, თავში არაფერი მივარდება. არავინ არავისზე მეტი და ნაკლები არ არის, მე ასეთი შეხედულება მაქვს. როგორც ადამიანი, არაფერმა არ უნდა გაგაფუჭოს.

American Idol-ზე შენი პირველი გამოსვლა გაიხსენე…

ძალიან ვინერვიულე, კამერებმა კარგად აღბეჭდეს ჩემი ემოციები. ეს იყო დიდი ოცნების ახდენა, ისეთ ეიფორიაში ჩამაგდო, ორი დღე არ მეძინა, თუმცა შემდგომ უკვე ყველაფერს ეჩვევი. კეტი პერის რატომღაც ჩემი „გლითერები“ არ მოსწონდა. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ როცა ასეთ შოუში შედიხარ, შენც მსახიობი უნდა გახდე, ასე რომ, ეს ყველაფერი გულთან ახლოს არ მიმიტანია. მომწონს, როცა სწორად მაძლევენ შენიშვნებს. რაც შეეხება ჩაცმულობას,  მომწონს ჩვენი დიზაინერები, თავდაჯერებულს მხდის უფრო მეტად, როცა ის მაცვია, რაც მომწონს. ვიღაცას მოსწონდა ჩემი ჩაცმულობა, ვიღაცას არ მოსწონდა. ლაიონელ რიჩი ისე მექცეოდა, როგორც მამა, ძალიან თბილი იყო.

რა ხდებოდა კულისებს მიღმა?

საშინელი სტრესი იყო, ჭამის დრო აღარ გვქონდა. ზოგჯერ ნერვები მეშლებოდა, შევიდოდი ოთახში, ყოველ წამს ხან ერთი მიკაკუნებდა, ხან – მეორე. საგიჟეთში ხარ, თუ ნებისყოფა არ გაქვს, სადღაც გიმტყუნებს ნერვები.

შენმა მეწყვილემ საკმაოდ ცუდად ისაუბრა შენზე…

კი, ასე იყო, მაგრამ საბედნიეროდ კარგად იყო აღბეჭდილი ყველაფერი და რეალობა დაინახა ყველამ. ეს გოგონა ვერ უძლებდა ამ სტრესს. დედამისს ელაპარაკებოდა სულ, ყველაფერს მას ეკითხებოდა, როგორ ემღერა, რა ეთქვა და ა.შ… მე ის ძალიან შემეცოდა, როგორც ადამიანი. რამდენიმე თვის შემდეგ პოსტი დაწერა, ნუცა, მიყვარხარო…

დუეტი კაილი მინოუგთან…

არ მეძინა, ყველას ვუთხარი ეს ამბავი, წარმოვიდგენდი, როგორ გამოვიდოდი მასთან ერთად სცენაზე, თუმცა ზოგადად, ყველაზე მიუწვდომელი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე საოცრად უბრალოები, მან თავისი ბრენდის შამპანური გამომიგზავნა წარწერით. ერთადერთი ის იყო, რომ უნდოდა, შავები ჩამეცვა, არადა, სტილისტებმა წითელი ტანსაცმელი შემირჩიეს.

ამ კონკურსის შემდეგ უცბად ყველაფერი შეიცვალა და ნუცა ბუზალაძე გახდა ბულინგის მსხვერპლი…

მსხვერპლი მაშინ ხარ, როცა ამ ყველაფერს იღებ, მაგრამ მე თუ ვთვლი, რომ არ შემეშალა, შესაბამისად, მსხვერპლიც არ ვარ. ბევრმა მართლა ვერ გაიგო, რა მოხდა. მე რუსეთში მანამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ. ყველაფერს ვაკეთებ გააზრებულად. უბრალოდ, არ მესიამოვნა,  ვიდეოები რომ დადეს და თქვეს, რომ კონცერტი გავმართე. ეს არ იყო კონცერტი, ეს იყო დაბადების დღე. შოკში ვიყავი. მე ჩემს „ფეისბუკს“ არ ვმართავ, არც სტატიებს ვკითხულობ, ამიტომ ვინ რას წერდა, არ მინახავს. არც პოლიტიკაში ვარ ჩართული, პოლიტიკურად ვინ ვის მხარესაა, არც ეს ვიცი. ვისთან ვიმღერე, ის რა პოზიციაზეა, არც ეს ვიცი და კი, ეს ჩემი პრობლემაა.

როგორც ვიცი, სუნამოს გამოშვება გსურს…

„ევროვიზია“ რომ შევა ცხელ ფაზაში, იმ დროს მინდა, რომ გამოვიდეს ჩემი სუნამო.  ტანისამოსის ხაზსაც ვუშვებ, თუმცა ცოტა უნდა გადავდო ეს საკითხი. „ევროვიზიისთვის“ ძალიან დიდი დროა საჭირო, მაისამდე სულ დაკავებული ვიქნები, შემდეგ უკვე ამასაც  მივხედავ.

ახლა კი „ევროვიზიაზე“ გვესაუბრე…

ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყველა ძალიან ჩართულია, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და მთელი გუნდი. ეს ექშენი, დაძაბულობა… ვგიჟდები ამ შეგრძნებებზე, ძალიან ვემზადები. რაც შეეხება მონახაზს, ვიცით, რომ გვინდა ცეცხლი, გვსურს, ყველა გაერთოს, ყველას ბედნიერების განცდა ჰქონდეს, არ გვინდა ტირილი და ვაი-ვუი. სიმღერა არ იქნება ქართული. რაც შეეხება კოსტიუმებს, ყველა ჩემი ლუქი მინდა იყოს ქართველი დიზაინერების.  ახლა მაიამიში მივდივარ, ჩემს პროდიუსერთან უნდა ვიმუშაო, შემდეგ კლიპსაც გადავიღებთ, რაც უკვე „ევროვიზიის“ შემდეგ გამოვა. შემდეგ უკვე „გრემის“ დაჯილდოებაა და იქაც ვიქნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები