ნუკი კოშკელიშვილი აქციიდან ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ საკუთარ პროდუქციას ვერ დააანონსებს მაშინ, როდესაც საქართველოში მშვიდობიან დემონსტრანტებს იჭერენ:
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი”, როდესაც ამ წინადადებისთვის მშვიდობიან დემონსტრანტებს იჭერენ და ფეხქვეშ იგდებენ, ჩვენ, როგორც სახალხო ქართულ-ევროპული ბრენდი, ვერაფრით ვერ დავაანონსებთ ახალ პროდუქციას, ვიცი ბევრი ელოდა, მაგრამ ჩვენ ვდგავართ ჩვენს მომხმარებელთან ერთად! წინ ევროპული მომავლისკენ!..“
ცნობისათვის, საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.
28 ნოემბრიდან დღემდე, უკვე მე-6 დღეა, რაც დედაქალაქში აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თბილისთან ერთად, საპროტესტო გამოსვლებია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.