როგორ შეიძლება ერთდროულად იყო ორი შვილის დედა, მეუღლე და წარმატებული ბიზნესვუმენი? – OK!-სთან ინტერვიუში ნუკი გულწრფელად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორის ჩართულობა ყოველდღიურობაში და რატომ არ უნდა უწევდეს ქალს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და საკუთარ სურვილებს შორის, რადგან ბედნიერი დედა, რომელიც საკუთარ თავსაც არ ივიწყებს, საბოლოოდ ბედნიერი ოჯახის საფუძველია.
კითხვაზე: რას ეტყოდით დედებს, რომლებსაც მუდმივად უწევთ კომპრომისზე წასვლა და ამავდროულად მეუღლისგან არ იღებენ პასუხისმგებლობების თანაბარ განაწილებას? – ნუკიმ უპასუხა:
„როცა ჩემი პირველი შვილი დაიბადა, სულ მასთან ვიყავი. ცოტა რომ წამოიზარდა (4-5 წლის) ბენი აქტიურად ჩაერთო მის აღზრდაში. ცოტა ხნის წინ ოვისთან ვსაუბრობდი: გახსოვს, სულ ერთად ვიყავი-მეთქი, და მიპასუხა: არა, ჩემთან სულ მამა იყოო. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვს არ ახსოვს, ვინ რამდენი ღამე გაათენა და ა.შ.
ქართველმა დედებმა იციან, გადადებენ თავს შვილის გამო და საკუთარი თავი აღარ ახსოვთ. არა, დედობა არ ნიშნავს საკუთარი თავისა და პირადი ცხოვრების დავიწყებას.
ახალბედა დედებს ვეტყოდი: თქვენი სურვილები, თქვენი განვითარება და თქვენი კეთილდღეობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ბავშვის. არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნის, აუცილებელია დაელაპარაკოთ პარტნიორს, გაინაწილოთ შრომა და თანაბრად მოუაროთ ბავშვს. ყველას გაგვიგია ფრაზები: „რა კარგი მამაა“, „როგორ ეხმარება ცოლს ბავშვის მოვლაში“, მაგრამ იშვიათად ვინმემ შეაქოს ქალი იმის გამო, რომ მშობელთა კრებაზე მივიდა ან ბავშვი პარკში გაასეირნა, კაცს კი შეაქებენ. სინამდვილეში მამა კი არ ეხმარება დედას, არამედ მშობლის საკუთარ პასუხისმგებლობას ასრულებს. ბავშვის აღზრდა ხომ ორივე მშობლის პასუხისმგებლობაა.
კიდევ ერთი ფრაზაა, რაც ხშირად მომისმენია: „შვილების გამო ოჯახი არ დავანგრიე“. მე კი ვფიქრობ, შვილი მაშინაა ბედნიერი, როცა დედაა ბედნიერი. როცა დედა საკუთარ თავსაც უფრთხილდება, ეს საბოლოოდ მთელი ოჯახის კეთილდღეობაზეც აისახება“ – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი OK!-სთან.
