LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე: პატრონი გვჭირდება უპირველეს ყოვლისა

33

გადაცემის სტუმარი მომღერალი ნუცა ბუზალაძე იყო. საუბარი მისი შემოქმედებისა და სამომავლო გეგმების გარშემო წარიმართა.

ნუცა, დავიწყოთ თავიდან. „იურმალაზე“ არავის ეგონა, რომ საქართველო გაიმარჯვებდა…
– კი და ეგ უფრო მაგარია. ეს ყველაფერი უფრო დიდ ძალას და სტიმულს მაძლევს, რომ შეგიძლია დაამტკიცო, რომ ძლიერი ხარ. ჩემს ხასიათშიც ზის ეს ყველაფერი.

რა მოგცა ამ კონკურსმა?
– მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. გამზარდა, 17 წლის ვიყავი მაშინ და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ მე წარმედგინა საქართველო, იმიტომ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და დამიფასდა. მაგრამ თურქეთის შემთხვევაში სხვა რამ მოხდა, მე გავაკეთე ყველაფერი, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მოხდა ისე, რომ წავაგე.

– „იურმალაზე“ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა შეასრულე, რომელზეც შემდეგ გულდაწყვეტილმა თქვი, რომ არ გაჰიტდა…
– კი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან კარგი სიმღერაა, იმდენად, რომ მსოფლიო ჰიტი უნდა იყოს. გული დამწყდა, რომ ადამიანებმა ყურადღება არ მიაქციეს. თუმცა, მაინც მინდა, რომ ამ სიმღერაზე კლიპი გადავიღო სტამბულში.

„იურმალაზე“ აღებული ფულით გინდოდა ბინის ყიდვა, იყიდე?
– მინდოდა კი, მაგრამ არ მეყო. მაშინ 17 წლის ვიყავი და ცალკე სახლი მინდოდა, ახლა 19-ის ვარ და ისევ მინდა, 20 წლის სანამ გავხდები, ამ სურვილს ავისრულებ. მანამდე ოჯახთან ერთად ვცხოვრობ.

ამის შემდეგ იყო მორიგი პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“, სადაც ფეხი მოიტეხე..
– კი, ეს იყო ჩემი დაცემა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. რატომღაც მეგონა, რომ გავიმარჯვებდი, ყველა ჩემს გარშემო ამ აზრზე ვიყავი და უცებ საერთოდ პროექტის გარეთ დავრჩი. თუმცა, ესეც კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის. მეტიც, ეს „დაცემა“ ჩემთვის აუცილებელიც იყო, თავში ავადნისმაგვარი რომ არ დამმართოდა.

– თუ გაქვს ურთიერთობა რუსული ესტრადის წარმომადგენლებთან და შემოთავაზება თუ გქონდა მათგან?
– კი, მაქვს ურთიერთობა. „იურმალადან“ მაშინვე გვქონდა შემოთავაზება „წლის სიმღერაზე“, მაგრამ არ მოვინდომე დიდად. არ მინდა ნაწილობრივ მაინც რუსეთში გადავსულიყავი საცხოვრებლად. ჩემთვის თურქეთი უფრო მეორე სამშობლოა, ვიდრე რუსეთი.

რა შეცვალა „იურმალამ“ შენს ცხოვრებაში?
– მე ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი რომ არ ყოფილიყო, საერთოდ არაფერი არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. როდესაც ამდენი კონკურენტის ფონზე ხდები პირველი, დაუვიწყარი შეგრძნებაა.  „იურმალა“ ერთი დიდი ნათელი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში.

არასოდეს საუბრობ პირადზე…
– კი, არ მიყვარს პირადზე საუბარი, მაგრამ ვიცი, რომ ყველას აინტერესებს.

გყავს შეყვარებული?
– არა.

თაყვანისმცემლები?
– კი.

რა პროფესიას ეუფლები?
– თვის ბოლოს გადავდივარ სტამბულში და ის ვაპირებ კონსერვატორიაში ვისწავლო. 21 წლის რომ გავხდები ამერიკაში მინდა სასწავლებლად წასვლა. რა თქმა უნდა, მომღერლისა და მსახიობის განხრით.

ადამიანი, რომელიც წარმატებაში დაგეხმარა…
– ლელა წურწუმია, რუსა მორჩილაზე, ბერა და რა თქმა უნდა დედა და დეიდა.

– თურქეთის „ვოისზე“ რას გვეტყვი? გაბრაზდი რომ ვერ მოიგე?
– რა თქმა უნდა, როდესაც ასე იმღერებ, გექნება ასეთი ტაში, როგორიც გქონდა და რომ გგონია, რომ კარგი იყო და ყველას მოეწონე და ბოლოს გამოდის ისე, რომ 10 ქულით გისწრებს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი სტილის, რომელიც იყო მეცხვარე და იმღერა ძველი თურქული სიმღერა, არ მომცეს მისი მოგების საშუალება. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მეორედაც ინგლისური სიმღერა ვიმღერე და არა თურქული, თუმცა ეს მენტორის გადასაწყვეტი იყო და არა ჩემი. როდესაც პროექტში შევდიოდი, ვიცოდი, რომ თუ თურქულ სიმღერას არ ვიმღერებდი, ვერ მოვიგებდი. ეს ხალხი ძალიან დიდ პატივს სცემს საკუთარ ტრადიციებსა და კულტურას. კარგი გაკვეთილი იყო, ესეც საჭიროა ცხოვრებაში – შეიძლება ბევრი იშრომო და მაინც წააგო. ასე ბალანსდება ყველაფერი.

რომ შევადაროთ „იურმალა“ და „ვოისი“, რომელი უფრო დახვეწილია?
– რა თქმა უნდა „იურმალა“, ის სხვა დონეა. 17 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ და კონკურენცია იქ არის თუ არის. მითუმეტეს, ამ კონკურსს რომ იგებ, საოცარი შეგრძნებაა.

როგორია ნუცა სახლში?
– უხასიათო. შევდივარ ჩემს ოთახში, ვიკეთებ ყურსასმენებს და ვერავინ შემოდის. მე თუ გავალ ოთახიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ დამელაპარაკონ.

კერძების მომზადება თუ გეხერხება?
– ცოტ-ცოტა, თუ დამჭირდა გავაკეთებ. ძალიან კარგად გამომდის კექსი.

– როგორი უნდა იყოს შენი მეორე ნახევარი?
– ისეთი, რომ დამეხმაროს წარმატების მიღწევაში. სხვა შემთხვევაში ჩემს გვერდით ადამიანი ვერ იქნება. თუმცა, ეს შორეული მომავალია და ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობ ამაზე.

რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი პირადად?
– თინა თერნერს პირველ რიგში, სანამ ცოცხალია. ბიონსე, კრისტინა აგილერა და თითოეულ მათგანს ვკითხავდი, რა იყო მათი წარმატების საიდუმლო.

რა დამოკიდებულება გაქვს ქართულ შოუ-ბიზნესთან?
– საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ პატრონი გვჭირდება უპირველეს ყოვლისა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს ლეიბლი, რომელთანაც მომღერალი აფორმებს კონტრაქტს და ჩვენთან ეს არ არის. სანამ ეს არ იქნება, მართლა არაფერი გვეშველება. არ შეიძლება, რომ მომღერალი თავისი სახსრებით იღებდეს კლიპს. ეს ყველაფერი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი საერთაშორისო დონის შემსრულებელი იქნებოდა.

წარმატებებს გისურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები