LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა თოფურია: „ობიექტი არსებობს… როცა საჭიროდ ჩავთვლი, შემდეგ გაიგებს ყველა…“

585
ნუცა-თოფურია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ნუცა თოფურია, რომელმაც თავის კარიერაზე, სამომავლო გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე გულწრფელად ისაუბრა.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, გვიამბე შენი ბავშვობის შესახებ…

სამი წლიდან ვმღერი, მშობლები მატყობდნენ, რომ ნიჭი მქონდა, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მომღერალი გავმხდარიყავი, სწავლა მთავარი იყო. 10 წლის ვიყავი, როცა „ანა-ბანაში“ მივიღე მონაწილეობა. ეს პროექტი ყველას უყვარდა, ქუჩაში ყველა მცნობდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მარინა ბერიძეს, მე მარინას აღმოჩენილი ვარ. ჩემი ყველა პროექტი მარინას უკავშირდება. ჩუმად შევავსე ანკეტა, მხოლოდ ბებიამ იცოდა. არ მყოლია ვოკალის პედაგოგი, უბრალოდ სახლში ვმღეროდი, მშობლებს არ სურდათ, იმედი გამცრუებოდა, მაგრამ მე ზუსტად იმ მომენტში მინდოდა ეს ყველაფერი. თავიდან მეგონა, რომ არ ამირჩიეს, რომ დაგვირეკეს, არ გვჯეროდა. შემდეგ დაიწყო საუკეთესო ეტაპი. პროექტის მერვე სეზონი მოვიგე და გრანპრიც ავიღე. ძალიან ვამაყობ ამით. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, მათ ყველაფერი მომცეს.

რა იყო შემდეგ?

იყო რაღაც პროექტებიც, სხვა ქვეყანაშიც ვიყავი გასტროლებით. შემდეგ ჩავაბარე „ჯიპაში“, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე.19 წლის ასაკში პროექტი „მხოლოდ ქართული“ გამოჩნდა. აქ პირიქით მოხდა, მე აღარ მინდოდა, მეგონა, რომ არ ვიყავი მომზადებული და უკვე ჩემი მშობლები ჩაერთნენ საქმეში, მეც მივედი ამ პროექტში. იქ ისევ მარინა ბერიძე დამხვდა. მას ჩემთვის უამრავი რამ აქვს გაკეთებული, ამას არასდროს დავივიწყებ. „ოქროს ღილაკით“ პირდაპირ ათეულში მოვხვდი. კიდევ ერთი საოცარი ეტაპი დამეწყო, ჩემი სადებიუტო ალბომი გამოვიდა და სოლოკონცერტიც გავმართე. როცა ამას ვიხსენებ, სიამაყით ვივსები.

შენს კარიერაში იყო კინო და ტელევიზია….

საბავშვო მუსიკალური პროექტი წავიყვანე. ძალიან მსიამოვნებს კამერებთან ურთიერთობა, ყოველთვის ვთანხმდები ხოლმე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ სწორ ადგილზე აღმოჩენა მნიშვნელოვანია. იყო სერიალიც, არ მქონდა მოლოდინები, თუმცა ძალიან პოპულარული გახდა, ქუჩაში უკვე სერიალებით მცნობდნენ, თან, მსახიობობა სულ მინდოდა.

ხშირად გიწვეს თავის მართლება?

არასდროს არ დამჭირვებია სერიოზულად თავის მართლება. საკუთარ თავზე ხმაურიანი ჭორები არ მომდის ხოლმე. ერთ-ერთი კი იყო ძალიან სასაცილო. დაიწერა, ნუცა თოფურიას თავის სოლო ალბომი თაყვანისმცემელმა დაუფინანსაო, გავგიჟდი. ეს ჩემთვის მიუღებელია. წარმოუდგენელია, ვინმე რომ გიწერს, გამოიყენა ფულიანი ტიპიო…

შემდეგ იყო აქციები, სადაც ვიდექი, მაგ პერიოდში ყველაფერი გავაუქმე, რაც კი მქონდა. არ მქონდა არანაირი სურვილი იმ კონცერტების ჩატარების, არ მეხალისებოდა. შემდეგ უკვე საჭორო გახდა კონცერტების ჩატარება, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი გაჩერებული.

შენ და მარიამ შენგელია…

ზოგადად, ხალხი თავისით გადაწყვეტს ხოლმე ყველაფერს და სცენარს წერს. ასე მოხდა ჩემი და მარიამის შემთხვევაშიც. ის არ არის მხოლოდ მეგობარი ჩემთვის, მუდამ განსაკუთრებული იყო, ის ოჯახის წევრია. რაც უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რა პოზიციაზეც უნდა ვიყოთ, ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით. იწერებოდა სათაურები, ნუცამ მარიამს „ევროვიზიაზე“ მონაწილეობა არ მიულოცაო, არადა, მას პოსტი დავუწერე, მაგრამ ხალხმა ამას არ მიქცია ყურადღება. მაქსიმალურად ვიყავი პროცესში ჩართული. მე და მარიამს ამ თემაზე გვიცინია კიდეც ერთად.

რა ხდება პირად ფრონტზე…

ობიექტი არსებობს, თუმცა სერიოზული არაფერი ჯერჯერობით, ჯერ დაკვირვების პროცესში ვარ. ზოგადად, არანაირი ჭორი არ ყოფილა ჩემს პირადზე, არავინ არაფერი არ იცის. როცა საჭიროდ ჩავთვლი, შემდეგ გაიგებს ყველა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები