LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუმეროლოგია სარკისებურად ასახავს, რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში, თუ რა უნარებით, თვისებებით, მისიით დაიბადა ის“ – ანზორ ოდიშარია

62
odisharia

4 მაისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა ნუმეროლოგია იყო. რადიოს მსმენელმა გაიგო თუ რა თვისებების, შესაძლებლობების, ენერგეტიკის და ა.შ. მატარებელია, დაბადების რიცხვიდან გამომდინარე.

ანზორ ოდიშარია: ძალიან საინტერესო პერიოდში ვართ, მაისი დაიწყო და ეს დადებითი ენერგია უკვე იგრძნობა სამყაროში. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება ქალური ენერგიები. იზრდება სიყვარულის ენერგია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ამიტომ გამოიყენეთ ეს პერიოდი. თუ ახალგაზრდა ადამიანები ეძებენ პარტნიორს, ამ პერიოდში უფრო მარტივად შეძლებენ ურთიერთობის აწყობას. თუ თქვენ უკვე ხართ ურთიერთობაში, შეგიძლიათ ეს პერიოდი ამ ურთიერთობის გასაძლიერებლად, გასახალისებლად გამოიყენოთ. ნუ გეშინიათ, იყავით თამამები, თავისუფლები, რადგან ძირითადად ემოციების გამოხატვის შეზღუდვა უშლის ხელს სიყვარულის ენერგიას. არ არის სამარცხვინო თუ ვინმე მოგწონთ ან გიყვართ. სიყვარული ყველაზე ძლიერი ენერგიაა და თუ თქვენ საკუთარ თავს მისცემთ უფლებას, რომ სიყვარულში იყოთ ბედნიერი, თავისუფალი და შეიგრძნოთ ეს ყველაფერი, მაშინ თქვენს ცხოვრებაში სასწაულები მოხდება. ჩემი რჩევაა, ჩაეხუტოთ ოჯახის წევრებს და უთხრათ თუ როგორ გიყვართ ისინი, ამით გააბედნიერებთ როგორც მათ, ასევე საკუთარ თავს.

მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისამდე დაბნელების კორიდორია და ეს ხელს უშლის გარკვეული პროექტების, ახალი საწყისების განვითარებას, ურთიერთობები არის ის გამონაკლისი, რომელიც შეგიძლიათ გააქტიუროთ.

ანზორ, რა თემაზე ვისაუბრებთ დღეს?

დღეს ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიცაა ნუმეროლოგია და რომელიც ყველას დაგჭირდებათ თქვენი ცხოვრების და ბედისწერის უკეთესად წარმართვისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დაბადების რიცხვზე და განვიხილავთ მათ მნიშვნელობას, თუმცა დღეს მხოლოდ 15 რიცხვის ჩათვლით განვიხილავთ აღნიშნულ თემას, დანარჩენ რიცხვებს შემდეგ გადაცემაში გავეცნობით.

ნუმეროლოგია ჩვენს ბედისწერასთან არის დაკავშირებული?

ნუმეროლოგია სარკისებურად ასახავს იმას, თუ რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში და თუ რა უნარებით, თვისებებით, მისიით და ა.შ. დაიბადა ადამიანი. მისი დახმარებით ვიგებთ, რა პრობლემებს შეიძლება შეეჯახოს კონკრეტული პიროვნება, რა შეფერხება შეიძლება ჰქონდეს მას, როდის აქვს მას კარგი თუ ცუდი პერიოდი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და სხვა.

პირველ რიცხვში დაბადებული ადამიანები ბავშვურები არიან. მათ განსაკუთრებული ენერგია მისდით სამყაროსგან. მათი ენერგია მზესთან არის კავშირში. მათ ეძლევათ უნარი გამოხატონ თავიანთი შესაძლებლობები. უყვართ ბევრი საქმის ერთდროულად კეთება და ეს მათი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეა.  არიან ძალიან აქტიურები, იმპულსურები, ენერგიულები, სწრაფები. საქმეში და კარიერაში ინდივიდუალურობით გამოირჩევიან. ისინი ეძებენ პარტნიორს, რომ გააერთიანონ ენერგიები.  ამ ადამიანებს ხშირად უჭირთ ურთიერთობის შენარჩუნება. ურთიერთობის გასაჯანსაღებლად მუდმივი აქტიურობა და სიახლეები სჭირდებათ. პირველ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ცვალებადი ხასიათი აქვთ. გირჩევთ, რომ ყოველთვის  ენერგიულები, მიზანსწრაფულები იყოთ და შუა გზაში არასდროს მიატოვოთ საქმე, რადგან ეს კარმულ ვალად შეიძლება დაგრჩეთ. არ შეიძლება დაუსრულებელი ურთიერთობები, ყოველთვის ბოლო წერტილამდე მიიყვანეთ ურთიერთობა, ესაუბრეთ პარტნიორს და უთხარით, რომ ყველაფერი დასრულდა. როცა ვალები გიგროვდებათ, იქმნება ენერგეტიკული პრობლემები.

ორ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს საიდუმლოებისკენ აქვთ მიდრეკილება. მათ ძლიერი ინტუიცია აქვთ, თითქოს იციან, რა უნდა აკეთონ, სად უნდა მოიპოვონ წარმატება, ხვდებიან, სად არის მათი ადგილი. პრობლემა გახლავთ ის, რომ მათ იციან, რა არის სწორი, იციან, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ ამბობენ, ვერ გამოხატავენ. უჭირთ ურთიერთობა, კომუნიკაცია, შინაგანი ენერგიის გამოთავისუფლება. თუ ისინი ისწავლიან შინაგანი ენერგიის გამოთავისუფლებას, კომუნიკაციას, მათი წარმატების ენერგია გაიზრდება. ფსიქოლოგიურად მიდრეკილები არიან შფოთვისკენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათი შინაგანი ენერგია გამოთავისუფლებული არ არის, ეს კი მათ ემოციებს აზიანებს და მათი რესურსებიც არაჰარმონიულად ვითარდება. მათ უმართლებთ ცხოვრებაში. 22-24 წელი არის ასაკი, როცა უნდა დაამტკიცონ შესაძლებლობები, მიიღონ გამოცდილება. 33-34 წელი მათ ცხოვრებაში კარმულ ნიშანს ასრულებს, იღებენ იმ შედეგებს, რისთვისაც 24 წლის ასაკში შრომობდნენ. 44-დან 52 წლამდე კიდევ ერთხელ გამოიცდებიან ამ რიცხვში დაბადებული ქალბატონები. ჩვენ მათ ვურჩევთ სამყურას ტარებას საფულით, რადგან მას ფინანსური ენერგია მოაქვს. ბრელოკის სახით პატარა წიგნის სიმბოლოს თუ ატარებენ, ეს მათ წარმატებას მოუტანთ.

სამ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს საოცარი მზრუნველობის ენერგია აქვთ, ისინი ზრუნავენ სხვებზე. თავის ენერგიას მზრუნველობაში ავლენენ. არიან იდეალური ბიზნესმენები. იციან, როგორ უნდა გაყიდონ და როგორ უნდა იყიდონ. არიან გადასარევი კულინარები. უყვართ მცენარეები და ზოგადად სამყარო.  გააკონტროლეთ, რომ სხვებმა არ გმართონ, არ გამოგიყენონ, არ მიითვისონ თქვენი დადებითი რესურსი. ისწავლეთ როდის უნდა თქვათ კი და როდის არა. ეს ადამიანები ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ კარიერაშიც და სასიყვარულო ურთიერთობებშიც, თუ რამე ხელის შემშლელი კომბინაცია არ არის დაბადების თარიღში. მათ ძლიერი მფარველი ანგელოზი ჰყავთ. მათი სიმბოლო არის სამკუთხედი და პურის თავთავები. თუ პურის თავთავები თქვენთან ახლოს გექნებათ განთავსებული, ეს ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. სამკუთხედის სიმბოლო წარმატებას მოიზიდავს. ამ ადამიანებს ხშირად ვურჩევთ წითელი ძაფის ტარებას. 3 წარმატებულ დაბადების თარიღად ითვლება.

ოთხ რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან პრინციპულები არიან, რაც მათთვის  ხელის შემშლელიც შეიძლება გახდეს გარკვეულ საკითხებში. არიან სტაბილურები, მყარები. მათ იციან, რა და რატომ უნდათ. მათი პრობლემაა, რომ უჭირთ ახალი ენერგიის მიღება, ადვილად არ იღებენ სიახლეებს და ისეთ რაღაცებს, რაც მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. მიდრეკილები არიან ინფორმაციის გადამოწმებისკენ და ფიქრისკენ. უცხო ადამიანები ხშირად იწვევენ კონფლიქტური სიტუაციებისკენ, რადგან არ ესმით მათი. თუ 4 რიცხვში დაბადებული ადამიანი წარმატებას აღწევს, მას დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავს, ამიტომ ძირითადად წარმატებულები არიან. ხერხემლის სვეტი და ძვალსახსროვანი სისტემები მათთვის ცოტა პრობლემატურია. სპორტული აქტივობები მათთვის წარმატებულია. მათი მთავარი თილისმაა სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ისინი გრძნობენ სახლის ენერგიას. აუცილებელია საძინებელში საწოლი არ იყოს კედელთან მიდგმული, ეს მათ წარმატებას კეტავს. თუ ეს ნიშანი კარგად არ დაისვენებს, არ გამოიძინებს, ექნება შიშები.

ხუთ რიცხვში დაბადებული ადამიანები სწავლულები არიან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კარმულად დაიბადნენ მასწავლებლებად. მათ ხშირად ეკითხებიან აზრს და თავადაც ხშირად უჩნდებათ სურვილი ჩაერიონ ყველაფერში. აქვთ ინფორმაციის დიდი მარაგი. ეს ადამიანები ყოველთვის საინტერესოდ საუბრობენ, მათთან კომუნიკაცია ერთი ბედნიერებაა. ეს არის ნიშანი, რომელსაც სამსახიობო უნარები გააჩნია. ეს ადამიანები ბავშვებთან ურთიერთობით იღებენ ბედნიერებას. კარგი იქნება თუ მათ ექნებათ გასაღების ფორმის სიმბოლო, რომელზეც იტყვიან, რომ მათი წარმატების გზის გასაღებია. მათ შეუძლიათ გასაღების სიმბოლო საფულით ატარონ ან მობილურის ეკრანზე დააყენონ გასაღების ფოტო. ასეთ ადამიანებს ორგანიზაციაში წარმატება მოაქვთ, რადგან ისინი არიან პრაქტიკულები, იციან თავიანთი საქმე და ხელს უწყობენ ფინანსური ენერგეტიკის შემოდინებას, მაგრამ სამი 5 რიცხვში დაბადებული ადამიანი ერთ ოთახში არ უნდა დასხდეს, რადგან იქ საოცრება მოხდება. მათ შეიძლება აწუხებდეთ წონის პრობლემები.

ექვს რიცხვში დაბადებულ ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. ორდებიან, დიდხანს ფიქრობენ თუ რა არის უკეთესი. მათ უნდა შეიმუშაონ მექანიზმი გადაწყვეტილებების მისაღებად. მამაკაცებს ხშირად უწევთ დედასა და მეუღლეს შორის არჩევანის გაკეთება, ასევე უწევთ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა ქალბატონებს შორის. ის დიდი ენერგია და სიყვარულის უნარი, რომელიც მათ აქვთ, არ არის ბოლომდე ფორმირებული. სჭირდებათ პრინციპების სწორად შერჩევა, ფასეულობების და ღირებულებების გააზრება. მათი ცხოვრება ძალიან ცვალებადია. ერთმა პატარა მოქმედებამ ისინი შეიძლება ნეგატიურ განწყობაზე დააყენოს ან პირიქით გააბედნიეროს. მათ ვურჩევ, არ დანებდნენ, მიიღონ გადაწყვეტილებები, ოღონდ ინტუიციურად ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რადგან ლოგიკა აუცილებელია. მათ მეტი წინდახედულობა მართებთ. მათი მთავარი თილისმა ვაშლის ხეა და მათ აუცილებლად უნდა დარგონ ვაშლის ხე, ეს მათ ჯანმრთელობას და წარმატებას აძლიერებს. თუ ვაშლის ხის ნაწილს ჩანთით ან საფულით ატარებენ, ეს მათ წარმატებას მოუტანს. ასევე მათი სიმბოლოა დავითის ვარსკვლავი და შეუძლიათ ეს სიმბოლოც ატარონ. ისინი ხშირად იცვლიან სამუშაო სფეროს. ხშირად, 30 წლის მერე, მათ ცხოვრების საერთოდ სხვა რიტმი უდგებათ, ეს არ არის საშიში, ეს არის განახლება, რომელიც უნდა მიიღონ.

შვიდ რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან მოქნილები, სწრაფები, ინტერესიანები არიან, მაგრამ აქვთ უცნაური უარყოფითი თვისება, გარბიან ყველაფრისგან, უჭირთ მიაღწიონ სტაბილურობას. ამ ადამიანებს ბედისწერამ წარმატების „გასაღები“ არგუნა. შეუძლიათ ბევრი საქმის ერთად კეთება, ეს მათი უნიკალური უნარია. გადაღლის და ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიფიტონ. მათ ხშირად აქვთ შინაგანი კონფლიქტი, ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა გაჩერდნენ ერთ ადგილას და დაფიქრდნენ რას აკეთებენ და სჭირდებათ თუ არა ეს. ეს ადამიანები ბედნიერები არიან. გამოირჩევიან კარგი მეტყველების უნარით. მათი თილისმა შვიდქიმიანი ვარსკვლავია, ის მათთვის წარმატების ენერგიას იზიდავს. მათ ვურჩევ ყოველ დილით 9 ყლუპი წყალი დალიონ, კონკრეტული სურვილის ჩაფიქრებით. ამ რიტუალის გაკეთება ყველას შეუძლია, მაგრამ 7 რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვის აუცილებელია. (რიტუალი იხილეთ ვიდეოში) ფიზიკური აქტივობებით დაკავება მათი გაქცევების ინტენსივობას შეამცირებს.

რვა რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ბედისწერამ ერთ წრეზე სიარული არგუნა. მათ ხშირად უწევთ სხვადასხვა სიტუაციებში გამოსავლის პოვნა. მნიშვნელოვანია არ გახდნენ დამოკიდებულნი გარკვეულ მოვლენებზე. თუ რთული პერიოდი უდგებათ, ეს შედარებით დიდი ხნით გრძელდება. მათ უნდა გადააფასონ და გაიაზრონ თუ რას აკეთებენ. ისინი ნაკლებ რისკიანები არიან. არიან ტკბილად მოუბარნი. მათ დიდი ძალა აქვთ. მათ შეუძლიათ: მართონ ფინანსური მიმართულებები, განსაზღვრონ როგორ განვითარდება მოვლენები, შეარჩიონ სწორი სტრატეგია. აქვთ რეალობის ფორმირების ძალიან კარგი უნარი. ქალბატონებს, რომლებიც 8 რიცხვში დაიბადნენ, ძლიერი მამაკაცური ენერგია აქვთ. პარტნიორულ ურთიერთობაში ხშირად უჩნდებათ დომინირების სურვილი, რაც არც თუ ისე კარგია მათთვის, რადგან შემდეგ ყველა ფუნქციის საკუთარ თავზე აღება უწევთ. ხშირად მათი პარტნიორი ვერ უძლებს მათ ენერგიას. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაზე სწორად შეუძლიათ საქმეების კეთება, ამიტომ უჩნდებათ ყველგან ჩარევის და ყველაფრის მართვის სურვილი. ხშირად ისეთ წრეს კრავენ გარშემო, რომ შემდეგ გამოსვლა უჭირთ. გააცნობიერეთ, როგორი ცხოვრება გინდათ, რომ გქონდეთ, გინდათ, რომ თქვენზე იზრუნონ თუ გინდათ, რომ თავად იზრუნოთ ყველაზე. მათ უჭირთ ბალანსი, არიან რადიკალურები. მათი ძლიერი მხარეა კომუნიკაცია, მმართველობა, აქვთ ენერგია, რომელიც წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. 8 რიცხვში დაბადებული ადამიანების წარმატების სიმბოლოა ქამარი. შესაძლებელია ქამარს მიენიჭოს თავდაცვის მნიშვნელობა. მათ ხშირად უნდა გაანალიზონ და დაფიქრდნენ, ისეთ წრეზე ხომ არ დადიან, რაც მათთვის საზიანოა, ისეთ სიტუაციაში ხომ არ გაეხვივნენ, რომელიც მათ ენერგიას აკარგვინებს.  ეს ადამიანები ძირითადად კეთილები, მზრუნველები არიან.

ცხრა რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ემოციურები, მგრძნობიარეები არიან. ეს ადამიანები ხშირად აკავშირებენ ერთმანეთთან სხვა ადამიანებს. არიან კარგი ფსიქოლოგები. მათ ხშირად მიმართავენ რჩევისთვის. აქვთ დაკვირვების არაჩვეულებრივი უნარი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დეტალებს, მანერებს, განწყობას, თვისებებს, მოვლენებს და ა.შ. ხშირად არიან მიდრეკილნი მავნე თვისებებისკენ. არიან დეპრესიულები, ახასიათებთ ემოციების გამძაფრება და პატარა პრობლემების დიდად გადაქცევა, აღქმა. ვურჩევ, არ დაკარგონ სამყაროს ადეკვატური აღქმა. მათზე დადებითად მოქმედებს რელიგიური, ფსიქოლოგიური, ცნობიერების განვითარებისთვის საჭირო ლიტერატურის შესწავლა. ურთიერთობაში ეჭვიანები არიან. უყვართ საკუთარ პარტნიორზე დაკვირვება. ხშირად უჭირთ ურთიერთობის სასიყვარულო ფაზაში გადაყვანა, რადგან აგებენ ბარიერს, რომელიც პოტენციურმა პარტნიორმა უნდა გადალახოს, რათა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია მისთვის ბრძოლა. 9 რიცხვში დაბადებული ადამიანები წარმატებას აღწევენ ქოუჩინგში. არიან კარგი მოსამართლეები და ადვოკატები, რადგან დიდ ყურადღებას აქცევენ დეტალებს. მათ იციან, სად მიმართონ თავიანთი ენერგია. ხშირად ფიქრობენ და ნერვიულობენ იმაზე, რომ ადამიანები მათ ვერ ხედავენ, ვერ აღიქვამენ ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან.

ათ რიცხვში დაბადებულ ადამიანებთან ბედისწერის საინტერესო განვითარება გვაქვს, ამ დაბადების თარიღში ჩადებულია შემდეგი კოდი „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. თქვენი მოქმედებები თქვენს ბედისწერას აფორმირებს. ნუმეროლოგიაში, ეს თეთრი მაგიის სიმბოლოა, რადგან მათი მოქმედებები, მათი სიტყვის ძალა ბევრ რამეს ცვლის და ბევრ ენერგიაზე უფრო ძლიერია, ხშირად სრულდება მათი ნათქვამი. აქვთ დადებითი ენერგია, რომლითაც რეალობის შეცვლა შეუძლიათ. მათ ხშირად შეიძლება შეექმნათ პრობლემა იმ მხრივ, რომ გაუჭირდეთ კონკრეტული მიზნების მიღწევა, ვერ მიიღონ მათთვის სასურველი შედეგი. მათ მოსმენის კარგი უნარი აქვთ. არიან დაკვირვებულები, წინდახედულები. არ არის სასურველი აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება, ეს აუცილებლად ბოროტად იმოქმედებს. ისინი მიდრეკილები არიან მავნე ჩვევებისკენ. მათი ბედისწერა ძალიან ქაოსური, მაგრამ მოქნილია. ეს ადამიანები ხშირად აღწევენ წარმატებას, მათ ცხოვრებაში მოდის „ჯეკპოტი“ სიყვარულშიც, კარიერაშიც. მათი მთავარი კარმული მისიაა, ისწავლონ არსებულის შენარჩუნება.

თერთმეტ რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან სამართლიანები არიან, თუმცა ამავდროულად არიან გულუბრყვილოებიც. მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ ექცევიან სხვები, რამდენად სწორად. სამართალი შერჩევითია, ამიტომაც ხშირად მათი წარმოდგენები და სამართლის აღქმა განსხვავდება სხვა ადამიანების წარმოდგენებისგან. ხშირად შინაგანი დისბალანსი ექმნებათ, რადგან ფიქრობენ, რომ არასწორად ექცევიან სხვები, შეიძლება ძალიან სწორადაც ექცეოდნენ, მაგრამ ეს ქცევა მათთვის არ იყოს მისაღები. შეუძლიათ ერთდროულად ბევრი საქმის კეთება და პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება.

თორმეტ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს სამყაროს ძალიან უცნაური აღქმა აქვთ. ვურჩევ, არ დაუჯერონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან ის მათზე ბოროტად შეიძლება აისახოს. ხშირად ისეთი ამბები ეწოდებათ, რომ მათზე რეაგირება, მათ ბედისწერას ცვლის. სხვანაირი თვალებით უყურებენ სამყაროს. არიან თავისუფლები, მოქნილები, ენერგიულები. მათ სჭირდებათ მიზანი ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად, უნდა იცოდნენ, რა არის მათი მისია. მათ აუცილებლად სჭირდებათ პარტნიორი, სჭირდებათ ოჯახის წევრი, ადამიანი, რომლისთვისაც რაღაცას გააკეთებენ. თუ 12 რიცხვში დაბადებული ადამიანი გყავთ ოჯახში, იცოდეთ, რომ უნდა აქოთ ისინი, მათ ეს აუცილებლად სჭირდებათ, რადგან მათ უნდა იცოდნენ, რომ სწორია, რასაც აკეთებენ. მათ ადვილად შეუძლიათ ადაპტაცია, ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადაწყობა და ა.შ.

თოთხმეტ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს დიპლომატიური ნიჭი აქვთ, მაგრამ ხშირად მაინც არ ესმით მათი. მათი შინაგანი ბალანსი ხშირად ირღვევა, რადგან ეს ადამიანები ურთიერთობაში, სოციუმში საკუთარ თავს სხვანაირად წარმოაჩენენ, შინაგანად კი განსხვავებულები არიან და უჭირთ ხოლმე დაიჭირონ, სად არიან ნამდვილები და სად არა. ამ ადამიანებს ვურჩევ მათი მფარველი ანგელოზის, მთავარ ანგელოზ რაფაელის ხატი ატარონ საფულით, ეს მათ ბედნიერების მიღწევაში დაეხმარებათ. მათ დაბადების თარიღში ძალიან კარგი რესურსებია, არის ბედნიერება, ენერგეტიკული სიძლიერე, მიზანსწრაფულობა. არიან იდეალური მეგობრები და კარგი პარტნიორები. არასდროს გადავლენ ზღვარს ურთიერთობაში. მომთმენები არიან, ბევრი რაღაცის მოთმენა შეუძლიათ, მაგრამ შეიძლება ერთიანად გამოიტანონ შემდეგ ეს ყველაფერი გარეთ. საკმაოდ სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას.

თხუთმეტ რიცხვში დაბადებულ ადამიანებთან მაისობის პერიოდში აქტიურდება ურთიერთობები, სიყვარული. მათზე ამბობენ ხოლმე ურთიერთობის სულები არიანო, რადგან ყოველთვის ბევრი ადამიანია მათ ირგვლივ. კარგად გამოსდით ურთიერთობა, კომუნიკაცია, ერთმანეთთან აკავშირებენ ადამიანებს. 15 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს კარგად გამოსდით ბიზნესი. მიდრეკილები არიან მავნე თვისებებისკენ, დამოკიდებულებებისკენ. თუ თქვენ ყოფილ პარტნიორზე ხართ დამოკიდებული, ეს აუცილებლად შეგიშლით ხელს. თუ თქვენი ცხოვრებიდან წარსულს არ გაუშვებთ, ვერ მიიღებთ ახალ რეალობას. მათ აქვთ უნიკალური უნარი, შეუძლიათ, რომ არაფრისგან ყველაფერი შექმნან.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მეათე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g